დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლო დღეს გამოაცხადებს
ავტორი:
2014/ივლისი/03 09:00:02
სახელმწიფოთაშორის საჩივარზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შვიდწლიანი განხილვის შემდეგ ღია სხდომაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილებას მხარეების − საქართველოსა და რუსეთის − წარმომადგენლების თანდასწრებით გამოაცხადებს. საქართველოს სახელით გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჩაიბარებს. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა. სამინისტროს დელეგაციაში არიან, ასევე, მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ლევან მესხორაძე.
2007 წლის 26 მარტს საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნასა და შევიწროებაზე და მიზნად ისახავდა ქვეყნიდან მათ მასობრივ გაძევებას.
რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი დევნა შეეხო ათასობით ადამიანს. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა.
საქართველოს საჩივარი სტრასბურგში ემყარება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შემდეგ მუხლებს: კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება), მე-4 ოქმის მე-4 (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) და მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი (უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული გარანტიები) მუხლები. საქართველო ითხოვს ამ უფლებების დარღვევის აღიარებას და დაზარალებულთათვის მორალური და მატერიალური კომპენსაციის მინიჭებას.
2009 წლის 15 დეკემბერს საქმის განმხილველმა პალატამ, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად სასამართლოს დიდ პალატას გადასცა.
2011 წლის 31 იანვრიდან 2011 წლის 4 თებერვლამდე დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე გაიმართა მოწმეთა დაკითხვა. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში დაიკითხა მხარეთა მიერ წარდგენილი 10-10 მოწმე.
2012 წლის 13 ივნისს გაიმართა ბოლო საჯარო სხდომა და პროცედურა დაიხურა. ბოლო სხდომის შემდეგ შედგა თათბირი, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. სათათბირო საიდუმლოების პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების შინაარსი ჯერჯერობით უცნობი რჩება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია