დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„გრანდმოლში“ დასაქმებულები - გარემოვაჭრეების წინააღმდეგ
2012/10/15 12:33:54

ქუთაისის მერიის წინ 11 ოქტომბერს გარემოვაჭრეებმა აქცია მოაწყვეს. მათ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლში“ დასაქმებულებმა გარევაჭრობა აუკრძალეს.

 

გარემოვაჭრეების განმარტებით, ისინი ქალაქის მერიას ვაჭრობის ნებართვას მიმდინარე წლის ბოლომდე სთხოვენ. მათი თქმით, თითოეულ მათგანს ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული. იმ შემთხვევაში, თუ მერია მათ გარევაჭრობის ნებართვას არ დართავს, მოვაჭრეები ჩვეულ საქმიანობას მაინც გააგრძელებენ.„გრანდმოლის“ თანამშრომლებმა კი მერიაში საჩივარი შეიტანეს.           „გრანდმოლის“ ერთ-ერთმა მოვაჭრემ გარემოვაჭრის ქალიშვილი იმის გამო სცემა, რომ მან თავისი გასაყიდი საქონელი არ აიღო. „პოლიცია დაგვდევს და დედას გვაგინებს. რა ვქნათ, ოჯახები გვყავს სარჩენი და ვალებიც უნდა გავისტუმროთ. სავაჭრო ცენტრში შესვლა ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან იქ მაღალი ფასებია. ამიტომ, გარეთ ვაჭრობა მისაღებია. იქნებ დეკემბრის ბოლომდე მოგვცენ დრო, ან ჭავჭავაძის გამზირზე გამოგვიყონ ადგილი, დააწესონ გადასახადი 3 ლარის ოდენობით და იქ დავსხდებით,“ - ამბობს ნაცემი გოგონას დედა ნონა დანგაძე.

მერიის წინ შეკრებილ გარემოვაჭრეებს ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვასილ მებურიშვილი შეხვდა. მისი თქმით, ქუთაისში გარევაჭრობა აკრძალულია. მებურიშვილმა განმარტა, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გარემოვაჭრეების მისამართით დღეს რაიმე განსაკუთრებული ღონისძიება არ გატარებულა. „ამ ადამიანებმა თვითნებურად გადაკეტეს ტერიტორია და სხვადასხვა სავაჭრო ადგილი დაიკავეს. იქიდან გამომდინარე, რომ გარემოვაჭრეები ჩვენი თანაქალაქელები არიან, ადგილობრივი თვითმმართველობა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე, ე.წ. „კეჩის ბაზრობის“ დირექციას შეხვდება და გაარკვევს, რა პირობების შეთავაზება შეუძლიათ მათ გარემოვაჭრეებისათვის,“ - აღნიშნავს ვასილ მებურიშვილი.

ერთ-ერთი  გარემოვაჭრე რუსუდან გერაძე ამბობს: „ჩვენც ვიცით, აქ სავაჭრო ადგილი არ არის, მაგრამ ჩვენც რა ვქნათ. იქნებ პარლამენტის გახსნამდე გვადროვონ და შემდეგ სადმე ადგილი მოგვიჩინონ. თუ „გრანდმოლის“ მოვაჭრეებს საქონელი არ ეყიდებათ, ეს ჩვენი ბრალი არ არის, დაუწიონ ფასს და გაეყიდებათ“. ამაზე „გრანდმოლში“ მოვაჭრე მერაბ იობიძე მას ასე პასუხობს: ჩვენ ეს ფართები დაქირავებული გვაქვს. თუ რამე არ გავყიდე, ფართის საფასური როგორ გადავიხადო? იქნებ სხვა ადგილი ნახოთ სადაც სხვას ხელს არ შეუშლით. ჩვენც ოჯახები გვყავს სარჩენი!“

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია