დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკეას ნაგავსაყრელი უქმდება
2012/07/23 13:05:57

მოსახლეობა კვამლის, გაუსაძლისი სუნისა და მოფარფატე პოლიეთილენის პარკების გარეშე ცხოვრებას კმაყოფილი ხვდება

ქუთაისში, ნიკეას დასახლებიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, წლებია, ჰექტრობით გადაჭიმულია ნაგავსა-ყრელი. „ნელი მოქმედების ნაღმი“ - ასე უწოდებს მოსახლეობა აღნიშნულ ნაგავსაყრელს, რომელიც მათი ფანჯრებიდან ხელისგულივითაა გადაშლილი. პოლიეთილენის ფერადი პარკები და ბოთლები მთელ დასახლებაში ობოლი მარგალიტებივითაა მიმობნეული. აღნიშნული უბნის სხვა პრობლემებს  ნაგვის მუდმივი წვისას გამოწვეული გაუსაძლისი კვამლის სუნიც ემატება.

„ჩვენთვის არც ზაფხულია და არც ზამთარი. წლებია, ფანჯარა არ გამიღია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გაუსაძლისი სუნი და კვამლი შემოდის ფანჯრებიდან.“ - აცხადებს ნიკეას ქუჩაზე  და  ნაგავსაყრელთან რამდენიმე ათეულ მეტრში მცხოვრები ნელი დავითაია.
ქუთაისის ნაგავსაყრელი 1959 წელს 30-წლიანი ვადით შევიდა ექსპლუატაციაში და 42 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ეჭირა. აქედან გამომდინარე, მარტივი არითმეტიკაა საჭირო იმ დასკვნის გამოსატანად, რომ ნაგავსაყრელი ნიკეაზე, წლებია, უკანონოდაა განთავსებული. სპეციალისტთა დასკვნებით, ის ყოველ წუთს საფრთხეს უქმნის, როგორც მოსახლეობას, ასევე გარემოს, რადგან, ბოლო მონაცემებით, მისი დიდი ნაწილი მდინარე რიონმა ჩარეცხა და პოლიგონისთვის მხოლოდ 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთია დარჩენილი.

2009 წელს ადგილობრივი ხელისუფლება ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას მისი გასხვისებით შეეცადა. მან იტალიურ კომპანია „რაფანო-სერვისთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კომპანიას მძიმე ტექნიკის შემოყვანა  და  ნაგავსაყრელის პოლიგონის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობა ევალებოდა. თუმცა 2009 წელს გასხვისებულ ნაგავსაყრელზე მხოლოდ 2011 წელს გაკეთდა ოფიციალური კომენტარი.

მერიის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის ფრიდონ ბეშკენაძის მაშინდელი განცხადებით, კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა და 2011 წლის 15 მარტს „რაფანო-სერვისს“ ხელშეკრულება შეუწყდა. ფრიდონ ბეშკენაძის ინფორმაციით, 2011 წლის სექტემბრიდან გერმანული ფირმა იმუშავებდა 450 ათასი ლარის ღირებულების პროექტზე, რომელიც, დაახლოებით, ერთ თვეში უნდა დასრულებულიყო. მისივე თქმით, მიმდინარეობდა საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ გვეცოდინებოდა, როგორც წარმადობა, ასევე ის, თუ როგორ მიმდინარეობს უტილიზაციისა და გაუვნებელ-ყოფის სამუშაოები.

მაგრამ, როგორც დღეს აღმოჩნდა, არც ეს მოლოდინი გამართლდა.
2012 წლის 17 ივლისის საკრებულოს რიგით 36-ე რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ქუთაისის ნაგავსაყრელის წინასაკონსერვაციო სამუშაოების პროგრამა დაამტკიცეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000  ლარი  გამოიყოფა,  რათა  მოხდეს ნაგავსაყრელის მომზადება საკონსერვაციო სამუშაოების ჩასატარებლად, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა და სამუშაოების წარმოება.
„თუ სად გადავა ნაგავსაყრელი, ეს, ჯერჯერობით, უცნობია. მიმდინარეობს გეოლოგიური, ბიოლოგიური, ნიადაგის მდგრადობის, გარემოზე ზემოქმედების ინდექსის შესწავლა... სავარაუდოდ, ნაგავსაყრელი წყალტუბოს ან თერჯოლის რაიონში გადავა. მანამდე კი ნაგავსაყრელზე მიმდინარეობს წინასაკონსერვაციო სამუშაოები, რაც ითვალისწინებს ნაგავსაყრელის მესრით შემოკავებას, იზოლაციას და, ამავდროულად, ტექნიკის შეძენას, რათა მოხდეს ტერიტორიის დამუშავება.“ - აცხადებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

ნიკეას ნაგავსაყრელის კონსერვაციას და უახლოეს მომავალში გაუქმებას აღტაცებით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. მათი განცხადებით, ათეული წლების შემდეგ, ისინი კვამლის, გაუსაძლისი სუნისა და მოფარფატე პოლიეთილენის პარკების გარეშე დაიწ-ყებენ ცხოვრებას.

„ყოველი დღე ჩვენთვის იწყებოდა ჩვენი ფანჯრების წინ ნაგავზე მოკიდებული, მოგიზგიზე ცეცხლით, რომელიც საშინელ კვამლსა და სუნს უშვებდა. რამდენჯერმე დაგვპირდნენ, რომ მოხდება ნაგავის გადამუშავება. ისიც კი თქვეს, საერთოდ გააუქმებენო, მაგრამ, წლებია, ასეთ მდგომარეობაში ვართ. თქვენგან გავიგე ახლა პირველად, რომ მართლაც  გააუქმებენ. ეს ძალიან მახარებს.“ - ამბობს ნიკეას დასახლებაში მცხოვრები ლალი დოლიძე.

„ასე კარგა ხანია არაფერი გამხარებია. ეს ნაგვის ბუდე თუ მოგვაშორეს, ბინების ფასი აიწევს. სადარბაზოში ვერ შევდიოდი - ამ ნაგავსაყრელიდან გამომდინარე, იმდენი ვირთხები მხვდებოდა. წინასაარჩევნოდ მეტი გასახარებელი ნამდვილად არაფერი იქნება!“ - აღნიშნავს ნუნუ ვარდანიძე.

„როგორ მოხდა? მოიფიქრეს, რომ გასაუქმებელი იყო პროგრამის ფარგლებში ეს ნაგავსაყრელი? ეს წლების წინ უნდა დახურულიყო. კვამლის სუნში ცოცხლად ვიხოცებოდით ხალხი, ისეთ დღეში ვიყავით.“ - აცხადებს ალიოშა ბენიძე.

ნიკეას ნაგავსაყრელზე  წლების განმავლობაში მხოლოდ ქუთაისის მოსახლეობის ნაგავი გროვდებოდა, ხოლო უახლოეს მომავალში ქალაქ გარეთ (ჯერჯერობით უცნობია, წყალტუბოს რაიონი იქნება თუ თერჯოლის) მოწყობილი - მთელს იმერეთს მოემსახურება, საჩხერის, ხარაგაულისა და ჭიათურის გამოკლებით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია