დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ნატახტარი-მესტიის ავიარეისის არსებობა ტურისტების მოტივაციას გაზრდის
ავტორი:
2014/ივლისი/14 15:00:02
ნატახტარი-მესტიის ავიარეისის არსებობა ტურისტების მოტივაციას გაზრდის ეწვიონ სვანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატახტარის აეროდრომზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სადაც თბილისი-მესტია-თბილისის ავიარეისის ამოქმედების შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა.
მისი თქმით, მოხარულია, რომ დღეიდან, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ განახლდება ფრენა მესტიის მიმართულებით.
პრემიერის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში სვანეთის მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა, ტურისტებისთვისაც.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ამ ფრენას შეასრულებს ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია "სერვისეირი", რომელთანაც პირველად გაფორმდა გრძელვადიანი კონტრაქტი. კომპანია ახალი, კომფორტული, ჩეხური წარმოების 15-ადგილიანი თვითმფრინავით გადაიყვანს მგზავრებს.
"ჩვენ განსაზღვრული გვაქვს 3 წლის განმავლობაში ლიმიტირებული სუბსიდიით წავახალისოთ ავიარეისები, იმისათვის, რომ კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით რაც შეიძლება მეტი რეისის შესრულება და რაც ყველაზე მთავარია, შეძლოს ზამთარში ფრენა. გარდა იმისა, რომ მესტიის მიმართულებით ავიარეისი არის აბსოლუტურად კომფორტული, 45 წუთამდე ამცირებს 7-8 საათიან გზას, ამავე დროს ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ ბილეთის ფასი, რომელიც 65 ლარამდე, იმისათვის, რომ სვანეთის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ამ ავიარეისით სარგებლობა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთელი წლის განმავლობაში სვანეთთან იოლი, რეგულარული და სწრაფი კომუნიკაცია მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, სწრაფი ტრანსპორტირების საშუალება ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება ტურიზმი.
"ტურიზმის ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ნატახტარი-მესტიის ავიარეისის არსებობა გაზრდის ტურისტების მოტივაციას, ეწვიონ სვანეთს. როდესაც ტურისტი ჩაფრინდება ადგილზე, მესტიის მოსახლეობას საშუალება მიეცემა ჩაერთოს ტურისტის მასპინძლობაში და მიიღოს დამატებით შემოსავალი. ეს ხელს შეწყობს რეგიონის გამოცოცხლებას", - მიაჩნია ირაკლი ღარიბაშვილს.
მისივე თქმით, ამ ტიპის ინტენსიური ავიარეისები მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყანას, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საჰაერო ტრანსპორტის ბაზის ჩამოყალიბებას და მის განვითარებას.
"მისასალმებელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიას ექნება საშუალება გადაამზადოს ქართველი მფრინავები და ტექნიკოსები, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი იქნება ქართული მცირე ავიაციის განვითარებისთვის", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია