დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იყენებენ თუ არა ქუთაისელი ჩინოვნიკები წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს?
2012/09/17 14:50:16

„ადმინისტრაციული რესურსი“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში 2006 წლიდან აქტუალურად დამკვიდრებული ტერმინია და საარჩევნო კოდექსი (მუხლი 48) მას ასე განსაზღვრავს: „ადმინისტრაციული რესურსი“ არის მატერიალური ფასეულობა - ქონება, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესასრულებლად.“

 

ქუთაისში მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო აგიტაციის წარმართვის სერიოზული გამოცდილება დააგროვა წლების მანძილზე, ამიტომ ოპოზიციურ პარტიებს უძნელდებათ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კონკრეტულ ფაქტებში ამხილონ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფი პოლიტიკური ოპონენტები.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, გიორგი ახვლედიანი, ჩვენთან საუბრისას აცხადებს: „რეალურად რომ ვთქვათ, სახელისუფლებო რესურსების                                       გამოყოფის ტექნოლოგიები ისეთ დონეზეა დახვეწილი, რომ ეს არ არის ძალიან ფართოდ აფიშირებული, ეს არ არის საერთაშორისო დამკვირვებლებისათვის ხელისგულზე მიტანილი, რომ მათ დააფიქსირონ კონკრეტული პრობლემები და ამაზე ძალიან მკაცრი რეპორტები გააკეთონ. სახელისუფლებო რესურსის დანაშაულებრივი გამოყენების მექანიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან კარგად, თავის სასარგებლოდ მანიპულირებს იმ ადამიანებით, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქვეყანაში უმუშევრობა ?1 მწვავე პრობლემაა, ადვილია მანიპულირება.

ხელისუფლება ადამიანებს ეუბნება: „არ ჩაჯდები მიკროავტობუსში, არ წახვალ, ვთქვათ, ხონიდან ქუთაისში შეკრებაზე? - ზეგ აღარ მოხვალ სამსახურში;“ „ხვალ 5 ნომერს არ შემოხაზავ? - 2 ოქტომბერს არ მოხვალ სამსახურში.“ ეს არის, ამ შემთხვევაში, ზეწოლის, მანიპულირების ყველაზე დიდი მექანიზმი...

ადმინისტრაციული  რესურსის   გამოყენების შესახებ მე ინფორმაციას მაწვდის ხოლმე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული უამრავი ადამიანი. გულით, სულით თქვენი მხარდამჭერები ვართ, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვით, სამსახურს დავკარგავთო. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რომ ხდება, ეს ყველამ კარგად ვიცით. მე ფარული კამერით ვერ დავიწყებ ჩაწერას, რომ დავაფიქსირო ფაქტები, მაგრამ ყველამ ხომ კარგად ვიცით?“

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის კოორდინატორი, საარჩევნო სუბიექტის - „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, სამსონ გუგავა: „როდესაც დგება საარჩევნო წელიწადი, ბიუჯეტის თანხების აკუმულირება ხდება არჩევნების ბოლო პერიოდისათვის, კერძოდ - აგვისტო-სექტემბრისათვის, რადგანაც ისინი თვლიან, რომ თუ ამ პერიოდში დაიხარჯება საკმაო რაოდენობის ფინანსები, შედეგებიც იქნება ფინანსური ხარჯვის პროპორციული. ამდენად, თუ ვნახავთ იმ პროექტებს და ჩავიხედავთ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, ძირითადი თანხის აკუმულირება მომხდარია ივლისი-აგვისტო-სექტემბრის თვეში. მაგალითად: პროგრამა „კორპუსი“, სოციალური დახმარების პროგრამა, გზების დაგება, წყლის სისტემის, კანალიზაციის რეაბილიტაცია... თითქოს, სხვა პერიოდში ქალაქს არ სჭირდებოდეს ამ სამუშაოების შესრულება. მთელი სიმძაფრით, მთელი ტვირთი გადატანილია ბოლო სამ თვეზე.

ახლა ავიღოთ მეორეც - ადამიანური რესურსი. თუ დავაკვირდებით მერიის იმ თანამშრომელთა ჩამონათვალს, რომელიც იმყოფება შვებულებაში, მივიღებთ ასეთ სურათს: დასაქმებულთა 50-60 პროცენტი შვებულებაშია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მათგანი საარჩევნო კომისიაშია ჩართული. ხოლო , ვინც შვებულებაში არ არის და კანონი არ ავალდებულებს, რომ დაიდოს შვებულებაში მისი ყოფნის დოკუმენტი, ყველა მათგანი ჩაბმულია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში. ეს არის, ჯერ ერთი, დანაშაული, რადგან სამსახურის დროს იყენებენ აგიტაცია-პროპაგანდას და წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას, მეორე მხრივ - ეს არის მატერიალური რესურსის გამოყენებაც.

გადმოვიღოთ დასაქმებულ ადამიანთა სია: ყველა მათგანი ნაციონალებისთვის მუშაობს, არც ერთის გამოკლებით. კაი დედიშვილია და რომელიმემ მათი საქმე არ გააკეთოს! ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით! შეიძლება, შინაგანად ვიღაც ოპოზიციონერებდეს, მაგრამ ამ ავტორიტარულ რეჟიმში, ამ დიქტატორულ პირობებში, ამას ვერ გამოხატავს, ვერ გაბედავს და ამიტომ დიდი ენთუზიაზმითაა ჩაბმული წინასაარჩევნო მარათონში. უარყოფა კი არა, რაიმე დავალების შესრულება რომ შეეზაროს, სამსახურს დაკარგავს.“

სამსონ გუგავას ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ერთ მაგალითად მოჰყავს შემდეგი ფაქტი: „რამდენიმე დღის წინ დავინახე - ცლიდნენ, არიგებდნენ შიფერს... კანონში მითითებულია, რომ არჩევნების გამოცხადების შემდეგ არ შეიძლება ბიუჯეტში რაიმე ცვლილების და დამატების შეტანა. მაგრამ მან, ნაციონალურმა მოძრაობამ, ცვლილება შეიტანა 1 თვით ადრე, 2 თვით ადრე და დაუმიზნა ზუსტად არჩევნების პერიოდს! რა უნდა გავაკეთოთ ახლა? წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ის კანონს არ არღვევს, მაგრამ, ერთიანობაში ხომ დარღვევაა ეს, რადგან, მთავრობამ, ხელისუფლებამ ხალხს ყურადღება  არჩევნების პერიოდში კი არა, მაშინ უნდა მიაქციოს, როცა ეს სჭირდება საზოგადოებას.“

ამავე პოზიციას გამოხატავს „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის წევრი გია (გრიგოლ) ქობალიანიც: „ახლა დაიწყეს ქუჩების დაგება, შიფერის დარიგება, კომუნალური პრობლემების მოწესრიგება... მაგრამ ჩვენ („ქართული ოცნება“), ამაზე არ ამოვიღებთ ხმას, და, იცით, რატომ? მოსახლეობას ეკუთვნის გზის შეკეთება, ეკუთვნის სახლის გადახურვაც, ეკუთვნის წყლის გაყვანაც. მაგრამ - რატომ დღეს, არჩევნებამდე 10-15 და 20 დღით ადრე? აქ  მეორე „მოჯადოებული“ წრეცაა - როცა შენ შიფერს და კრამიტს ახლა აძლევ ადამიანს, მის გულში ჩნდება ნაპრალი, ჩნდება შიში - მიკეთებენ და არ აცლი?“

ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქალაქის საკრებულოს წევრი და ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში მამუკა მღვდელაძე: „შეიძლება, არც ეყოს ჟურნალისტის დიქტოფონის ელემენტები ფაქტების ჩამოთვლას, თუ როგორ იხარჯება ადმინისტრაციული რესურსი. დავიწყებ იმით, რომ 537 თანამშრომლიდან, რომელიც ჰყავს მერიას, დღეს 250-მდე არ იმყოფება, შვებულებაშია და სხვადასხვა ფორმით არის ჩაბმული საარჩევნო შტაბებში. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის და მთელი ოთხი წლის განმავლობაში ამ ხალხს ინახავენ იმიტომ, რომ საარჩევნო რესურსია და სჭირდებათ მხოლოდ არჩევნებისთვის.

დღეს ყველაზე მეტი ფული იხარჯება და ყველაზე მეტი საქმე კეთდება ინფრასტრუქტურის სახით, და თუ ამას 290-მდე თანამშრომელი აგვარებს, რა საჭიროა მაშინ 537 კაცის მუდმივად შენახვა?“

მამუკა მღვდელაძე ასევე აღნიშნავს: „ადმინისტრაციული რესურსის გამო-ყენების კიდევ ერთი შემთხვევაა, რომ საკრებულოს წევრებს წინასაარჩევნოდ საწვავი მოუმატეს. შარშან ინფრასტრუქტურების პროგრამები ყველა ჩავარდნილი იყო და წელს აამოქმედეს. პროგრამა „კორპუსის“ ბიუჯეტი შარშან ერთი მილიონი იყო, წელს ექვსი მილიონი გახადეს და ყველა ფული წინასაარჩევნოდ იხარჯება. ასევე სოციალური დახმარებების პროგრამა გაზარდეს წინასაარჩევნოდ. მთელ თანხას, მთელი წლის მარაგს, აბსოლუტურად, ამ ერთ თვეში გახარჯავენ. კიდევ უამრავი მაგალითია, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება ერთი პარტიის სახელით და მის სასარგებლოდ.“

„ამჟამად მე ვმუშაობ საარჩევნო კომისიების წევრთა სიებზე, - აცხადებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია, - რამდენიმე დღეში მექნება ამ სიების პრეზენტაცია, სადაც დოკუმენტურად დავდებ, თუ როგორ არიან დაკავებული კომისიის თავმჯდომარეებად, მოადგილეებად, მდივნებად - თანამდებობის პირები, მოხელეები, პედაგოგები და როგორ არის ეს ადამიანური რესურსი გამოყენებული არჩევნებისთვის.“

გოგი წულაიას თქმით, „მერიის ათეულობით თანამშრომელია კომისიების წევრებად. ისინი კანონის თანახმად, აუცილებლად უნდა იყვნენ შვებულებაში, მაგრამ ამდენი კაცი ერთდროულად რომ გადის შვებულებაში, მაშინ ლოგიკურია შეკითხვა: რა საჭირო ყოფილა ამდენი ადამიანის დასაქმება, თუ ქალაქი მათ გარეშეც იმართება? და აქვე ჩნდება ლოგიკური პასუხიც: იმიტომ, რომ ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის ყურმოჭრილი მონები. როდესაც მათ ნაციონალურ მოძრაობას წინა არჩევნებზე გაამარჯვებინეს, პარტია ვალდებული იყო მათ წინაშე (და არა - ხალხის წინაშე), რომ დაესაქმებინა ეს აქტივისტები, შედეგიც დამდგარია და მერია ახლა სავსეა ასეთი „დამსახურებული“ ნაციონალი ახალგაზრდებით, უსაქმურობაში რომ იღებენ ბიუჯეტიდან თანხებს.“

გოგი წულაია აქვე დასძენს: „ამ არჩევნებში და, საერთოდ, ნაციონალური მოძრაობის ქმედებებში არ ახალია, თუ ვიტყვი, რომ საერთოდ, მერიის შენობაში დამლაგებელიც კი არ არსებობს, თორემ ჩინოვნიკსა და სპეციალისტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, - ნაციონალური მოძრაობის წევრი ან წევრის მიერ რეკომენდებული არ იყოს სამუშაოზე. მტკიცება არც უნდა იმას, რომ ადმინისტრაციული რესურსი მთლიანად არის გამოყენებული ყველაფერში. რა თქმა უნდა, მერია და მისი ყველა თანამშრომელი ჩართული იქნება ამ არჩევნებში, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, როცა არჩევნების გაყალბებაში ჩაბმული ჰყავთ სკოლებისა და ბაღების დირექტორები, მასწავლებლები - ის პედაგოგიური ელიტა, რომლის ფიქრი და მიზანი, წესით, ის უნდა იყოს, როგორ აღზარდოს ბავშვი, ქვეყნის მომავალი. ამის ნაცვლად კი, ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, მასწავლებლების უმეტესობის აზრი გადართულია ამაზე: „მაძლევს ჩემი მეზობელი ხმას თუ არა,“ „ნაციონალების კოორდინატორი   გამიწყრება თუ არ გამიწყრება“, „ვაი, რა მეშველება, არჩევნების დროს კარგი ხმა რომ ვერ ავიღო!“ ჩემი ვარაუდით, კომისიის შემადგენლობის 30-40 პროცენტი სწორედ პედაგოგებია!“

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს ხედავენ ადგილობრივი ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლები 8 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის მიერ ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მასშტაბურად ჩატარებული წინასაარჩევნო ყრილობის ორგანიზებაშიც. ყრილობას, ოფიციალური მონაცემებით, 50 000 მეტი მხარდამჭერი ესწრებოდა, რომელთაგან, ჩვენი რესპონდენტების თქმით, აბსოლუტური უმრავლესობა იმერეთის რაიონებიდან იყო ჩამოყვანილი.

„უამრავი ხალხი წამოგვიყვანეს ხონიდან. გზადაგზა ვითვლიდით: 2 ავტობუსი, 36 მიკროავტობუსი, 50-ზე მეტი მსუბუქი მანქანა... ჩვენნაირი პატარა რაიონისთვის ცოტა კი არ არის.“ - აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ნაციონალური მოძრაობის ხონელი აქტივისტი, საჯარო მოხელე (ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა).

„ან სად ჰქონდათ ამდენი საწვავი, ან სად და სად გაგზავნეს ამდენი ავტობუსი ხალხის წამოსაყვანად! ყველა და ყველაფერი მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებისთვის იყო ორგანიზებული. ცოტა ფული დაიხარჯებოდა? სხვათაშორის, მეც ვიყავი მოედანზე საშვით. ჩემმა ახლობელმა წაგვიყვანა, ნაციონალების კოორდინატორია, იქ ჩემი შვილების პედაგოგები დავინახე, და კიდევ ერთი მეზობელი - ისიც მასწავლებელია, საარჩევნო კომისიებში მუშაობს მრავალი წელია,“ - გვიამბობს ხათუნა (გვთხოვს, გვარი არ გამოვაქვეყნოთ).

„ძირითადი ნაწილი იქ შეკრებილთაგან იყვნენ ჩინოვნიკები, რომლებიც წინასაარჩევნო მარათონში არიან ჩაბმულნი, - დაწყებული დაბალი რანგიდან, უმაღლესით დამთავრებული,“ - აცხადებს სამსონ გუგავა.

„საარჩევნო კოდექსი ნახეთ - სახელმწიფო ხელისუფლებაში თანამდებობაზე მყოფ პირს ეკრძალება სამსახურებრივად დაქვემდებარებული, ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას... იმ დღეს იმდენი ხალხი, აბა, საიდან შეკრიბეს? აიძულეს, ბატონო, დაქვემდებარებული პირები ქუთაისში, რეგიონში, რომ მოედანზე მოსულიყვნენ.“ - ამბობს ერთ-ერთი პარტიის მხარდამჭერი გიორგი.

„მთელი ქალაქი იყო პარალიზებული. - გვიამბობს გოგი წულაია, - ეუთო-ს დამკვირვებლები უნდა გვწვეოდნენ იმ დღეს, 12 საათზე. დამირეკეს და ბოდიში მომიხადეს - ოფისამდე ვერ მოვაღწიეთო. ორშაბათამდე გადადეს სტუმრობა. ამ ფაქტის შესახებ ღიად ვაცხადებ. შეგიძლიათ, მათთან გადაამოწმოთ.“

გოგი წულაია განაგრძობს: „ყველა ქუთაისელმა ნახა, როგორ დაჯირითობდნენ მანქანები ქალაქში. საერთოდ არ არსებობდა იმ დროისთვის ქალაქში პატრული, პოლიცია... - სხვათაშორის, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა (თუმცა ამის მტკიცება ახლა ძნელია, რადგან იმწამსვე მიჩქმალეს), რომ ამ ჯირითის დროს რამდენიმე მანქანამ ავარია მოახდინა. საბედნიეროდ, ადამიანები ცოცხლები გადარჩნენ. დაჯირითობდნენ, ატერორებდნენ ქალაქს: სიგნალ-სიგნალებით, სამ-სამ რიგად სიარულით, სხვა მანქანებს არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას. ეს არის იმის მიმანიშნებელი, რომ ნაციონალური მოძრაობის განკარგულებაშია: პოლიციაც, პატრულიც, კუდიც, სოდიც და, თუ რაიმე დაწესებულება არსებობს, რომელსაც ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა ევალება.“

ჩვენი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ თოფურიძემ ოპერატიულად მოგვაწოდა ინფორმაცია ქუთაისის მერიის თანამშრომლების შვებულებაში ყოფნასთან დაკავშირებით. მოწოდებული სიის თანახმად, აგვისტოსა და სექტემბერში შვებულებაში გასულ თანამშრომელთა რაოდენობაა სულ 128. აქედან უხელფასო შვებულებაშია გასული 13 ადამიანი, სამსახურებრივი ურთიერთობა აქვს შეჩერებული 2-ს. შვებულებაში გასულთა შორის არიან: მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, მთავარი, წამყვანი და უფროსი სპეციალისტები, ასევე ტერიტორიული  ორგანოების  მთავარი,  წამყვანი  და  უფროსი სპეციალისტები,   განყოფილებებში   ხელშეკრულებებით  მომუშავე შტატგარეშე მოსამსახურეები და სხვა.

- წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, ოფიციალურად თუ განუცხადებიათ ოპოზიციურ პარტიებს? - ვეკითხებით ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის მდივანს, ქალაქის საკრებულოს დეპუტატს კახა ნემსიწვერიძეს.

მისი პასუხი: „ასეთი რამ მე არ მსმენია. ჩვენი მხრიდანაც არ ყოფილა ასეთი რამ - ადმინისტრაციული რესურსის   გამოყენება.“

 

ნანული ცხვედიანი

 

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი  და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1564
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია