დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრომეთეს მღვიმის პროექტის ავტორი განგაშს აცხადებს!
2012/06/18 12:40:27

„მუშა კი არა, ტურისტიც მღვიმის გაუმაგრებელ მონაკვეთს გადის ნავით...“

 

„მეგობრებო, მე ვაცხადებ განგაშს!
ქუთაისში (პარლამენტის მშენებლობაზე) მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წყალტუბოში - პრომეთეს მღვიმის ჩვენ მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემის შემდგომ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა ელვისებური ექსპრეს-პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წყალზე ნავებით გამოსასვლელის მოწყობას. 

სამუშაოები ჩატარდა არარეალურად მოკლე პერიოდში და უსერიოზულესი დარღვევებით!!! ძლიერი აფეთქებების გამო (ყოვლად დაუშვებელია), მღვიმის ჭერის მონაკვეთი დაზიანებულია, ხოლო მდგრადობის უზრუნველმყოფელი ბალანსი დარღვეულია...“

ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თეიმურაზ ჩოჩუამ გაავრცელა მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც განცხადების ავტორი ამბობს, საჭიროა, მღვიმეს ჩაუტარდეს სიტუაციის მრავალმხრივი ექსპერტული შეფასება. სახელმწიფო (დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახით) სრულ იგნორირებას უკეთებს სპეციალისტებსა და ობიექტის მშენებლებს.

 

facebook-ზე დადებული კომენტარები

 

მიშო ბიქანიშვილი: „ამან შეიძლება, საერთოდ, მღვიმის გაქრობა გამოიწვიოს? რამდენიმე წელიწადში? ძალიან საინტერესოა, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას!“

თეიმურაზ ჩოჩუა: „მღვიმე არის ცოცხალი, მაგრამ მისი მიკროკლიმატი ამჟამად არ არის დაცული, თუ აიწია ტემპერატურამ სამი ან მეტი გრადუსით, დაიწყება სოკოს მოდების პროცესი და მიკროკლიმატი იქნება მშრალი. შემდეგ იქნება სტალაქტიდების ცვენა! მივიღებთ მკვდარ მღვიმეს.“

ლევან პირველი: „მაინტერესებს ამ მღვიმეში წყლის ნაკადის დონე მუდმივია თუ ნალექზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული? თუ ეს მეორე, მაშინ მღვიმის შიდა კედლების დაზიანება გამოიწვევს აუცილებლად ცვლილებას ნალექის სიდიდეში, რაც ან საერთოდ ამოაშრობს ან კიდევ პირიქით, ყოველი წვიმის შემდეგ, მღვიმეს შეუვალს გახდის. ამას cave driver-ის (მღვიმეებში ვყვინთავ) გადასახედიდან ვამბობ. დიდი წვიმის შემდეგ კი, ძალზე ადვილია ქანის ჩამოშლა, ეგეთ მღვიმეში კი პენეტრაცია დიდ საშიშროებას წარმოადგენს. ისე, რა სიღრმის არის მღვიმე?“

თეიმურაზ ჩოჩუა: „სამუშაოთა ჩატარების ადგილზე დაახლოებით შვიდი ან რვა მიწისქვეშა ნაკადი ერთდება. წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნაკადი აქტიურდება. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ერთი ნაკადი ანკარაა, ხოლო მეორე მღვრიე, ან პირიქით. პროექტი ისე გაკეთდა, რომ მყვინთავებზე ფული დაზოგეს, არ არის სიფონები და ფსკერი დეტალურად აგეგმილი და ბევრი სხვა რამ. ძლიერი წვიმის დროს ოციოდე წუთში მღვიმე იტბორება, რამდენიმე მეტრით იწევს, ხოლო „ოფიჭოს“ მხრიდან მოსალოდნელია წყალმოვარდნები. კიდევ კარგი, რომ მკერავებმა არ გააკეთეს!“

მამუკა სანებლიძე: „თემურ, რასაც ამბობთ, საგულისხმო და საყურადღებოა, მაგრამ, თუ მიმართეთ ოფიციალურად დაცული ტერიტორიების სააგენტოს ან ტურიზმის დეპარტამენტს?“

თეიმურაზ ჩოჩუა: „ბატონო მამუკა, ჩემზე კარგად უწყით, რომ დღევანდელი სამხარეო ადმინისტრაცია და უწყებები, როგორ ახორციელებენ „წარმატებულ პროექტებს“. ვთვლი, რომ პრეზიდენტს ატყუებენ და ეს უნიჭო ხალხი ცდილობს, მოირგოს იდეების გენერატორებისა და ბრწყინვალე ორგანიზატორების მანტია. კითხვაზე გპასუხობთ, რომ ყველა ჩავა-ყენე საქმის ყურში (არქიტექტორისა და სამუშაოთა მწარმოებლის ჩათვლით). პასუხად მივიღე „იგნორი“.

ჩვენ ვიცით, რომ ბუნებას ვერ შეეწინააღმდეგები. წყალმოვარდნების შემთხვევაში, ვაძლევთ წყალს საშუალებას, რომ თავისუფლად და დაუბრკოლებლად გაიაროს მღვიმე და რთული ადგილები. სამაგიეროდ, დიდ ყურადღებას ვაქცევთ პრევენციას - მეტეოსადგურებისა და ნალექმზომების, დატალოგერებით აღჭურვილი წყლის დონის დამაფიქსირებელი დანადგარების მეშვეობით, წყალშემკრებ აუზებში ვაწარმოებთ მუდმივ დაკვირვებას, ვაანალიზებთ მასალებს, რაც ტურისტთა დროულად ევაკუირების საშუალებას გვაძლევს.“

 

***               

რეაბილიტირებული პრომეთეს მღვიმე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ 26 მაისს გახსნა და იქ უკვე ტურისტთა ნაკადი ყოველდღიურად დადის. დაჩქარებული წესით სხვადასხვა ობიექტის მშენებლობა თუ მოპირკეთება ტრადიციად იქცა. ფაქტი ფაქტს ემატება და პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს.  

რამდენიმე წელია, პრომეთეს მღვიმის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ტურისტული ბიზნესისათვის დაიწყო სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება. დღეს კი პრომეთეს მღვიმის ტურისტული განვითარების პროექტის ხელმძღვანელი თეიმურაზ ჩოჩუა აცხადებს, რომ მღვიმესა და იქ შესულ ტურისტებს საფრთხე ემუქრება! ჩვენ დავუკავშირდით ბატონ თეიმურაზს. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც პროექტის ავტორი იმ დეტალებზე საუბრობს, რომელიც ჯერ არ გახმაურებულა.

- ბატონო თეიმურაზ, რა ოფიციალური დასკვნები არსებობდა მღვიმეში სამუშაოების დაწყებამდე?

- პირველ რიგში, არსებობდა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად (გეოგრაფიის ინსტიტუტი, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, გარემოს დაცვის  სამინისტროს ექსპერტი, მკვლევარი სპელეოლოგები და სხვა) ჩემ მიერ შემუშავებული კონცეფცია და გეგმა, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასა და თავად პრეზიდენტს გავუზიარე (ზეპირად) 2010 წლის 24 მაისს. გადაწყდა, რომ, როგორც მთავარი კონსულტანტი, ვიმუშავებდი პროექტის საბოლოო ვარიანტზე. მოვიწვიე ყველა საჭირო ორგანიზაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოში. ამის მერე გამოიყო ფული ადგილობრივი ბიუჯეტიდან და განვითარდა ცოტა უცნაური მოვლენები:
დაფარული გახდა თანხების ოდენობა და პრიორიტეტები;
ამ პროექტისთვის საჭირო ძირითადი კვლევა (მყვინთავებისა და სპელეოლოგების მიერ გასაჭრელი სიფონების ზუსტი აგეგმვა და შენაკადების შესწავლა) არ დაფინანსდა და მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციით შემოიფარგლნენ ამ ნაწილში. ზუსტად აქ დაიწ-ყო ჩვენი უსიამოვნებები.

შემდგომ: ქურდულად წაიღეს ჩემი და ჩემი კოლეგების კვლევები; თავი აარიდეს („მოდი, ხვალ გავაკეთოთ, ან ზეგ“) კონტრაქტის გაფორმებას, მიუხედავად იმისა, რომ ავანსის სახით თანხა გადაიხადეს.
არსებობდა ჩემ მიერ გადაცემული შემდეგი მასალები: გეოლოგებისა (გეოინდუსტრია) და სამთოელების (სამთო ინსტიტუტი) დასკვნები; ჩემ მიერ შემუშავებული კონცეფცია და გეგმა; ჩვენ მიერ აზომილი საწყალოსნო მონაკვეთის სივრცისა და ფსკერის პარამეტრების შესახებ მონაცემები;
გეოდეზიური რუკა დონეთა პარამეტრების მითითებით.

საბუთებს აკლდა: ზემოთ ნახსენები წყალქვეშა კვლევები; ჰიდროტექნიკური დასკვნები და რეკომენდაციები; გასაჭრელი გვირაბების პროექტი, ამ სამუშაოთა წარმოების დეტალები.

- რა ტერიტორიაზეა განხორციელებული სამუშაოები და კონკრეტულად, რა ჩატარდა?

- სამუშაოები განხორციელდა: პორტალიდან მდინარე ყუმის გასწვრივ მეორე დამბამდე; პორტალიდან მიწისქვეშ და წყალქვეშ მღვიმის მიმართულებით 300 მეტრის მანძილზე.
გარეთ მოხდა ორი დამბის რეაბილიტაცია და ერთი დამბის მოშლა, მოეწ-ყო ხელოვნური ტბა ნავმისადგომით;
მიწისქვეშ გაფართოვდა ჭერი, გაიჭრა სამი სიფონი (წყალში ჩაშვებული კლდე) და მოეწყო შიდა ნავმისადგომი. უნდა გაკეთებულიყო ორი შლუზი (ჰაერის გადინების დამცავი სისტემა).

- რა შედეგი გამოიღო ამ სამუშაოებმა?

- გარეთ ჩატარებული სამუშაოები საკმაოდ კარგად არის შესრულებული და ძალიან მომეწონა; შიდა სამუშაოების წარმოებისას დაიწყეს დიდი მუხტებით აფეთქება, შეიყვანეს მიწისქვეშ მძიმე ტექნიკა და ბოლო ეტაპზე სერიოზულად არ გაუმართლათ - გაირღვა ჭერი! ეს კატასტროფის ტოლფასია.

- რას გულისხმობთ მძიმე ტექნიკაში?

- არსებობს ამწესავით დანადგარი, რასაც „კოდალას“ ეძახიან (წვეტით არტყამენ მიწაზე და ქვებს შლიან). დიდი ტექნიკით მიწაზე დარტყმა იწვევს ლოკალურ ძლიერ ვიბრაციას. იქ, სადაც არის ბზარიანი მონაკვეთები, გეოლოგების დასკვნების მიხედვით, ასეთი სამუშაოების ჩატარება ძალიან საშიშია არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ - თავად მშენებლებისთვისაც. საჭირო იყო ჯერ გამაგრება მაინც, როცა მუშა შეგყავს (დარტყმებზე არ არის საუბარი ამ შემთხვევაში), მუშა კი არა, ტურისტიც დღეს გაუმაგრებელ მონაკვეთს გადის ნავით.

- იყო თუ არა თავიდანვე გათვალისწინებული ის შედეგები, რის შესახებაც დღეს საუბრობთ? თქვენ ხომ მონაწილეობდით ამ პროცესებში...

- 2012 წლის მეორე თვიდან „გადავეცით საჩუქრად“ მღვიმე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ჩემს იქ ყოფნაში ვერ ბედავდნენ ვერაფერს), რის შემდგომაც დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა და დამკვრელური ვადებით მუშაობა.

- რა მდგომარეობაა დღეს პრომეთეს მღვიმეში?

- მღვიმე   ცუდ  დღეშია  ორი   რამის   გამო: ეკოლოგია არ არის დაცული;
უსაფრთხოების ფაქტორები სასაცილო დონეზეა.

- გავრცელებული ინფორმაციით, ამ ინფრასტრუქტურული  ღონისძიებებისათვის გამოყოფილია 15 მილიონი ლარი... როგორ ფიქრობთ, არ იყო ეს თანხა საკმარისი იმისათვის, რომ მიწისქვეშა დაკვირვებები და მყვინთავები დაფინანსებულიყვნენ?

- მე  ურთულესი ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი და მენეჯერი ვარ. ჩვენს კომპანიას, ვიცი, რაც დაუჯდა ეს პროექტი, ჯერ არ გეტყვით. 15 მილიონი ლარი ალბათ რამდენიმეჯერ მეტია, ვიდრე საჭირო იყო.

- ანუ 15 მილიონი ლარი საკმარისზე მეტი იყო?

- უცხოელი სპეციალისტები (პოლონელი და გერმანელი მკვლევრები) კლდეების გამოჭრაში მათ მიერ შემუშავებული ორიგინალური ტექნოლოგიით, სულ 55-60 ათას ევროს ითხოვდნენ. ამას შეიძლება დაემატოს მოჭრილი ქანების გამოტანისა და ჭერის გაფართოების თანხა. ეს მხოლოდ სიფონურ მონაკვეთებს ეხება. რა თქმა უნდა, სხვა სამუშაოებიც არის შესრულებული, მაგრამ დასახელებული თანხა სერიოზულად მეტისმეტია.

რაც შეეხება თანხებს, ამგვარ ობიექტებზე ჩემზე კარგად საქართველოში ვერავინ გიპასუხებთ, ვინაიდან ლარამდე და, თუ საჭიროა, თეთრამდეც შემიძლია დავაკონკრეტო ყოველი სამუშაოს რეალური ღირებულება.

- ბატონო თემურ, ის განათებები თუ სხვადასხვა „აქსესუარი“, რაც ტურისტების მოსაზიდად არის გაკეთებული, რამდენად მყარია და არ აზიანებს მღვიმეს?

- ჩვენ მიერ დამონტაჟებული სისტემა უნიკალური და ძალიან ძვირადღირებულია. ის მინიმუმამდე მოქმედებს ბუნებაზე. რა ჯანდაბა დაამატეს და ააჭრელეს ამ საქმის შესაბამისი გამოცდილების არმქონე ქართული კომპანიის მეშვეობით, არც კადრულობენ, მითხრან.

- სამუშოები დასრულებულია თუ არა, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ საფრთხე ავიცილოთ და უნიკალური ადგილი შევინარჩუნოთ?

- სამუშაოებს დასრულებულად თვლიან და დღეში 1000 ტურისტი ჩაჰყავთ. აი, ამის გამო ვღელავ! ფულს ითვლიან უკვე, შემოსავლებს. ჯერ მინდა, რომ კოლეგებთან ერთად სერიოზულად დავათვალიერო ყველაფერი. სამწუხაროდ, გარღვეულ მონაკვეთს ვერ ვნახავ (რა ხდება შიგ), ვინაიდან ბეტონით დაფარეს და ბეტონის თავზე ქვიშიანი ტომრები დაალაგეს (ქვების ცვენის დროს რომ ბეტონის საფარი არ გაირღვეს, მაგრამ თუ დიდი ლოდი იქნება?). ყველა მონაცემი ფოტოებით ვიცი. ამის მერე მაგათვე უნდა მივმართო? აბსურდია! საერთოდ, რა სახელმწიფო უწყების საქმეა ტურისტული ცენტრების მართვა? მართვა უნდა ხორციელდებოდეს ბიზნესის მიერ. სახელმწიფომ კი უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა, მკაცრად აკონტროლოს ბუნების ძეგლის დაცვასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების დროული და კვალიფიციური შესრულება, ნორმატიული დოკუმენტებით, უნდა დაავალდებულოს ბიზნესი, რათა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ესენი ძალიან გაერთნენ კომერციული ობიექტების მშენებლობებითა და ბიზნესის მართვით. ხალხო, აქ ძალიან ბევრი კითხვაა და სჯობს, დროზე ამოვიღოთ ხმა, სანამ ვიღაცის ბებია ან მამიდა არ გახდება ამ ობიექტის „კეთილსინდისიერი მფლობელი“.

მე მღვიმის სიტუაციაზე მომჩივანი პირი კი არა, ამ პროექტის ავტორი ვარ, რომელმაც თავისი ცხოვრების ხუთი წელი მიწის ქვეშ გაატარა და ბუნებრივია, რომ გული შემტკივა მასზე და ჭინკებს არ ვეძებ საჭინკეთში!“

 

საკითხთან დაკავშირებით ხელი-სუფლების პოზიციის გასაგებად ეკონომიკის სამინისტროს საზოგა-დოებასთან ერთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. მათ კი, დაცული ცერიტორიების სააგენტოსთან გა-დაგვამისამართეს. მიუხედავად ჩვენი მრავალმხრივი მცდელობისა, სააგენ-ტოსგან პასუხი ვერ მივიღეთ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია