დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ელენე ხოშტარია - თვითონვე შევქმენით კონტექსტი, რომელმაც ასოცირების დღის წესრიგში ჩვენთვის საზიანო პუნქტის ჩადება შესაძლებელი გახადა
ავტორი:
2014/ივლისი/10 20:00:02
საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანათავმჯდომარის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვის ინიციატივა სავარაუდოდ, ევროკავშირის მხრიდან წამოვიდა, თუმცა მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ინტერესის დაცვა შეიძლებოდა, - ამის შესახებ ხოშტარიამ "ინტერპრესნიუსს" ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვის თაობაზე ასოცირების დღის წესრიგში არსებული ჩანაწერის კომენტირებისას განუცხადა.
"პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ ეს პუნქტი არ დევს თავად ასოცირების ხელშეკრულებაში. ანუ ჩვენ გვქონდა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ არ შეგვეტანა იგი დღის წესრიგში. შესაძლოა, ეს წამოსულიყო და სავარაუდოდ, წამოვიდოდა ევროკავშირისგან, იმიტომ, რომ მათი პოზიცია ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული საკუთარი ინტერესი და შეიძლებოდა მოლაპარაკების პროცესში ამ ინტერესის დაცვა. მთავარი ისაა, რომ ჩვენ თვითონვე შევქმენით ის კონტექსტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენთვის არასასურველი და მე ვიტყოდი, საზიანო პუნქტის ჩადება დღის წესრიგში, იმიტომ რომ 2 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ოკუპაციის შესახებ კანონის გადახედვაზე საუბარი და შევიტანეთ ეს პარლამენტში. როდესაც შენ თვითონ გაქვს არამყარი პოზიცია და შენ თვითონ იწყებ ამ პროცესს, ბუნებრივია, ბევრად უფრო გაუადვილდებოდა ევროკავშირს ამ პუნქტის ჩაწერა. საუბარია იმაზე, რომ ყველანაირი რეალობის ცვლილებების გარეშე, პირიქით რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგრესიულობის გაზრდის პირობებში ჩვენ რატომღაც ვარბილებთ ან ვსაუბრობთ კანონის გადახედვაზე. მაშინ, როდესაც არის ანექსიის საფრთხე, ხდება მავთულხლართების გაბმა, გალის მოსახლეობას ჩამოართვეს პასპორტები და ხდება ადამიანების გატაცება, ჩვენ აბსოლუტურად არაადეკვატურად ვსაუბრობთ ოკუპაციის შესახებ კანონის შერბილებაზე, რაც არ შეესაბამება ჩვენ ინტერესებს", - განაცხადა ხოშტარიამ.
რაც შეეხება ზოგადად ასოცირების დღის წესრიგს, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების სტრუქტურაზე დაყრდნობით არის შექმნილი და სამი წლის განმავლობაში (2014-2016) ერთობლივი მუშაობისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების სიას წარმოადგენს, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ძალიან სასარგებლო დოკუმენტია, ვინაიდან პრაქტიკულად ყველა საკითხზე მნიშვნელოვანი ჩანაწერია გაკეთებული.
"აქ საუბარია, მათ შორის ევროკავშირის ვალდებულებებზე კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, EUMM მისიაზე, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების იმპლემენტაციაზე. ასევე საუბარია დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემაზე, პრემიერისა და პრეზიდენტის ინსტიტუტებს შორის ნორმალური ურთიერთობის აუცილებლობაზე - ეს არის ის თემები, რომელშიც, ევროკავშირს მიაჩნია, რომ საქართველოს აქვს პრობლემა და მე იმედი მაქვს, რომ ამ ჩარჩოში - ასოცირების ხელშეკრულების პროცესში მაინც მოვახერხებთ, რომ ჩვენი დემოკრატიისთვის აუცილებელი პირობები შევასრულოთ", - დასძინა ელენე ხოშტარიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 906
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია