დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მნიშვნელოვანი და სახიფათო ტენდენციები არჩევნების წინ
2012/07/23 13:01:28

დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოსა და პირობებს, როგორშიც არჩევნები ტარდება. საარჩევნო გარემოსათვის კი, არა გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა,  არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ეფექტური სადამკვირვებლო რესურსის შექმნა და ურთიერთთანამშრომლობა ამ კუთხით.

 

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე რამდენიმე თვეა, თანამშრომლობენ კამპანიის ფარგლებში  „ეს შენ გეხება,“ რომელმაც 17 ივლისს  გამოაქვეყნა განცხადება. მასში აღნიშნულია, რომ საარჩევნო გარემოს კუთხით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ბოლო პერიოდში შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვას. „არსებული დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს.“

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორმა ახლახან შექმნა ისეთი რესურსი, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველს, მთლიანად დაინახოს საარჩევნო გარემოს სურათი. სამმა არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ერთობლივი  საარჩევნო ვებ-პორტალი შექმნა.  პორტალის მიზანია საპარლამენტო არჩევნების შესახებ დაინტერესებული  მხარეებისათვის მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების აღრიცხვა.

მაინც, როგორია დღეს პოლიტიკური გარემო სამართლიანი არჩევნების ჩატარებისათვის და რა პრობლემებია ამ კუთხით? ამ თემაზე გაზეთი „P.S.“ გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს არასამთავრობო ორგანიზაციის „არჩევანის თავისუფლებისათვის“ წევრთან,  ირაკლი მელაშვილთან.  

- ბატონო  ირაკლი,  ორიოდე   სიტყ-ვით,  როგორ  შეაფასებდით  დღეს  საარჩევნო გარემოს?

- საარჩევნო გარემო, დღესდღეობით, ძალიან მძიმეა და ამას ყველა ვხვდებით. ერთის მხრივ, ეს არის დევნა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ერთი ოპოზიციური პარტიისა, ერთი ოპოზიციური   კოალიციისა   -    ეს   არის       „ქართული    ოცნება“;  მეორეს    მხრივ - ხდება ადმინისტრაციული რესურსის შეუზღუდავი გამოყენება ხელისუფლების მხრიდან; მესამეს მხრივ, ადგილი აქვს დაშინებებსა და ზეწოლებს ადგილებზე; ასევე, მნიშვნელოვანია, მედიის მდგომარეობა, რომელიც ძალიან რთულია; გარდა ამისა, იქმნება ძალიან დაძაბული და კონფლიქტური ვითარებები რეგიონებში შეხვედრებზე. ყველაფერი ეს მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ, ჯერჯერობით, საარჩევნო გარემო საკმაოდ მძიმეა.

- ხელისუფლების მხრიდან ხშირად არის საუბარი ოპოზიციის მიერ ამომრჩევლების მოსყიდვაზე, თუმცა, თავად ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ბიუჯეტიდან.  არის თუ არა ეს ამომრჩევლების მოსყიდვა?

- პოლიტიკურ მოსყიდვას რაც შეეხება, მაგალითად, ძალიან საინტერესოა, იმერეთის რეგიონში თვითმმართველობის ორგანოების ბიუჯეტებს რომ გადახედოთ, - ნახავთ, რომ ზესტაფონის ბიუჯეტში წელს ოთხასი პროცენტით არის გაზრდილი გასართობი ღონისძიებების დაფინანსება. ყველანი ვხვდებით, რომ, როდესაც რაღაც იზრდება ასე პრიორიტეტულად, ეს მნიშვნელოვანია. როცა  ასეთ  დაქცეულ  ქვეყანაში შენ ოთხასი პროცენტით კულტურულ ღონისძიებებს მიზრდი, ვხვდებით ხომ რაშიც არის საქმე - ეს არის ის თანხები, რომელიც ყველაზე მარტივად შეიძლება გამოიყენო საჩუქრებისათვის, ვიღაცის წასახალისებლად. სამწუხაროდ, მოსყიდვა ჩვენს კოდექსში ისე არის ჩამოყალიბებული, რომ ის ეხება ან პარტიებს, ან არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, მაგრამ ბიუჯეტით მოსყიდვა ძალიან რთული დასაფიქსირებელია. თუმცაღა, წამდაუწუმ ხდება ბიუჯეტის გამოყენება  იმისათვის, რომ რაღაც საშუალებებით მოიპოვონ ამომრჩევლის მხარდაჭერა. ამიტომ, მოსყიდვა - ეს არის ფართოდ გავრცელებული, თუმცა, მე რომ დღეს მკითხოთ, ვინ უფრო მეტად აწარმოებს მოსყიდვას - „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება?“ - ცალსახად, ჩემთვის ის, თუ როგორ იყენებს ბიუჯეტს „ნაციონალური მოძრაობა“ - ფაქტობრივად, ფეხქვეშა აქვს ამოდებული და როგორც უნდა, ამ ბიუჯეტს ისე ხმარობს, - რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად უფრო სახიფათო არის, ვიდრე „ქართული ოცნება,“ რომელიც ძალიან მჭიდრო მარწუხებშია მოქცეული ამ კუთხით.

- საკმაოდ ბევრი შენიშვნაა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ,  თქვენი აზრით,  მთავარი ხელისშემშლელი რა იქნება სამართლიანი არჩევნების ჩატარებითვის?

- პრობლემა მრავალი არის; ერთი ყბადაღებული თემაა ოლქებთან დაკავშირებით - არათანაბრობა ოლქების. თუმცა ახლა ორი ყველაზე მთავარი, ძირითადი საკითხი არის: ერთი, ამ საარჩევნო კოდექსით, ფაქტობრივად, დაკანონდა ადმინისტრაციული  რესურსის   გამო-ყენება,  როდესაც  გუბერნატორებსა  და გამგებლებს მიეცათ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება და მეორე, ძალიან სახიფათო - ეს არის არჩევნების დღეს ხმების შეჯამების პროცედურა, რომელიც ბევრად უფრო საშიში გახდა იმ თვალსაზრისით, რომ ბევრად უფრო ადვილია გაყალბება, რადგან  ამოიღეს პუნქტი, რომ მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა ფიქსირდება დოკუმენტში არა დაუყოვნებლივ, 8 საათზე, არამედ - ფიქსირდება მას შემდეგ, რაც ხმის მიცემის შედეგები შეჯამდება.  კიდევ არის უამრავი ასეთი პუნქტი, მაგალითად, საკონტროლო ციფრები, რომელიც ამოღებულ იქნა საარჩევნო კოდექსიდან, რაც ბევრად აადვილებს ხმის მიცემის შეჯამების პროცედურის დარღვევას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია