დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარტიები პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ცესკოს და მთავარ პროკურორს მიმართავენ
ავტორი:
2014/ივნისი/25 15:30:03
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ცესკოს თავმჯდომარესა და მთავარ პროკურორს მიმართავენ. როგორც პარტიების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი აღნიშნული თანამდებობის პირებს 4 ძირითადი მოთხოვნით მიმართავენ.
"ინტერპრესნიუსი" არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებს ვაფასებთ როგორც უკან გადადგულ ნაბიჯად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.
საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებიდან მმართველი კოალიცია ერთადერთია, ვინც დადებით შეფასებას აძლევს მიმდინარე არჩევნებს. მყისიერი რეაგირების ნაცვლად ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს წარმოშობილ პრობლემებს, რითაც მინიმუმამდე დაჰყავს ოპოზიციური პარტიების ნდობა საარჩევნო პროცესებისადმი და აღრმავებს პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა მნიშვნელოვან პრივილეგიას ანიჭებს მმართველ პოლიტიკურ გუნდს და არ ქმნის თანაბარ პირობებს საარჩევნო სუბიექტებისათვის. მმართველმა კოალიციამ თავიდანვე აირჩია პოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის არადემოკრატიული მიდგომა, როდესაც უარი თქვა წინა ხელისუფლების მიერ ჩამოყალიბებული უსამართლო საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე და ცვლილებები ისე განახორციელა, რომ არ გაითვალისწინა ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.
წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირებლო ორგანიზაციების მიერ დაფიქსირდა შემდეგი მნიშვნელოვანი დარღვევები:
• საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების დროს ყველა დონის საარჩევნო კომისიის ე.წ. "პროფესიული ქვოტა" (13-დან 6 წევრი) თითქმის მთლიანად დაკომპლექტდა "ქართული ოცნების" აქტივისტებით, მაშინ როდესაც კომისიების დანარჩენი "პარტიული კვოტის" 7-დან 6 წევრი, კანონმდებლობის თანახმად, ისედაც მმართველი კოალიციის მიერ დაინიშნა. შედეგად "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო უბნებზე მოიპოვა უპრეცედენტო პრივილეგია;
• ამომრჩეველთა სიები - ხელისუფლების დაპირება ამომრჩეველთა ბიომეტრული ვერიფიკაციის შესახებ შეუსრულებელი დარჩა. ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ამომრჩეველთა მთელი რიგი ჯგუფებისათვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის მიმართულებით (იძულებით გადაადგილებული პირები, მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირები, ვადაგასული პირადობის მოწმობის მქონე პირები), თუმცა ამის საპირისპიროდ, ცალკეულ ოლქების ამომრჩეველთა სიებში დაფიქსირდა უჩვეულო ზრდა;
• საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ოპოზიციური კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნისას ადგილი ჰქონდა არათანმიმდევრულ მიდგომას. ერთი და იგივე პირობებში დარეგისტრირდა მმართველი პარტიის და არ დარეგისტრირდა ოპოზიციის კანდიდატები;
• ოპოზიციის პრაქტიკულად ყველა კონკურენტუნარიან კანდიდატების მიმართადგილი ჰქონდა ზეწოლის ან მოსყიდვის ფაქტებსარჩევნებიდან მათი კანდიდატურების მოხსნის მიზნით. ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები აღნიშნული აქტივობის შემსრულებლად მმართველი კოალიციის საარჩევნო შტაბებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (სუს) წარმომადგენლებს ადანაშაუ-ლებდნენ. ოპოზიციურ კანდიდატებისადა მათ მხარდამჭერების მიმართ ასევე დაფიქსირ-და ძალადობისა და საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელისშეშლის არაერთი შემთხვევა მმართველი კოალიციის აქტივისტების მხრიდან, რომლებსაც ძალოვანი უწყებების მიერ პრაქტიკულად რეაგირება არ მოჰყოლია;
• მედია გარემო - უფასო სარეკლამო დრო გადანაწილდა მხოლოდ 3 სუბიექტზე. შეზღუდული იყო აგრეთვე სხვა საარჩევნო სუბიექტების კანიდატების უფლება - მონაწილოება მიეღოთ სატელევიზიო დებატებში;
• საარჩევნო კამპანიის დაფინანსება - შემოწირულობები საარჩევნო ფონდებში ძირითადად მოზიდული იქნა მმართველი პარტიის მიერ: სულ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულმა ჯამურმა შემოწირულობებმა შეადგინა 4,589,286 ლარი, მ.შ. "ქართული ოცნება-დემოკრატიულისაქართველოს" სასარგებლოდ - 3,742,430 ლარი. შემაშფოთებელია საარჩევნო პროცესზე "შავი ფულის"გავლენის არსებითი მასშტაბებიც. ჩვენი შეფასებით, დეკლარირებული საარჩევნო დანახარჯები რეალურის დაახლოებით 20-25%-ს შეადგენს.
• ხელისუფლება შეუზღუდავად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნო მიზნებისთვის. პრაქტიკულად არ არსებობდა განსხვავება მმართველ კოალიციასა და სახელისუფლებო ორგანოების საქმიანობას შორის. ადმინისტრაციული აპარატი და შსს ღიად და ფარულად იყვნენ ჩართული საარჩევნო კამპანიაში. იყო შემთხვევები, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო პირდაპირ ახორციელებდა კანდიდატების შანტაჟს, გატაცებასა და დაკავებას;
კენჭისყრის დღეს: რიგ საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა გამოძევებას, რის გამოც მათ არ მიეცათ ხმების დათვლის პროცედურაში მონაწილეობის საშუალება;
• ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ყველა წინა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობას. რამდენიმე უბნების გადათვლის შედეგად დადასტურდა, რომ გაბათილებულია ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ მიცემული ბიულეტენები;
• მასობრივად ხდებოდა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა და ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების დამატება, რაც დასტურდება როგორც ახალქალაქში და მარნეულში მოპოვებული ვიდეო მასალით, აგრეთვე საარჩევნო უბნების შემაჯამებლი ოქმებით, სადაც ჯერ შეტანილია ხმების რაოდენობა და მხოლოდ შემდეგ სიაში ხელმოწერების რაოდენობა;
• მაღალია იმ დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობა, სადაც მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა არ ემთხვევა ნამდვილი და ბათილი ხმების ჯამს. შესწორების ოქმები შედგენილია საოლქო კომისიებში, ხოლო საუბნო კომისიის ოქმებზე ხელმოწერები გაყალებულია ან საერთოდ ხელმოუწერელია;
• რიგ უბნებზე მმართველ პარტიას აქვს არარეალურად მაღალი შედეგები (90% და მეტი), ხოლო ოპოზიციურ პარტიებს პროპორციული სისტემით მიღებული აქვთ უფრო დაბალი შედეგი ვიდრე მაჟორიტარულით (ბარიერის არგადალახვის მიზნით ჩასწორდა ძირითადად პროპორციული არჩევნების მონაცემები);
• საარჩევნო უბნების მასალები ხშირ შემთხვევებში არ არის დალუქული დადგენილი წესით, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის ბიულეტენების გადათვლას;
• საოლქო კომისიები საჩივრებს განიხილავენ არსებითი განხილვისა და მტკიცებულებების შესწავლის გარეშე(ზოგიერთ რეგიონში არასახელმწიფო ენაზე).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კრიზისული სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ქვემორე ხელისმომწერი სუბიქტები მივიჩნევთ, რომ:
1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარებულა დემოკრატიულად, ხოლო მისი შედეგი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების ლეგიტიმური ასახვას;
2. მოვითხოვთ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოახდინოს სადავო უბნების გადათვლა. იქ, სადაც ვერ ხერხდება რეალური შედეგების დადგენა, ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა;
3. პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ინფორმაციას დარღვევების შესახებ;
4. იქ სადაც იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული პროკურატურამ მიიღოს შესაბამისი ზომები", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: "თავისუფალი საქართველო", "ახალი მემარჯვენეები", "საქართველოს ლეიბორისტული პარტია", "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა", "რეფორმატორები". "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "მერაბ კოსტავას საზოგადოება", "სახალხო პარტია", "ევროპელი დემოკრატები", "ჩვენი საქართველო" და "ქრისტიან- დემოკრატიული პარტია".






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია