კომპანია სამსახურიდან 4 000 თანამშრომელს დაითხოვს, რომლის მხოლოდ მესამედი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, დანარჩენი სამუშაო ადგილები კი საზღვარგარეთულ ფილიალებში შემცირდება. Google ასევე გეგმავს შეკვეცოს კომპანიის წარმომადგენლობები უცხო ქვეყნებში. დღესდღეობით Motorola Mobility-ის 94 ფილიალი აქვს საზღვარგარეთ.
ინფორმაცია მომავალი შემცირებების შესახებ დაადასტურა ამერიკულმა Bloomberg-ის საინფორმაციო სააგენტომ, რომელსაც ხელში ჩაუვარდა Motorola Mobility-ის ელექტრონული წერილი, სადაც, სხვათა შორის, ნათქვამია, რომ კომპანია, რთული პერიოდის გადასატანად, აუცილებლად დაეხმარება დათხოვნილ თანამშრომლებს მსხვილი კომპენსაციით.
აღსანიშნავია, რომ შემცირებები შეეხო არა მხოლოდ რიგით თანამშრომლებს, არამედ მმართველ რგოლსაც. Google-მა მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტების 40% სამსახურიდან დაითხოვა.
Google Inc -მა Motorola Mobility მიმდინარე წლის მაისში შეიძინა 12.5 მლრდ დოლარად, რაც მედიაგიგანტის ისტორიაში უმსხვილეს „შთანთქმად“ იქცა. ამჟამად, მობილური ტელეფონების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია გეგმავს კონცენტრირება მოახდინოს მობილური ტელეფონების მხოლოდ რამოდენიმე მოდელზე და შეწყვიტოს მასობრივი და იაფი მოწყობილობების წარმოება, რამაც კომპანიას ძალიან დიდი ზარალი მოუტანა. როგორც Motorola Mobility-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენის ვუდსაიდმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, კომპანია სმარტფონების ბაზრის პერსპექტივამ წაახალისა.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ Google რაიმე წარმატებას მიაღწევს მობილური ტელეფონების კონკურენტულ და დაბალრენტაბელურ ბაზარზე. „სმარტფონების სფეროში მოგების 90%-ი მოდის Apple-ზე და Samsung-ზე, ყველა დანარჩენი კომპანია კი იძულებულია ნამცეცებით დაკმაყოფილდეს“ - განაცხადა Microsoft-ის ყოფილმა მენეჯერმა ჩარლი კინდელმა, რომელიც დღესდღეობით ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ეს სურათი შეიცვალოს.
მომზადებულია საიტის www.bfm.ru ინფორმაციის მიხედვით.