დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისში კონფერენცია "არგო 2014 - ლეგენდის გაცოცხლება" გაიმართება
ავტორი:
2014/ივნისი/24 13:30:03
თბილისში ტიმ სევერინისა და "ახალი არგონავტების" საქართველოში მოგზაურობიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია "არგო 2014 - ლეგენდის გაცოცხლება" გაიმართება.
ამის შესახებ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ასოციაცია "კულტურათა დიალოგი XXL"-ს პრეზიდენტმა ვალერი ასათიანმა, ასოციაციის დამფუძნებელმა მიხეილ ლოლაძემ, პროექტის ხელმძღვანელმა ილია ფერაძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ რუსუდან მამაცაშვილმა განაცხადეს.
ვალერი ასათიანის თქმით, კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.
მისივე თქმით, ტიმ სევერინთან ერთად ჩამოდის 10 "არგონავტი", რომლებიც 30 წლის წინანდელ ექსპედიაციაში მონაწილეობდნენ.
"ჩვენთვის დღეს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ წარმოჩნდება საქართველო თავისი ისტორიითა და დღევანდელობით. შეიძლება ითქვას, რომ ლეგენდების გაცოცხლება ხდება. კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმ მოვლენას, რომ საქართველოს აქვს ტრადიციები განმტკიცებული ისტორიული წყაროებით", - აღნიშნა ვალერი ასათიანმა.
რუსუდან მამაცაშვილის თქმით კი, ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ქვეყანას მარკეტინგის კუთხითაც დაეხმარება. "როგორც იცით, ღონისძიება მედიის საშუალებით ფართოდ გაშუქდება. დაიწერება სხვადასხვა სტატიები ჟურნალ–გაზეთებში თუ ინტერნეტ სივრცეში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიესალმება ამ ღონისძიებას. ჩვენ თავიდანვე გამოვხატეთ ინტერესი მხარი დაგვეჭირა მისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ამ ღონისძიების შედეგად გამოხმაურება საკმაოდ დიდი იქნება და ქვეყანას ცნობადობის ამაღლების კუთხით მოუტანს დიდ წარმატებას", - აღნიშნა რუსუდან მამაცაშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
30 ივნისს კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება. 1 ივლისს, ტიმ სევერინი და "არგონავტები" ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან. 2 ივლისს დაგეგმილია შეხვედრა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. 3 ივლისს მოეწყობა ღვინის ტური კახეთში. 4 ივლისს კი იგეგმება ძველი თბილისის დათვალიერება და შეხვედრა "კასტელისა" და "სარაჯიშვილის" ქარხნებში.
ტიმ სევერინი საქართველოს 30 ივნისს ეწვევა და 6 ივლისის ჩათვლით დარჩება.
მსოფლიოში ცნობილი მოგზაური, მეცნიერი და მწერალი ტიმ სევერინი, არგონავტების საერთაშორისო ეკიპაჟთან ერთად საბერძნეთიდან თურქეთის გავლით, ძველი ნახაზებით აგებული ხის გალერით "არგო" საქართველოს 1984 წელს ეწვია. ექსპედიციის მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-13 საუკუნეში ბერძნებს შეეძლოთ მოეღწიათ კოლხეთამდე, სადაც მათ დახვდათ მაღალგანვითარებული სახელმწიფო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 881
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია