დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„არაფერი ესაქმება პროკურატურას ბიზნესთან!“
2012/10/22 12:57:47

გენერალური პროკურორობის კანდიდატ არჩილ კბილაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ გაზეთ P.S.-ს

 

„შეხება ბიზნესსა და პროკურატურას შორის იქნება სამწუხარო და იქნება მაშინ, როდესაც ესა თუ ის ბიზნესწრე დაარღვევს კანონს - ვთქვათ, არ გადაიხდის გადასახადს, ადგილი ექნება ფულის გათეთრებას, ან სხვა ისეთ ოპერაციას, რაც აკრძალულია კანონით. ურთიერთობა პროკურატურასა და ბიზნესს შორის, როგორც წესი, არ უნდა არსებობდეს. არაფერი ესაქმება პროკურატურას ბიზნესთან, ჩვეულებრივ და ნორმალურ ვითარებაში“ - ასეთი მესიჯი გააჟღერა მომავალმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.  

მისივე თქმით, პროკურატურა არ უნდა უწყობდეს ხელს მონოპოლიებს, არ უნდა ირჩევდეს თავისიან და სხვის მომხრე ბიზნესმენებს, არ უნდა აიძულებდეს ბიზნესს, ფული იხადოს სამთავრობო ღონისძიებებში, ან ამა თუ იმ პარტიის ანგარიშზე. „ის, რაც გუშინდელ დღემდე ჩვენი ყოფა და რეალობა იყო, პროკურატურამ არ უნდა გააკეთოს,“ - განაცხადა ბატონმა არჩილ კბილაშვილმა. 

როგორი იქნება მომავალი პროკურატურა და რას შეცვლის ახალი ხელისუფლების კანდიდატი, ამის თაობაზე გაზეთი „P.S.“ ესაუბრა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, ყოფილ ადვოკატს  არჩილ კბილაშვილს. 

 

- ბატონო არჩილ, პირველ რიგში, რა უნდა გააკეთოთ მთავარი პროკურორის რანგში და რა იქნება შესაცვლელი ამ სტრუქტურის მუშაობაში? 

- სამი ძირითადი მიმართულება იქნება - ზოგი ტრადიციული და ზოგიც სიახლე. ტრადიციული იქნება ის, რომ პროკურატურა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს დანაშაულთან ბრძოლას - შემოვა კონკრეტული განცხადებები კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე და მას გამოიძიებს. მეორე, რაც სიახლე იქნება - გენერალურ პროკურორთან შეიქმნება სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს იმ პირთა განცხადებებს, ვინც თვლის, რომ 2004-2012 წლებში  გახდა უკანონო განაჩენის მსხვერპლი. მაგალითად, მას არ ჩაუდენია დანაშაული და მაინც დასაჯეს, ან ჩაიდინა, მაგრამ არაადეკვატურად დასაჯეს  იმ გზით,  რომ  ციხეებში ან სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში გახდა წამების, ცემის ან სხვა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ასევე, შეიძლება, სულაც არ ყოფილა  სისხლის სამართლის საქმე წარმოებული, მაგრამ აიძულეს,  რომ თუნდაც ნოტარიუსთან მისულიყო და საკუთრება დაეთმო. ასეთი  ადამიანების განცხადებებს  შეისწავლის სპეციალურად შექმნილი დეპარტამენტი, რომელიც იქნება მაღალი რეპუტაციის და საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პროფესიონალი  იურისტებისაგან შემდგარი და ეს ჯგუფი თუ მივა იმ აზრამდე, რომ ეს განაჩენი არის უკანონო, მაშინ დადგება შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე და ეს უკანონო განაჩენი გადაისინჯება, ან გაუქმდება.

- არის თუ არა დღევანდელ კანონმდებლობაში სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მექანიზმი, თუ ამას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება?

- ასეთ რამეს კანონი არ ითვალისწინებს და შეუძლებელიც იყო, კანონს გაეთვალისწინებინა ის, რომ უკანონობები ჩადენილი ყოფილიყო  პოლიტიკური ხელწერით.  ჩვენთან  სტილი იყო ასეთი  და მას კანონი ვერ გაითვალისწინებდა,  ამიტომაც კანონის შეცვლა მოგვიწევს ამ მხრივ.

- როგორი იქნება თქვენი საკადრო პოლიტიკა?

- პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, დეპარტამენტების და  სამმართველოების უფროსები და ცენტრალურ აპარატში მოადგილეები  დატოვებენ პოსტებს. ასევე, ხელმძღვანელები და მოადგილეები საოლქო დონეზე - დატოვებენ თანამდებობებს  და იქ დაინიშნებიან ახალი ადამიანები. თანამდებობებს შეინარჩუნებენ ქვედა დონის პროკურორები, თუმცა, თუ იქნება ინფორმაცია ცალკეული დარღვევის შესახებ, მაშინ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ინდივიდუალურად.  ეს საზოგადოების განწყობაა, რომ პროკურატურა იყო ინსტიტუტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში, ძალადობრივი პოლიტიკის განხორციელებისათვის, და ამ ახალი ადამიანური რესურსებით ეს უნდა იქნას აღმოფხვრილი. ასევე, უნდა შეიცვალოს პოლიტიკური ნება, გათავისუფლდეს სასამართლო ზეწოლისაგან, გათანასწორდეს დაცვისა და ბრალდების მხარის უფლებები და ფუნქციები სასამართლოში, ადამიანის უფლებების პატივისცემა იყოს რეალური და არა დეკლარირებული. ვაპირებთ, გამოვიძიოთ ის სკანდალური შემთხვევები, რაც ხდებოდა ციხეებში და საპყრობილეებში. ასევე, გამოვიძიოთ ის გახმაურებული საქმეები, რომელიც დღემდე საზოგადოებისათვის არ არის დახურული - პრემიერ ჟვანიას გარდაცვალება იქნება ეს თუ გირგვლიანის მკვლელობა, აფრასიძეების თუ სხვათა საქმეები. აი, ეს არის სპექტრი იმ საკითხებისა, რომლითაც მოგვიწევს პირველივე დღიდან დაკავება.

- სასამართლო რეფორმა ახსენეთ და რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა შეიცვალოს - მარტო ის, რომ არ დარეკავს ხელისუფლება და პოლიტიკურ ზეწოლას არ მოახდენს, თუ სხვა ნაბიჯების გადადგმაც არის აუცილებელი?

- სასამართლო რეფორმის აუცილებლობა დღის წესრიგშია. აი, ის ხმების  55%, რაც დაფიქსირდა არჩევნებზე,  იყო ასევე „არა“  არსებულ სასამართლოს. ჩვენი, „ქართული ოცნების“, ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საზოგადოებაში იყო, რომ ქვეყანაში სამართალი არ არის, სასამართლო არ არსებობს. ჩვენი დამოკიდებლება, რა უნდა გაკეთდეს, ორ ეტაპად შეიძლება წარმოვიდგინოთ - ახლო დისტანციაზე და შორეულ დისტანციაზე. პარლამენტში გამარჯვება და აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვლა არ ცვლის სასამართლო ხელისუფლების წევრებს, ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ  გავაკეთილშობილოთ  მისი საქმიანობა,  რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ არ  გავაკეთოთ ის, რასაც ჩვენი წინამორბედი აკეთებდა - არ მოვაქციოთ სასამართლო პრესის ქვეშ, არ მოვითხოვოთ  მათგან  შეკვეთილი გადაწყვეტილებები  და მათ შეძლონ,  გადაწყვეტილება მიიღონ მტკიცებულებების და თავისუფალი  ნების საფუძველზე. ეს არის ახლო მომავლის გეგმა.

თუმცა, კარგად გვესმის ისიც, რომ დღევანდელ დღემდე სასამართლოს იმ მარწუხებში ისე  მოქცევა, რომელშიც იყო, შეუძლებელს ხდის, საბოლოო ჯამში, ამ კორპუსის ბოლომდე  შენარჩუნებას. ამიტომაც უკვე გადავდივარ შორეული დისტანციის გეგმაზე, როდესაც იუსტიციის სამინისტრო უახლოეს დროში შეიმუშავებს კანონპროექტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და იმ რეფორმის შედეგად მოხდება სასამართლო კორპუსის განახლება.  ბუნებრივია,  ახალი ადამიანები უნდა მოვიდნენ და მათ ერთი კრიტერიუმი ექნებათ - ისინი უნდა იყვნენ სუფთა თავიანთ პროფესიულ კარიერაში და არ ჰქონდეთ ასეთი ლაქები, რომელიც დღემდე შეიძლება ჰქონოდათ. მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ავიღოთ ვალდებულება, რომ ის ახალი კადრები არ დავდაღოთ და არ დავსვაროთ. ამას პოლიტიკური  ნება  სჭირდება. სასამართლოს და მოსამართლეს არც იარაღი გააჩნია,  არც პოლიცია და არც სხვა რამ, რომ ამ ხელისუფლებამ თავისი ძალაუფლება განახორციელოს.  მისი ძალაუფლება ხორციელდება აღმასრულებელი  ხელისუფლების ჯანმრთელი პოლიტიკური ნებით,  ვისაც ჰყავს შეიარაღება, ვისაც აქვს ძალა და, ასე ვთქვათ, დემონსტრირება შეუძლია ამისი. ამის გაკეთება გვინდა, რომ ეს პოლიტიკური ნება დავაფიქსიროთ, სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და გარკვეულ დროში ეს გადაიზარდოს კულტურაში. დღეს, როგორც, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს არ მოუვა თავში აზრად, რომ სასამართლოზე ზეწოლა განახორციელოს, იმიტომ, რომ იქ ეს კულტურაშია უკვე გადასული, ისე უნდა მივიდეთ საქართველოშიც იმ დონემდე.

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „იარაღი“ პროკურატურის ხელში იყო საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი. რა ბედი ეწევა ამ ინსტიტუტს?

- საპროცესო   შეთანხმება  გამოი-ყენებოდა ძალიან ცუდად და იყო რეპრესიის მექანიზმი. ვინც კი აღმოჩნდებოდა იმ დღეში, რომ საპროცესო შეთანხმება   უნდა   გაფორმებული-ყო,  მას  არჩევანი  არ  ჰქონდა - არგაფორმება ნიშნავდა უკანასკნელი სიმძიმის განაჩენს.  უბედურება იმაში იყო კიდევ - ამას ემატებოდა ის, მას უნდა ჩაეწერა თან, რომ ამას  ნებაყოფლობით აკეთებდა;  ეს ცინიზმი იყო. თუმცა, იმის გამო რომ ეს იარაღი ცუდად იქნა გამოყენებული, იარაღის ნაკლზე კი არ მეტყველებს, არამედ - ნების ნაკლზე. მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღით შეიძლება დანაშაულიც ჩაიდინო და დანაშაულისგანაც დაიცვა თავი. ამიტომ ამ ინსტიტუტს ჩვენ არ ვგმობთ, არ უარვყოფთ, უბრალოდ, ვამბობთ, რომ გავამყარებთ სასამართლო ხელისუფლებას და თუ თვლის ადამიანი, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, მაშინ აგერ სასამართლო და გაიმართლოს თავი. მეორეც, საპროცესო შეთანხმებაში მკაფიო უნდა გახდეს რამდენიმე მომენტი - ყველა კატეგორიის დანაშაულზე არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების გაფორმება და ეს უნდა დარეგულირდეს, რაც დღეს არ არის გაკეთებული; მეორე, ის, რომ საპროცესო შეთანხმების დროს თანხის ოდენობა დღეს პროკურორის ფანტაზიაზეა დამოკიდებული, ესეც არ უნდა იყოს და უნდა განისაზღვროს ლიმიტი  და საერთო  წესი; არ შეიძლება, პროკურორმა ჩათვალოს, რომ ეს გადამხდელია ორი მილიონის და ის გადამხდელია ორი ათასი ლარის. დღეს ასე ხდება. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი შენარჩუნდება, ოღონდ ის გაკეთილშობილდება და გაადამიანურდება.

- და ბოლოს, როგორია თქვენი პოზიცია ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსთან დაკავშირებით?

- დღევანდელი კონსტიტუციით, საპარლამენტო ქალაქი არის მხოლოდ ქუთაისი  და არ შეიძლება პარლამენტის სხდომის სხვაგან ჩატარება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ქუთაისი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ქუთაისი და თბილისი. ასეთი აკრძალვა მხოლოდ პრობლემების შემქმნელი არის. ეს პარლამენტარები ახლა რომ მიდიან, უნდა წავიდნენ და დაიწყონ ხვალ და ზეგ ბინების ქირავნობაზე სიარული; ახლა, დეპუტატმა იმაზე იფიქროს, იქ რომ ჩავა, კანონი მიიღოს, თუ ბინის ქირაზე? ეს მძიმეა, დამატებითი პრობლემაა, ყოველ შემთხვევაში - საფიქრალად, მოუწესრიგებელია. პარლამენტის გადატანა 300 მილიონზე მეტი დაჯდა. ეს ხარჯი, ჩემი აზრით, არ იყო გამართლებული, იმიტომ, რომ 300 მილიონი იგივე ქუთაისისთვის რომ დახარჯულიყო, გაცილებით უფრო დიდ სიკეთეს მოუტანდა ამ ქალაქს. მე ბაღდათელი ვარ და იქ გავიმარჯვე არჩევნებში, ამიტომ კარგად ვიცი  ქუთაისიც და ბაღდათიც...  ქუთაისში დღეს რა პრობლემაც არის, ესაა უმუშევრობის პრობლემა; 25 ათასზე მეტი ქალი რომ იქნება წასული ქალაქიდან, წარმოიდგინეთ, რა დღეშია ქალაქი და ამ დროს შენდება 300 მილიონიანი პარლამენტი და ის ხალხი ისევ გარეთ რჩება! რასაც ჩვენ ვფიქრობთ, - სოფლის მეურნეობაში მილიარდი დოლარის ჩადება, სოფლის ამუშავება - უკვე საშუალებას მისცემს ქუთაისს, როგორც ქალაქმა, ისეთი პროდუქტები აწარმოოს, რომელიც სოფელს დასჭირდება, ვთქვათ, მის ახლო-მახლო მდებარე იმერეთის სოფლებს...

- ანუ ქუთაისი უნდა იყოს სამრეწველო ცენტრი და არა - საპარლამენტო?!

- რა თქმა უნდა, იდეაში საპარლამენტოც შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ დღეს ეს არ იყო საჭირო. ის 300 მილიონი შეიძლებოდა, აი, ამ მიმართულებით დახარჯულიყო, 300 მილიონით იმერეთის სოფლის მეურნეობა ამოქაჩულიყო ძალიან მაგრად და იმერეთში თუ სოფლის მეურნეობა იმუშავებს, ქუთაისს უკვე სამრეწველო ფუნქცია დაუბრუნდებოდა. ეს არის, ძირითადად, მიმართულებების აცდენა - არის ფასადი, თავს იწონებენ რაღაც ბუკლეტებით, მაგრამ ეს სილამაზე იმ ხალხს არ შველის, ვთქვათ, ბჟოლებში რომ სხედან და სამუშაო არა აქვთ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია