დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„მარტო ლამაზი ტრაქტორები ვერ გვაჭმევს მჭადს“
2012/07/09 13:39:51

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ბაკურ კვეზერელის შემდეგ, თითქოს გამოცოცხლება დაიწყო. რაც მთავარია, „დედალი და მამალი“ ძროხების გარჩევა ვისწავლეთ. ახლა უკვე პროფესიით ექიმი ზაზა გოროზია შეეცადა, აღნიშნულ უწყებაში შეცდომები გამოესწორებინა და ჰიბრიდული ჯიშის სიმინდზე მითქმა-მოთქმისთვის საკუთარი სკამი არ შეეწირა. თუ წინამორბედი გლეხობისთვის სიმინდის ახალ ვარიანტზე მუშაობდა, გოროზიამ მოსვლის დღიდანვე იზრუნა ტექნიკის გამოყოფაზე. ლურჯ და წითელ ფერებში „მოღაღანე“ ტრაქტორებმა სოფლის მოსახლეობას თავიდან თითქოს იმედი გაუღვივეს, მაგრამ ცოტა ხნით... გაზრდილმა ფასებმა ჯერ საწვავზე და შემდეგ - ტრაქტორით მომსახურებაზე გლეხობას სადარდელი მოუმატა.

 

კონკრეტულ ფაქტზე ვისაუბრეთ, კერძოდ, სამტრედიის რაიონის სოფელ გომის მაგალითზე. აქ ერთი ჰექტარი მიწის დამუშავებაში გლეხმა ორასი ლარი გადაიხადა. მოსახლეობის მთავარი შემოსავლის წყარო მხოლოდ მიწათმოქმედებაა. აღებული მოსავლის ნაწილი სოფლის გლეხობას სარეალიზაციოდ გააქვს ბაზარზე, ნაწილით კი შინაურ საქონელს კვებავს. გაღებულ თანხაზე რომ არაფერი ვთქვათ, გვალვიანმა ამინდმა ნათესები მთლიანად გაანადგურა.

შაქრო ჩუბინიძე, სოფელ გომის მკვიდრი: „გეტყვით, რომ ძალიან გაგვიხარდა ახალი ტრაქტორების გამოჩენა, ტექნიკა მაინც არ გვექნება სანთლით საძებნი. კი, ძვირიც დაგვიჯდა მიწის დამუშავება და დათესვა, მაგრამ, რომ იტყვიან, ტყავი გავიძვრეთ და მოვიძიეთ ეს თანხა. შედეგი კი რა... ისევ ცარიელი ფართობები გვაქვს. სიმინდის ერთი/მესამედი არ არის ამოსული. მწვავე მზიანმა ამინდმა მოუსწრო და ნათესები სულ ამოწვა მიწაში. ამბობენ, ისევ უნდა გადავთესოთო და რა ვიცი, სად გვაქვს ორმაგი თანხა, პირველადი დამუშავებისას ძლივს შევაგროვეთ ფული. მარტო ფერადი ტრაქტორები ვერ გვაჭმევს მჭადს. რითი უნდა იარსებოს სოფლის ხალხმა, მე არ ვიცი. ჩვენს ნაწარმს არაფერს აქვს ფასი. თითები არ მეყოფა აქაური პრობლემების ჩამოსათვლელად. გზა ხომ მოუგვარებელი საკითხია ამ სოფლისთვის.“

ჩიტო   კიკუტაძე,    დიასახლისი: „შარშან კიდე იყო სიმინდი, შვილო, და წელს არ ვიცი, რა გვეშველება. საქონელს და ქათმებს რა ვაჭამო, იმას ვჯავრობ. შარშანდელი ორი გოდორი  სიმინდი მაქვს შემორჩენილი და ქათმებს რომ დავუყრი, რაც დარჩებათ, მივადგები და ხელით ვაგროვებ, მეშინია, ჩიტებმა არ შემიჭამონ.“

მაყვალა ჭუმბურიძე,  პენსიონერი:  „წელს მიწა რომ დამემუშავებინა, ქათმები გავყიდე და რაღაი - კი მაქვს მიწა ცარიელი. ჩვენი დარდი ვისღა აქვს, შვილო.“

ომარ გვენეტაძე: „ახლა ასეთ გაუმართლებელ ამინდს ჩვენს მთავრობას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ გზას რომ გავიძახით ამდენი ხანია, ეს კი უნდა გაგვიგონონ ცოტა. ხო ხედავთ, იგივე მდგომარეობაა, რაც წლების წინ.“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში შემდეგი პასუხი გაგვცეს: „ამჯერად მიწის დამუშავება დაგვიანებულია. რაც შეეხება მოსახლეობის ჩივილს, ჩვენ ერთმა ქალბატონმა მოგვმართა. იყო ასეთი ფაქტი და ხელმეორედ გადავუთესეთ მიწის ნაკვეთი. სხვა მხრივ კი, ვფიქრობთ, ამ წელს მიწის დამუშავება გაცილებით უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იყო.“

პრობლემის გასარკვევად დავუკავშირდით სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს თამარ მეფარიშვილს: „გლეხობამ წარმომიდგინოს ჩეკები, სადაც მითითებულია, რომ მათ ნამდვილად იმდენი გადაიხადეს თანხა მიწის დამუშავებაში, რასაც ამბობენ. გაცილებით მარტივად მოხდა ეს პროცედურა წელს, ვიდრე გასულ წელს. არსებობს მექანიზაციის ცენტრები, სადაც შეუძლიათ, მივიდნენ და გაარკვიონ, რა ჯდება მიწის დამუშავება.“ 

ქვეყნის ახალმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარება სწორედ ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად დაასახელა და გლეხებს სამომავლოდ გვერდით დგომას დაჰპირდა.

„საინტერესო ის კი არ არის, შესაბამისი უწყებიდან რას გვიპასუხებენ, არამედ - სოფლის მოსახლეობას ვინ დაუდგება გვერდით მსგავსი საკითხების მოგვარებაში. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში „ანო თუ ვანო“, ჩვენი საშველი მაინც არ იქნება.“ - ეს სიტყვები სოფელ გომის ერთ-ერთმა მკვიდრმა გვითხრა. სახელისა და გვარის გამჟღავნებაზე თავი იმ მიზეზით შეიკავა, რომ მისთვის სოციალური დახმარება არ მოეხსნათ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია