დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დემურ გიორხელიძე: „დღეს მთავრობის შეფასება შეუძლებელია...“
2012/10/22 12:57:00

სულ მალე საქართველოს ახალი ხელისუფლება და ახალი მინისტრთა კაბინეტი ეყოლება. ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობა უკვე დააკომპლექტა  და ჯერი პარლამენტზეა.

 

გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიერ მთავრობის დაკომპლექტების პროცესი გაჭიანურდა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ მინისტრთა კაბინეტში „კარუსელიც“ კი დატრიალდა და კახი კალაძის კანდიდატურა სხვა თანამდებობაზე გადაანაცვლეს, ხოლო ჯანდაცვის მინისტრი საერთოდაც შეიცვალა. ამას მოჰყვა კონსულტაციებში მონაწილე პირთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ ეკონომიკური გუნდის წარდგენა კადრების სიმწირის გამო გაჭიანურდა.

წარმოდგენილი კანდიდატურების და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასება გაზეთმა „P.S“-მა ბატონ დემურ გიორხელიძეს სთხოვა, რომელიც კოალიცია  „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ  პროგრამაზე მომუშავე თემატურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

- ბატონო დემურ, პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ წარმოდგენილ მომავალ მინისტრთა კაბინეტს? 

- მე ვფიქრობ, რომ მთავრობა უნდა შეფასდეს შედეგების მიხედვით.  ამიტომ უნდა დაველოდოთ. დღეს მთავრობის შეფასება შეუძლებელია. ვის ვინ მოსწონს და ვინ არა, ეს არის მეათეხარისხოვანი. არის პოლიტიკური ჯგუფი, გამარჯვებული არჩევნებში, მათი კონსტიტუციური უფლებაა - აირჩიონ ის ადამიანები და წარადგინონ, რომლებიც მიაჩნიათ მართებულად. მე სულაც არ მაინტერესებს პერსონალურად ვინმე, თუმცა შესანიშნავად ვიცნობ ძალიან ბევრს, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ახლა მთავარია, შედეგი იყოს.

- ჯერ შედეგი არ არის, რა თქმა უნდა, თუმცა დღეს კანდიდატები საუბრობენ, თუ რა ხედვა აქვთ და რას გეგმავენ...

- პირდაპირ გეტყვით, ჯერჯერობით, მე მათგან არ გამიგონია სამოქმედო გეგმაზე საუბარი. რაც ერთი დღის განმავლობაში გავიგონე კანდიდატებისგან, გითხრათ სიმართლე, ძალიან შემაშფოთებელია - იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ძალიან შორს არის იმ სფეროს  მინისტრის დონეზე მართვისაგან, რა სფეროსაც ისინი უნდა ჩაუდგნენ სათავეში; ადამიანებმა დაიწყეს საქმეზე ლაპარაკი და უკვე დიდი შეშფოთებაა ჩემშიც და ბევრ ადამიანშიც. არ შეიძლება იყოს საუბარი, ზოგადად, მაშინ, როდესაც შენ გმართებს ღრმად, პროფესიულად ისაუბრო. რატომ იცით?!  არსებობს საქმის გლობალური ხედვა, არსებობს საქმეში პრიორიტეტები და აქცენტები, არსებობს გადაწყვეტის გზები და შედეგები, რომლებზეც შენ წარმოდგენა უნდა გქონდეს.

როცა ზოგადი ფრაზებით ხდება ფუნდამენტალურ საკითხებზე საუბარი, მე უკვე ამას ძალიან შეშფოთებით ვაფასებ. საქართველოში, ბოლშევიკებიდან მოყოლებული, ერთმანეთისადმი უპატივცემულობის, ერთმანეთის ნიჭისა და უნარის შეუფასებლობის შედეგია ის, რომ ვიღაც ბრიყვები გამოდიან და ამბობენ,  საქართველოში თურმე პროფესიონალები არ ყოფილან და კადრების სიმწირეა! მერწმუნეთ,  არ მეგულება საქართველოში დღეს სფერო, სადაც ასი კაცი არ მოიძებნოს თითოეულ სამინისტროში, რომელიც შესანიშნავი მინისტრი იქნება. მთავარია, გინდოდეს და ძიების არეალი გქონდეს სწორად განსაზღვრული. თუ შენ  შეზღუდავ ძიების არეალს, შენს ახლობლებში და შენს მაამებლებში, ან მაამებლების მაამებლებში ეძებ ამ კანდიდატს, მაშინ იქნება პრობლემა...

პიროვნულად შესანიშნავები არიან, არანაირი პრეტენზია პიროვნულად არ შეიძლება მქონდეს, ახლა ვნახოთ, რას გააკეთებენ. მე, როგორი კარგი ბიჭიც არ უნდა ვიყო, იმ საქმეში, რასაც საჯარო საქმე ჰქვია, ჩემი პერსონალური სიკარგით კი არ უნდა განსაზღვროთ ჩემი მოქმედება, არამედ - რას გავაკეთებ  რეალურად. შეიძლება ვიყო ძალიან ცუდი ხასიათის ადამიანი, მაგრამ შესანიშნავად ვაკეთო საქმე. აი, ამ კრიტერიუმით თუ მივუდგებით, ვერაფერს ვიტყვი, ადამიანებს ჯერ გადაწყვეტილებაც არ მიუღიათ. გააკეთონ და ღმერთმა ქნას, რომ ყველა წარმატებული იყოს. გიჟი უნდა იყო კაცი, რომ არ უსურვო წარმატება.

- თქვენი აზრით, რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახალი ხელისუფლება დადგება?

- ახალი ხელისუფლება დგას ფუნდამენტალური პრობლემების წინაშე: ეკონომიკა არის კატასტროფის პირას მისული; საქართველოს მოქალაქეთა ნახევარზე ცოტა მეტი ან ღარიბია, ან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს; ქვეყანა არის დეინდუსტრიალიზებული; უმუშევრობა აღწევს 72%-ს; შემოსავლები არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეების  70%-ს;  განადგურებულია სოფლის მეურნეობა; მცირე და საშულო ბიზნესი სულს ღაფავს, არადა მხოლოდ მათ შეუძლიათ დასაქმების უზრუნველყოფა. ასეთ სიტუაციაში, როცა დრო ძალიან ცოტაა, ხელისუფლებას უწევს ცაიტნოტში მუშაობა და, თანაც, რამდენიმე მიმართულებით; ყველაფერი ერთდროულად უნდა აკეთოს.

 ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა რესურსი დახვდება ხელისუფლებაში მოსულ ახალ პოლიტიკურ ძალას, ეს უნდა დაითვალოს. ის, რასაც ჩვენ გვეუბნებოდნენ ამ 9 წლის განმავლობაში, გარკვეულად, იყო შელამაზებული სტატისტიკის ბრალი. ახლა, როდესაც მიადგები საქმეს და რეალურად გინდა დათვალო, სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი თანხები გჭირდება - პენსიები და სხვა აუცილებელი გასაცემლები უნდა გადაიხადო; საიდან?!  ამ ქვეყანას ასე იოლად და ასეთი ხედვებით, რომელიც ჯერ კიდევ  არ ვიცით, ვერავინ გამოიყვანს. ამ ქვეყანას ამ სიტუაციიდან ვერ გამოიყვანს ვერც ერთი პიროვნება, როგორი დიდი ნებაც არ უნდა ჰქონდეს, თუ იგი სწორად არ იმოძრავებს. თუ სიტუაცია არ შეიქმნა ისეთი, რომ საქართველოში არსებული ინტელექტუალური რესურსის მაქსიმალური მობილიზაცია არ გაკეთდა, ამ ქვეყანაში იმხელა პრობლემებია, ამას ერთი ხელისუფლება კი არა, შეიძლება ორი ხელისუფლება აწი ერთად შეეწიროს.

- ამ პრობლემების ფონზე, საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი მოლოდინებია ახალი ხელისუფლების მიმართ...

- მოლოდინები არის უზარმაზარი. ახლა ყველაზე ცუდი იქნება თუ ქართველ ხალხში ფრუსტრაციები გაჩნდება. ეს არ უნდა მოხდეს!  გასაგებია, რომ ადამიანებმა იციან, ორ,  სამ თვეში და ხუთ თვეში ყველაფერი ვერ მოგვარდება, მათი კეთილდღეობა უზრუნველყოფილი არ იქნება, მაგრამ მთავარია გასაკეთებელი და ამას უნდა მიხვდეს ყველა, ვინც კი ხელისუფლებაშია - ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ იგი შეცვლილ გარემოში იწყებს ცხოვრებას, მას თუ შრომა უნდა, იგი შრომის უფლებას შეუზღუდავად მიიღებს; თუ გაინძრევა, მას ბიუროკრატია არ შეჭამს, მონოპოლიები არ შეჭამს, რომლებსაც სახელმწიფო სტრუქტურები დანაშაულის დონეზე იცავდნენ და ანგრევდნენ მცირე და საშუალო ბიზნესებს;  ეს თუ არ იგრძნო ადამიანმა, საბაჟოზე თუ ასეთი განუკითხაობა იქნა, ადმინისტრაციული ორგანოები თუ ასე განუკითხავად მიადგნენ, თუ ქონება დაუცველი იქნა, მაშინ ჩვენ რას უნდა ველოდოთ, კარგს არაფერს!  თუმცა,  რაც მე ახლა ჩამოგითვალეთ, ეს რომ აამუშაოთ ისე, რომ ადამიანზე სასარგებლოდ მუშაობდეს, ამას დრო უნდა. დრო კი ყველაზე კრიტიკული მომენტია დღეს ხელისუფლებისათვის.

- ეს დრო განსაკუთრებით კრიტიკული იმის გამო ხომ არ არის, რომ  ნაციონალური მოძრაობა შეეცდება ამის სათავისოდ, რევანშისთვის  გამოყენებას?!

- ჩვენ უნდა დავივიწყოთ სქემები - რევანში, რევოლუცია და ა.შ. პირველ ოქტომბერს მოხდა უდიდესი მოვლენა - საქართველოში ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი. ახალი ქართული სახელმწიფო შედგა, ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ არის ერი, რომელიც თავის მომავალზე ფიქრობს და მან იგრძნო, რომ ნებისმიერი ხელისუფლების მდგომარეობა დამოკიდებულია ხალხის განწყობასა და დამოკიდებულებაზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც თუ შენ თითოეულ იმ პიროვნებას, რომელიც ხელისუფლებაში იყო, წესიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს გზით, და არა ანგარიშსწორების გზით, არ დაუმტკიცებ დანაშაულს, მაშინ საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციაში გადასული, კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედი შენი თანამოქალაქეები, რომლებიც შეიძლება მე და შენ არ მოგვწონდეს, ხვალ რევანშს აიღებენ, - მაშინ ჩვენ უკვე ძალიან ცუდი მოქალაქეები ვყოფილვართ, მაშინ ჩვენ რევანშზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ იმაზე, რომ ეს ადამიანები, როგორც შეკრული პოლიტიკური ძალა, ყველანაირად ეცდებიან, პოლიტიკურ თამაშში მოუგონ ხელისუფლებას და თვითონ გახდნენ უმრავლესობა. ეს იქნება ჯანსაღი, ნორმალური პოლიტიკური პროცესი, თუ ხელისუფლება შეცდომებს დაუშვებს...  თუ შენ ადამიანს ვერ უმტკიცებ, რომ დამნაშავეა და ის პოლიტიკაში რჩება, მაშინ უნდა იფიქრო, რომ მან შეიძლება მოგიგოს ადრე თუ გვიან. ეს სხვა რეალობაა, ეს სხვა თამაშის წესია და ამიტომ ჩვენ უნდა დავანებოთ თავი, რომ ვიღაც რევანშისთვის ემზადება. უბრალოდ, ემზადება - ისევ უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს უკვე სხვა რეალობაა.

- ახალმა რეალობამ მოიტანა ისიც, რომ პურზე ფასები გაიზარდა...

- ეს ყველაფერი არის მონოპოლიური სტრუქტურის ბრალი! საქართველოში მთელ ეკონომიკას ხელისუფლების მხარდაჭერით განაგებდნენ მონოპოლიური ჯგუფები, რომლებიც ძარცვავდნენ საკუთარ ხალხს.  ხარ მდიდარი კაცი? ღმერთმა მოგახმაროს შენი სიმდიდრე, ამ ქვეყანაში სიმდიდრე უნდა იყოს წახალისებული, მაგრამ უნდა ეცადო, რომ შენმა ბიზნესმა, ერთი მხრივ, შენი კეთილდღეობა უზრუნველყოს, მაგრამ  არ უნდა გაძარცვოს შენი მოქალაქეები. სოციალური პასუხისმგებლობა თუ არა გაქვს შენ, თუ  მხოლოდ საკუთარ მოგებაზე, ზემოგებაზე ფიქრობ, ისე როგორც ფარმაცევტულ  ბიზნესშია, ისევე როგორც სხვაგანაა, - მაშინ შენ ორი გზა გაქვს - ან საზოგადოებაში იქნები ფულიანი კაცი და შენს მიმართ იქნება ზიზღი, ანდა შენ საზოგადოებაში იქნები ძალიან მაღალი სტატუსით, ძალიან მდიდარი და ძალიან კომფორტულად იგრძნობ თავს.  რომელი სჯობს? მე ვფიქრობ, რომ - მეორე. ამიტომ ამ ხალხს, უკვე წლებია, ვეუბნები - ისინი ისე საზიზღრად იქცევიან,  საკუთარ ქონებას  შვილებს და შვილიშვილებს ვერ გადასცემენ. იმიტომ, რომ სხვისი გაძარცვის ხარჯზე, საკუთარი მოქალაქეების გაღატაკების ხარჯზე მოპოვებულ ქონებას საზოგადოება, დღეს თუ არა, ათი და თხუთმეტი წლის მერე არ შეგარჩენს მაინც და  ყველას სამაგიეროს გადაუხდის  არა შურისძიების გზით, არამედ - გადაუხდის სამაგიეროს სამართლიანი გზით და განულებულ სოციალურ სტატუსს მიანიჭებს ასეთ ადამიანებს.

- „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ პროგრამაში გათვალისწინებულია, რომ  საარსებო მინიმუმი არ დაიბეგრება... ხომ არ იქნება მოსალოდნელი საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება ასეთ შემთხვევაში?!

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ სწრაფად დაიქოქება ეკონომიკა. მე არ მჯერა ჯადოსნური ჯოხების, ჯადოსნური ჯოხი არის ის, როდესაც შენ მოქალაქეს აძლევ საშუალებას, იშოვნოს და თავისი  შემოსავლით უზრუნველყოს საკუთარი თავი. ჩვენ ეს მოვსპეთ, ამ ხელისუფლებამ ეს მოსპო, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა. 2013 წელი რომ ახალი ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე იქნება, ყველა გრძნობს ამას, მაგრამ მე ყველა რესურსს ვხედავ,  რომ ეს 2013  წელი არ იყოს იმაზე უარესი, ვიდრე 2012 იყო. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, ორ-სამ თვეში ადამიანი კარგად იგრძნობს ყველაფერს, რომ სიტუაცია შეიცვალა. დღეს ადამიანს სჭირდება დადებითი ინფორმაცია, მას იმპულსები სჭირდება, თორემ 2013 წლის მარტში და აპრილში ის რომ გალაღებული არ იქნება და ათასობით  დოლარს ხელფასს ვერ მიიღებს, მე მგონი, ეს მე და თქვენ კარგად უნდა ვიცოდეთ. აქ მთავარია სიტუაციის შეცვლა. თუ ხელისუფლება ხალხს ამ იმედს გაუცრუებს, მერწმუნეთ, ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, არანაირი ხელისუფლება მარადიული არ არის, ვერც ერთი  პიროვნება ხელისუფლების სათავეში მარადიული ვერ იქნება, ამიტომ ყველა შეცდომა პოლიტიკაში იქნება გამოყენებული.

- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო ერთი წელი ქართული პოლიტიკური პროცესებისათვის?

- ერთი მთავარი რამ,  რაც საზოგადოებას კარგად არა აქვს აღქმული, ისაა, რომ  2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სისტემურად კარგად ორგანიზებული, ერთ მუშტად შეკრული, გადარჩენაზე ორიენტირებული პოლიტიკური ოპოზიცია გაჩნდა. ნაციონალური მოძრაობა დაიშლება მაშინ, თუ პოლიტიკური მოქმედება ხელისუფლების მხრიდან იქნება ძალიან რაციონალური პოლიტიკის ფარგლებში. ნაციონალური მოძრაობაც ასე იოლად გასატეხი კაკალი  არ იქნება, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში - ერთი წლის განმავლობაში. ამიტომ  ერთი წლის განმავლობაში არანაირი პროცესის დასრულებაზე არ შეიძლება საუბარი. მიდის ურთულესი პროცესი, ეს ეტაპი დასრულდება მაშინ, როდესაც პრეზიდენტი შეიცვლება. მანამდე ეს არის შეკრული, ერთიანი პოლიტიკური ძალა, ძალიან ძლიერი, რომელიც უკვე გაქექილია, არის ორგანიზებული, უნდა გადარჩენა, თავის შენარჩუნება - ახალგაზრდები არიან და ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ როგორ უნდა გამოიყენო ოდნავი შეცდომაც კი ხელისუფლებისა; აი, ასეთი თავისებურება აქვს ამ გარდამავალ პერიოდს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნორმალური, ეს არის პოლიტიკური პროცესი. მორჩენილია საქართველოში რაიმე სხვა მცდელობები, ამას ვერც დასავლეთი გაიგებს და ვერც ვერავინ  მსოფლიოში. გადმოგცეს ხელისუფლება,  ასე იყო თუ ისე, ახლა მთავარია, ამ ჩარჩოებში ვიმოქმედოთ ყველამ. ხელისუფლება ვალდებულია, სწორად იმოქმედოს, აბა, შეცდომებით თუ იმოქმედა, როგორ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. არის კიდევ ერთი პროცესი, რომელიც დაწყებულია. ყველა გრძნობს, რომ ეს ორპოლუსიანი სიტუაცია უნდა იქნას დარღვეული და ეს აუცილებლად დაირღვევა, აუცილებლად პარლამენტს გარეთ გაჩნდება სერიოზული პოლიტიკური ძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ურთულესი შედეგები მივიღოთ ამ ხელისუფლების ცვლილების შედეგადაც კი. ამიტომ ეს პოლიტიკური პროცესი რთული პროცესია, დაველოდოთ მოვლენებს და ჩვენც ვიმოქმედოთ,  ვის როგორ შეგვიძლია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1533
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია