დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიების გაცემის წესის შესახებ პროექტი მთავრობის სხდომას 26 ივნისს წარედგინება
ავტორი:
2014/ივნისი/23 11:30:02
საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა სამართლებრივ ჩარჩოებში და გამორიცხული იქნება თვითნებობა ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან , - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის, ეკატერინე ქარდავას ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა.
მათი განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობა ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. აღნიშნული პროექტი მთავრობის სხდომას ხუთშაბათს, 26 ივნისს წარედგინება.
ნინო კობახიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და გაჩნდა კითხვები სახელმწიფო მოხელეების, მაღალი თანამდებობის პირების მიერ განსაკუთებით დიდი ოდენობით მიღებულ პრემიებთან დაკავშირებით.
"სწორედ ამიტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ საკითხზე მუშაობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო, ამ დროისთვის უკვე შემუშავებულია პრემიების გაცემის წესი და სულ მალე წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. აღსანიშნავია, რომ პრემირების წესის შემუშავებაში ჩვენ გავითვალისწინეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, მივუსადაგეთ საქართველოს რეალობას" , - აღნიშნა ნინო კობახიძემ.
მისივე თქმით, დღეისათვის უკვე დადგენილია პრემიის ზღვრული ოდენობა, რომლის ზემოთაც დაუშვებელი იქნება პრემიის გაცემა, განსაზღვრულია როგორც პრემიის გაცემის პერიოდულობა, აგრეთვე პრემიის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების წრე.
"ეს გახლავთ მნიშვნელოვანი სიახლე, ეს არის ერთგვარი შეზღუდვა, რომელიც უკრძალავს ხელმძღვანელ პირს საკუთარ თავს გამოუწეროს პრემია. ამიერიდან ვერავინ ვეღარ შეძლებს ამ სრულიად მანკიერი წესით ბიუჯეტის ფულის ხარჯვას",-განაცხადა კობახიძემ.
როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 1 ივლისისთვის დაგეგმილია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის წარდგენა ფართო საზოგადოებისათვის.
"ეს კონცეფცია გახლავთ ერთწლიანი კონცეპტუალური მსჯელობის შედეგი და ითვალისწინებს სრულიად ახლებურ მიდგომებს. მისი შემუშავება მოხდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამაში გვეხმარება და მხარში გვიდგას ამერიკის განვითარების სააგენტო (USAID), კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობდა სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც უცხოელი ექსპერტები, ისე ქართველი მეცნიერები და პრაქტიკოსები", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია