დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილი ბიზნესმენებს: „თქვით, თუ ვინმე მოახდენს თქვენზე ზეწოლას“
2012/10/08 13:49:44

„ბიზნესმენებზე ზეწოლას ვერავინ გაბედავს!“ - ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

 

ბიზნესმენმა ნაზი ალასანიამ ივანიშვილს განუცხადა, რომ საშუალო ბიზნესს ყველაზე დიდი დახმარება სჭირდება, რადგან წლების განმავლობაში მასზე იყო ზეწოლა. ხელისუფლებაში ახლახან მოსული კოალიციის ლიდერის განცხადებით, სწორედ ის იქნება ამიერიდან იმის გარანტი, რომ  ვეღარავინ გაბედოს ბიზნესზე ზეწოლა.

„ოღონდ თქვენ არ დაექვემდებაროთ ზეწოლას. როგორც კი ვინმე მოახდენს ზეწოლას, თქვით, რომ ჩვენ შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მომავალი პრემიერ-მინისტრი არ ეთანხმება „ავერსის“ მფლობელის, პაატა კურტანიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში წამლის მონოპოლია არ არსებობს.

„როგორ გინდათ, დამაჯეროთ, რომ ქართულ ბაზარზე ფარმაცევტული მონოპოლია არ არის, როცა საჩხერის საავადმყოფომ ვერანაირად ვერ მოახერხა, სხვების ჩარევის გარეშე შემოეტანა წამლები. ეს ხელისუფლება არათუ კომპანიებს, ბაზარზე მდგარ წამლის გამყიდველებსაც კი აკონტროლებს,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პაატა კურტანიძის თქმით კი, სამწუხაროა, როცა „ავერსს“ ვინმე მონოპოლისტად მოიაზრებს, იმ დროს, როცა მისი მოგება მხოლოდ 5%-ს შეადგენს.

„მე არ მიკადრებია, რომ თქვენ მონოპოლისტი ხართ, მაგრამ მე მქონდა წამლის ბიზნესი რუსეთში, რომელშიც 100 მილიონიანი ინვესტიცია ჩავდე და, როცა გავყიდე, 60 მილიონი ავიღე. არავისთვის არის ახალი, რომ ფარმაცევტული ბიზნესი არარენტაბელურია. თუ თქვენ 5%-ს ასეთ პატარა ბაზარზე მაინც იგებთ, რასაც მე 15 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე, ეს უკვე ეჭვს იწვევს,“ - უპასუხა კურტანიძეს ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერის განცხა-დებით, საზოგადოებაში წამლის საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და მათზე პასუხი უახლოეს მომავალში გაიცემა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მონოპოლიებთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი აპირებს, შექმნას ანტიმონოპოლიური სამსახური და ამ კუთხით ქვეყანაში შექმნილი პრობლემები კანონის ფარგლებში დაარეგულიროს.

გაზეთ „P.S.“-ის დამფუძნებელმა ნატო გუბელაძემ ინფორმაცია გააკეთა ახლახან შექმნილ სიტუაციაზე, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ შექმნილ მონოპოლიურ გარემოს ეხება. კონკრეტულად: წელს განათლების სამინისტრომ, ფაქტობრივად, წიგნის მაღაზიებს აუკრძალა სასკოლო სახელმძღვანელოების გაყიდვა. მათი გაყიდვის უფლება გადაეცა მხოლოდ ერთ კერძო კომპანიას, რომელმაც   სკოლაში  დაიწყო სახელმძღვანელოების რეალიზაცია და წიგნები იყიდებოდა სარდაფებსა და სპორტულ დარბაზებში, შეუფერებელ პირობებში, მშობლებს კი მოუწიათ გაუთავებელ რიგებში დგომა. შედეგად, სახელმძღვანელო ყველა სკოლის მოსწავლეს დღემდე არ აქვს და, საბოლოოდ, მაინც წიგნის მაღაზიებს აკითხავენ.

„გთხოვთ, მიექცეს ამას ყურადღება“. - ითხოვა ნატო გუბელაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის ინფორმირებულია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იმის შესახებაც, რომ წიგნების ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა, ხოლო ფასებმა იმატა. „ვიცი ამის შესახებ და, ფაქტობრივად, ეს მონოპოლიური გარემო ხელისუფლების დამსახურებაა. სახელმწიფომ ასეთი მონოპოლიები შექმნა ყველგან. ჩვენ მსგავს ფაქტებს აღარ დავუშვებთ მომავალში და, განსაკუთრებით - სახელმწიფოს ჩარევას ბიზნესში“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ხელისუფლებაში რამდენიმე დღის წინ უმრავლესობით მოსულმა კოალიციის ლიდერმა ბიზნესმენებს მოუწოდა, მჭიდროდ არ ითანამშრომლონ  ხელისუფლებასთან, ვინაიდან ასეთი მიჯაჭვულობა ხშირად ემსგავსება ქალ-ვაჟის ფიზიკურ ურთიერთობას. 

„გირჩევთ, ნუ მიიღებთ ხელისუფლების მეგობრულ დახმარებას ბიზნესში. ხელისუფლებისგან მოითხოვეთ მხოლოდ, რაც კანონიერად გეკუთვნით!“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

მოამზადა ბაია ირემაძემ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია