დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებზე 7 ივლისს ექსპერტები იმსჯელებენ
ავტორი:
2014/ივნისი/28 16:00:02
ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ გვქონდეს ინტენსიური ვაჭრობა, როგორც ევროკავშირის, ისე დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით. შესაბამისად, ახლა უნდა დავსხდეთ და ვნახოთ, ხომ არაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქართველო ახალ სავაჭრო სივრცეს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მაია ფანჯიკიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას "საქართველოსთან კონსულტაციების მზადყოფნასთან დაკავშირებით" უკავშირებს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას და აცხადებს, რომ "ლავროვის ეს განცხადება ახალი არ არის".
ფანჯიკიძე აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ერთმანეთს 9 ივლისს შეხვდებიან.
"ეს უკავშირდება რა თქმა უნდა ასოცირების ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველო გადაჰყავს სულ სხვა რეჟიმში, ეკონომიკის და ვაჭრობის მხრივ. ლავროვის განცხადება ახალი არ არის და შესაბამისად, უკვე დაგეგმილია ასეთი შეხვედრა, რომელიც გაიმართება 7 ივლისს პრაღაში. 9 ივლისს კი გაიმართება ბატონ ზურაბ აბაშიძის და ბატონ გრიგორი კარასინის შეხვედრა. მანამდე, ექსპერტების დონეზე მოხდება პოზიციების შეჯერება იმ ახალი რეგულაციების, რომელიც საქართველოსთვის იხსნება და მათი თანხვედრა იმ თავისუფალ რეჟიმთან, რომელიც საქართველოს აქვს დსთ-ს წევრ ქვეყნებთან. ეს არის ჩვეულებრივი ტექნიკური სამუშაო შეხვედრა, რომელიც ძალიან კარგია, რომ გაიმართება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში , ეკონომიკური პოლიტიკის ადაპტაციის მიზნით, კონსულტაციები გამართოს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა Вести в субботу с Сергеем Брилевым-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ნებისმიერ მომენტში მზად არის კონსულტაციებისთვის, მათ შორის ქართველ კოლეგებთან, რადგან სავაჭრო ურთიერთობა რუსეთს უკვე საქართველოსთანაც აქვს.
"ჩვენ და საქართველოს გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები, რომლის გაღრმავება გვსურს", - აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, რუსეთი ამ ვითარებას დააკვირდება ერთადერთი კრიტერიუმით - რამდენად გაურესდება სავაჭრო პირობები რუსეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონაში რჩებიან.
"რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ გვაღელვებს რუსეთის ინტერესები, ასევე იმ ქვეყნების, რომლებიც საბაჟო კავშირში არიან, კერძოდ, ბელორუსის და ყაზახეთის. ცდილობენ ჩვენ დაგვარწმუნონ, რომ არაფერი საშინელი არ მოხდება და რუსეთიც, როგორც უკრაინა, მოგებული დარჩება",- აღნიშნა ლავროვმა.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 27 ივნისს გააფორმეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 977
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია