დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უჩა ნანუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ავტორი:
2014/ივნისი/26 12:00:02
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიან იაგლანდს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახალხო დამცველის პრესსამსახურიდან აცნობეს, ომბუდსმენმა მადლობა გადაუხადა იაგლანდს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოსთვის აქტიური მხარდაჭერისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების, კარგი მმართველობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ემსახურება.
უჩა ნანუაშვილმა გენერალურ მდივანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ, მიმოიხილა ამ სფეროში გასული წლის პოზიტიური ცვლილებები და ისაუბრა დღემდე არსებულ გამოწვევებზე.
ომბუდსმენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელობაზე, ადმინისტრაციული კოდექსის მოდიფიცირებასა და ადმინისტრაციული პატიმრობის 90-დღიანი ვადის 15 დღემდე შემცირებაზე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის გაზრდასა და მისთვის დახურული ტიპის დაწესებულებებში ფოტო გადაღების უფლების მინიჭებაზე.
სახალხო დამცველმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპის საბჭოს დახმარებით ახლახან მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი რეალურად ამუშავდება და ომბუდსმენის ოფისი შეძლებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად ეფექტურ საქმიანობას.
სახალხო დამცველმა გენერალურ მდივანს, ასევე, საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების დროულ დაწყებაში მხარდაჭერა სთხოვა.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი, სანდო ინსტიტუტის როლს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების და კანონის უზენაესობისა და საზოგადოებაში თანასწორობის სულისკვეთების დამკვიდრების პროცესში. იაგლანდმა სახალხო დამცველს სამომავლო საქმიანობაში ევროპის საბჭოს მიერ დახმარება აღუთქვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 956
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია