დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი უსაფრთხოების სფეროში ახალი გამოწვევების დარგში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
ავტორი:
2014/ივლისი/02 16:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს უსაფრთხოების სფეროში ახალი გამოწვევების დარგში, სორინ დუკარუს შეხვდა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-ს უელსის სამიტისთვის მზადების პროცესი, ქვეყანაში არსებული პროგრესი, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოების ახალი გამოწვევების სფეროში.
"მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ვიზიტი საქართველოში, პირველ რიგში, უკავშირდება "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა ალიანსისთვის, რომელიც პასუხობს უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს -ენერგო უსაფრთხოებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, CBRN-ს (ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღი), კიბერ თავდაცვას; მაგრამ, ასევე, უკავშირდება ნატო-სა და საქართველოს შორის მუდმივ დიალოგსა და პარტნიორობას, ნატო-ს მჭიდრო კავშირს საქართველოსთან. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ ნატო მიესალმება საქართველოში პროგრესს რეფორმების განხორციელების მხრივ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და მადლიერი ვართ ნატო-ს მისიებში საქართველოს მხრიდან შეტანილი წვლილისთვის; ასევე, იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ჩაერთოს ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში, გააგრძელოს თავისი კონტრიბუცია ავღანეთში ISAF-ის შემდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისადმი და მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, ასევე, ჩვენს მზაობას, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხებზე", - განაცხადა სორინ დუკარუმ.
მან ალექსი პეტრიაშვილს მიულოცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.
"ეს არის მართლაც ისტორიული მოვლენა, მნიშვნელოვანი შედეგი. აღსანიშნავია, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზები ურთიერთშევსებადია და ერთმანეთს აძლიერებს. ეს გზა გულისხმობს როგორც მნიშვნელოვანი შედეგების აღნიშვნას, ასევე, ამ შედეგებს შორის ინტერვალებში ყოვლისმომცველი პრაქტიკული სამუშაოების კეთებას. შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ უამრავ მნიშვნელოვან საკითხს. ვისაუბრეთ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების უახლესი შეხვედრის შესახებ, სადაც მინისტრებმა საქართველოსთვის ყოვლისმომცველი პაკეტის მომზადება გადაწყვიტეს. აღნიშნული პაკეტის შინაარსობრივი მხარის განხილვა მოხდება ნატო-სა და საქართველოს შორის უახლოეს დღეებსა და კვირებში, შესაბამისად რთულია დეტალებზე საუბარი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს იქნება საერთო პროდუქტი, რომელიც პირველ რიგში მიზნად ისახავს საქართველოს ნატოს-თან კიდევ უფრო დაახლოებას", - განაცხადა სორინ დუკარუმ.
ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ორი თემა განიხილეს.
"ორი თემა განვიხილეთ, პირველი, რა თქმა უნდა, ეხებოდა "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის" კონფერენციას. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და უელსის სამიტს, ჩვენ კიდევ ერთხელგავაჟღერეთ ჩვენი პოზიციები ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრიბუცია და დემოკრატიული პროგრესი ადექვატურად, სრულად იყოს ასახული ნატოს გადაწყვეტილებებში უელსის სამიტზე. ვთვლი და ვიმედოვნებ, რომ ეს კონსულტაციები გაგრძელდება უახლოესი პერიოდის განმავლობაში და კონკრეტულად ამ ახალ პაკეტთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი პოზიციები, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 885
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია