დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილი ნაციონალებისა და დაპირებების პირისპირ
2012/10/25 14:54:12

კითხვა: როდის?     პასუხი:  მომავალში!

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 25 ოქტომბერს  საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა და და  ქართული ოცნების  სამოქმედო პროგრამა და მისი მინისტრები დაიცვა.  შეხვედრა  ლამის  პრესკონფერენციის რეჟიმში მიმდინარეობდა.  ნაციონალების კითხვებში  ხშირად ფიგურირებდა კითხვა: როდის?;  ივანიშვილის პასუხებში კი - მომავალში!  

როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილის გამოსვლის  შეფასებაც  განსხვავებულია.  უმრავლესობას მოსწონს, უმცირესობას არა.

ნაციონალები ითხოვენ დანაპირებების შესრულების ზუსტ დროს.  ქართულ ოცნებას  ბიუჯეტის შესაძლებლობეში და დროში გარკვევა  სჭირდება.

 

როდის იქნება პენსია 220 ლარი? 

ბიძინა ივანიშვილი:  დიახ, ეს განცხადება ჩვენი საპროგრამო განაცხადია.  ყურადღება  მივაქციოთ, რომ ჩვენ დროზე არ გაგვიკეთებია განაცხადი. დრო  არ დაგვიფიქსირებია. ჩვენ დავაფიქსირეთ,  რომ ჯანდაცვა დაიწყებოდა მოსვლისთანავე.  მე ზუსტად ვერც დღეს ვერ დაგიკონკრეტებთ ამას. ეს დამოკიდებულია ჩვენს მიერ ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნეს-პროექტების განხორციელებაზე.  მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს უახლოეს წლებში იქნება.

რა ღირს საყოველთაო ჯანდაცვა?

ბიძინა ივანიშვილი:  მე დიდხანს ვიკავებდი თავს წინასაარჩევნო პროგრამაზე ხელის მოწერისგან, რაკი არ ვიცოდი ბიუჯეტის რეალური შესაძლებლობები. ეს კითხვა დიდი ხანია ისმის. თუ არ იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ბიუჯეტში გამოინახოს ეს თანხები, მე ვთქვი, რომ ჩემი თანხებით დავაფინანსებდი. საჭიროა, რომ ეს იყოს კანონის ფარგლებში.  ალბათ, იცით იმის შესახებ, რომ მე წლების განმავლობაში ვაფინანსებდი პარლამენტს, შსს-ს და თავდაცვას. იცით, ალბათ, ამის შესახებ.  მაშინ  ეს ყველაფერი კანონიერი იყო. ჩვენ გვაქვს სათადარიგო გზები და ჩვენ ამას გამოვიყენებთ ისე, რომ ეს იქნება კანონიერი და კულტურული.

როდის დაიწევს გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები და რამდენით?

ბიძინა ივანიშვილი: „უკვე გვაქვს ციფრები, რა ფასად ვყიდულობთ გაზს, რამდენი გვეკუთვნის უფასოდ, როგორია გაზის კომერციული ფასი, რომელსაც აზერბაიჯანისგან ვყიდულობთ, საშუალო ფასი დისტრიბუციამდე დაახლოებით 143-153 დოლარია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ არიან კომპანიები, რომლებიც ფასს ხელოვნურად ზრდიან. მოგვიანებით გაიგებთ ამას. ასეთივე წარმოდგენა გვაქვს ელექტროენერგიაზე, რომ ხშირად ტარიფები ხელისუფლების წევრების კომპანიების ხელოვნური ჩართულობითაა გაზრდილი. ამის საფუძველზე არსებობს რეზერვი, რომ ტარიფები დაიწიოს. მომავალში ამისთვის საჭირო იქნება მართვის ოპტიმიზაცია. მომავალშიც უნდა მოვახერხოთ, რომ ჰესების მეპატრონე ქვეყნისთვის ელექტროენერგია იყოს უფრო იაფი და არ იდგეს ევროპის განვითარებული ქვეყნების ფასებთან ახლოს. იმ კომპანიების ჩამოშორებით, რომლებიც ფასების შექმნაში მონაწილეობენ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ტარიფების დაწევა. რა რაოდენობით, ამაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ კლების ტენდენცია მომავალშიც სწორი ეკონომიკური გათვლებით შესაძლებელი იქნება.

როდის და რამდენით დაიწევს საკრედიტო  პროცენტები?

ბიძინა ივანიშვილი:  რაც შეეხება კრედიტების დაწევას, ეს ხელოვნურად ვერ მოხდება. ის ინვესტიციები, რომლებიც  ჩვენ უნდა მოვიზიდოთ, ზეგავნელას მოახდენს  საკრედიტო ბაზარზე.  ეს ბაზარმა და  ეკონომიკამ  უნდა დაარეგულიროს.  კანონით ამის დარეგულირება შეუძლებელი იქნება. ძალიან ბევრი ოჯახი ქუჩაში რჩება  იპოთეკური სესხების გამო. თავის მხრივ, ბანკებიც დატვირთული არიან ამ ქონების რეალიზაციით. ვეძებთ მექანიზმს  ამ პრობლემის გადასაჭრელად. თან ისე, რომ კომერციული ბანკები არ დააზარალონ

 

როდის დაიწყება სოფლის მეურნეობის პროგრამა?

ბიძინა ივანიშვილი: „მთავრობაში მოსვლის პირველივე დღიდან შევისწავლით ჩვენი ბიუჯეტის რეალურ შესაძლებლობებს და იმას, რაც არ იქნება შესაძლებელი, რომ დაფინანსდეს ბიუჯეტიდან, იგივე გზებით მოვახერხებთ. ამ ფონდს კანონიერი გზით აუცილებლად დავაფინანსებთ, ეს პროგრამა მალე ამოქმედდება. დაფინანსების წყარო იგივეა -ბიუჯეტს გარეთ. ჩვენ მოვიზიდავთ საჭირო თანხებს და შესაბამისად მომავალი ფინანსთა მინისტრი მართალი იყო, როცა ამ განცხადებას აკეთებდა.  მე მოვახერხებ და ამ ფონდს აუცილებლად დავაფინანსებ. 

როდის მიიღებენ სტიქიით დაზარალებულები  დაპირებულ 4700-ლარიან კომპენსაციებს?

ბიძინა ივანიშვილი: კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი სრულად აუნაზღაურდება. ბიუჯეტის შესაძლებლობის ანალიზის შემდეგ, თუ ამ თანხების მოძიება შესაძლებელი არ იქნება, წყაროები მოიძებნება ან საქველმოქმედო ფონდიდან, ან სხვა კანონიერი გზით და აუცილებლად მოხდება დანაკლისის სრულად ანაზღაურება. 
მე არავის დავპირებივარ 4700 ლარს. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში ეს 50 ათასი იყოს, შესაძლოა  ნაკლებიც.  

ელისო გოლეთიანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია