დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კარლ ბილდტთან შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის კურსზე ისაუბრეს
ავტორი:
2014/ივნისი/30 17:30:02
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტთან შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის , ასევე მიმდინარე არჩევნებისა და შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე და "ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, გიგა ბოკერია ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ის დიდი წვლილი აღნიშნეს, რომელიც კარლ ბილდტს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში მიუძღვის.
"კარლ ბილდტი არის ერთ-ერთი არქიტექტორი იმ ევროპული პოლიტიკის, რომლის ფარგლებშიც ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. ამიტომ ამ ადამიანს უზარმაზარი ღვაწლი აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს მუდმივად სრულად და კარგად ინფორმირებული ჩვენს პრიორიტეტებზე, ჩვენს პრობლემებზე, იმაზე თუ რა გეგმები აქვს საქართველოს მის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და რა მდგომარეობაა საქართველოს შიგნით შიდა განვითარების კუთხით. სწორედ ეს იყო ძირითადი საკითხები, რაზეც ვისაუბრეთ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გაგრძელება, ევროპული პერსპექტივა, ასევე საფრთხეები, რომელიც არსებობს საქართველოში რუსეთთან და რუსული პოლიტიკიდან გამომდინარე და ბუნებრივია, მიმდინარე არჩევნები და შიდა პოლიტიკური სიტუაცია. გვქონდა ძალიან კარგი და გულახდილი საუბარი, ვინაიდან კარლ ბილდტი არის ის ადამიანი, რომელსაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საქართველოს წარმატებისთვის და ვისი უზარმაზარი წვლილიც არის იმ ხელმოწერაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კარლ ბილდტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად არის თანაავტორი აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეისა, რისთვისაც მას დიდი მადლობა ეკუთვნის თითოეული ჩვენგანისგან. ბოკერიას თქმით, კარლ ბილდტი აგრძელებს საქართველოს მხარდამჭერად ყოფნას საქართველოს საბოლოო ინტეგრაციამდე.
"ეს მისია, როგორც მოგეხსენებათ, არ არის დამთავრებული, ამიტომ კარლ ბილდტთან შეხვედრა და დისკუსია იმ თემებზე, რაც არის ჩვენი მთავარი საგარეო გამოწვევები ამ გზაზე და ასევე საშინაო გამოწვევები, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენივე მთავრობისგან მომდინარეობს და ყველა ამ საფრთხეზე, ყოველთვის ძალიან საინტერესოა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კარლ ბილდტი საქართველოს მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ ეწვია და თბილისიდან ის უკვე უკრაინაში გაემგზავრება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 882
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია