დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის პარლამენტის მშენებლობას კიდევ ერთი სიცოცხლე შეეწირა!
2012/06/11 13:06:40

7 ივნისს ქუთაისში, ახლადაშენებული პარლამენტის ერთ-ერთი ფლიგელის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილი ზეტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთის მკვიდრი, მშენებლობის ბრიგადირი, 55 წლის რეზო ნებიერიძეა. იგი, თავის სამ შვილთან ერთად, პარლამენტის მშენებლობაზე იყო დასაქმებული. მემორიალის აფეთქებისას დაღუპული დედა-შვილის შემდეგ, ეს ამ ტერიტორიაზე მომხდარი კიდევ ერთი ტრაგედიაა.

 

 

საინფორმაციო სააგენტოები მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ფლიგელის ჩამონგრევისას 22 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მისივე თქმით, ნგრევის შედეგად სხვა დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

„მიმდინარე მოვლენების დროს პარლამენტის შენობასთან ვიმყოფებოდი. შენობა თბილისიდან ჩამოსულ სამართალდამცავებს გადაკეტილი ჰქონდათ და ჟურნალისტებს პარლამენტის ეზოში შესვლას გვიკრძალავდნენ. სამართალდამცავები ამბობდნენ, რომ აქ  მსგავსი არაფერი მომხდარა, დროზე დატოვეთ ტერიტორიაო“.

პარლამენტის ეზოში მყოფი მუშებიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბოდნენ. როგორც თავად წამოსცდათ, პოლიციელებს გაფრთხილებული ჰყავდათ, რომ ჟურნალისტებთან არაფერი ეთქვათ. დაუყოვნებლივ მოვითხოვეთ მშენებლობის მენეჯერთან, კობა გელაძესთან გასაუბრება. დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე გელაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი მტკიცებით, არა თავად ქუთაისის პარლამენტის შენობა, არამედ - მისი დამხმარე ნაგებობების ერთ-ერთი ხარაჩოა ჩამონგრეული.

„მიმდებარე შენობის დამხმარე ნაგებობების ერთ-ერთი ხარაჩოა ჩამონგრეული. ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დაღუპულის ან დაშავებულის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გვაქვს,“ - განაცხადა გელაძემ და დაუყოვნებლივ დატოვა პარლამენტის ტერიტორია.

მოგვიანებით, თავად პრეზიდენტმა განაცხადა (პირდაპირ ეთერში), რომ ქუთაისის პარლამენტში მართლაც ჩამოინგრა ხარაჩო და გარდაიცვალა ერთი ადამიანი, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია. პრეზიდენტმა ქუთაისსა და სხვაგან ჩამონგრეული მშენებლობების ხელმძღვანელების სისხლის სასამართლოს პასუხისმგებლობა დააყენა.

მოვახერხეთ პარლამენტის ეზოში შესვლა და გავესაუბრეთ რამდენიმე მუშას.

ერთ-ერთი მუშის თქმით, ხარაჩოზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. ე.წ. „აპალოვკამ“ ვერ გაუძლო და ჩამოინგრა, ქვეშ კი მშენებლობის ბრიგადირი, 55 წლის ზესტაფონელი კაცი მოიყოლა. დანარჩენი ოთხი ადამიანი თავს კარგად გრძნობს.

„პარლამენტის ადმინისტრაციული ნაწილი სამსართულიანი შენობაა, ნგრევა კი მისი მეორე სართულიდან მოხდა,“ - განაცხადა მუშამ.

შემთხვევის ადგილზე მშენებლობაზე მომუშავე ადამიანების ოჯახები იკრიბებოდნენ, თუმცა ახლობლებთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების  „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქუთაისის ფილიალის მენეჯერის, მაია რუხაძის მტკიცებით, პარლამენტის კანცელარიის შენობის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუხაძის განცხადებით, „ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა იყო მისული. დაშავებულები არ ყოფილან. ერთი ბრიგადა ისე დაბრუნდა, რომ საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა. მეორე ბრიგადამ კი გარდაცვლილი ქალაქის პროზექტურაში გადაიყვანა,“ - განაცხადა რუხაძემ.

პარალელურად, დაშავებულთა შესახებ განსხვავებული ინფორმაციაც გავრცელდა.

როგორც გაზეთ „P.S.“-ს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ოფისის თავმჯდომარემ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნატო ქათამაძემ განუცხადა, ქუთაისის პარლამენტის კანცელარიის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები, სავარაუდოდ, სხვადასხვა რაიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

„ქუთაისში ყველა საავადმყოფო მოიარეს, თუმცა დაზარალებულები იქ არ მიუყვანიათ. შემდეგ ზუგდიდიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ რამდენიმე ადამიანი იქაა გადაყვანილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაზარალებულებს სხვადასხვა რაიონში ანაწილებენ, რათა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა დამალონ,“ - განაცხადა ქათამაძემ.

პარლამენტის შენობის ფლიგელის ჩამონგრევასთან დაკავშირებით კოალიცია ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფის წევრმა ელისო ჩაფიძემ „P.S.“-თან კომენტარი გააკეთა: „იმედი მაქვს, რომ მომხდარ ტრაგედიას  გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან.

პირველ რიგში, მინდა, გამოვხატო მწუხარება დაღუპული ადამიანის ოჯახის მიმართ. იმედი მაქვს, რომ დაღუპულთა რაოდენობა არ გაიზრდება, რადგან არის მონაცემები, რომ სხვა დაშავებულები გადაყვანილნი არიან სხვადასხვა ქალაქის საავადმყოფოებში. პიარღონისძიებებისათვის განკუთვნილი, ასეთი ნაჩქარევი და დაუმთავრებელი შენობები ხშირად მოიტანს მსხვერპლს. ეს შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული და დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც, პრაქტიკულად, ადამიანები შეუშვეს ისეთ შენობაში, სადაც არ იყო მათი უსაფრთხოების ზომები დაცული. დარწმუნებული ვარ, არავინ დაისჯება, იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ცოლების და მათი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა ჩაფიძემ.

ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები ვერ მოვიპოვეთ, რადგან მთავრობის სახლამდე მისასვლელი პოლიციის კორდონით იყო გადაკეტილი.

 

P.S. მეორე დღეს, 8 ივნისს, პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ (ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ ლიდერი)  განაცხადა:     „მე პირადად ვნახე ადმინისტრაციული შენობის კარკასი, რომელიც მეორე სართულიდან, დაახლოებით 12-დან 15 მეტრამდე არის ჩამოქცეული. როგორც ჩანს, შენობამ ბეტონის მასის იმ ნაწილს ვერ გაუძლო, რომელიც ახალი ჩასხმული იყო.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია