დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
800 000 ლარი - 21 ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობისთვის
2012/07/02 12:38:11

ქუთაისის სხვადასხვა უბანში მარტივი ტიპის 21 სპორტული მოედანი აშენდება. მათი მოწყობის ხარჯები, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო და 800 000 ლარს შეადგენს. კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის მცირე მოედნები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სპორტულ-გამაჯანსაღებელი პირობების გაუმჯობესებას და სპორტის სხვადასხვა სახეობისადმი მიდრეკილი ახალგაზრდების გამოვლენას.

 

„რამდენიმე ათეული მცირე ტიპის სტადიონი მოეწყობა ქალაქის სხვადასხვა უბანში, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს  და დაპროექტების შემდეგ კი ტენდერიც გამოცხადდება და აგვისტოდან  დაიწყება სამუშაოები,“ - ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთი ასეთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ილია ჭავჭავაძის გამზირის ? 6 კორპუსის ეზოში  მოეწყობა. გაზეთმა „P.S,“-მა იქ მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რამდენად პრიორიტეტულია მათ ეზოში მოედნის მოწყობა.

„კარგია, ცუდი რატომაა მოედნის მოწყობა? ბავშვები ითამაშებენ, გაერთობიან და ჩვენც, მშობლებიც აღარ ვინერვიულებთ, რომ ჩვენი შვილები სადმე არ წავიდნენ. მე, პირადად, მხოლოდ მივესალმები ამ ფაქტს,“ - აღნიშნავს ნათელა ნუცუბიძე.

„არც ცუდია და არც კარგია. ჩემთვის, მაგალითად, მნიშვნელობა არ აქვს ამ მოედნის მოწყობას, მაგრამ მოედანზე რაც თანხა უნდა დაიხარჯოს, იმის მაგივრად რომ ასფალტი დაგვიგონ და ეზოში ტბორი არ იდგეს, ამით უფრო გაგვახარებენ,“ - ამბობს ჯემალ ქორიძე.

„800 000 ლარი ჯდება 21 მოედნის მოწყობა? ეს ხომ თვალებში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი?! გამაგებინეთ, ხალხო, რად უნდა დაახლოებით 40000 ლარი ერთი პატარა მოედნის მოწყობას, ა? შემთხვევით, ეს თანხა წინასაარჩევნო ყულაბაში ხომ არ მიდის და მხოლოდ რამდენიმე ათასს გადმოაგდებენ ამ ჩვენი მოედნებისათვის. ვის ატყუებენ ესენი?“ - აცხადებს ზაური (გვარს არ ასახელებს).

„მსგავსი მოედანი ჩემს მულიშვილთან გააკეთეს წლების წინ, მაგრამ რამდენიმე კვირაში მოსპეს ბავშვებმა და გააოხრეს. ალბათ, ცუდი ხარისხით ჰქონდათ გაკეთებული. ნამდვილად არ მსურს ამოდენა თანხა, რაც ამ მოედნებისთვის გამოიყოფა, ისევ ქარს გავატანოთ,“ - ამბობს ქალბატონი ნინო.

მცირე ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედნების მოწყობა აგვისტოდან დაიწყება და ოქტომბერში დასრულდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია