დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ქართულ ოცნებას" აინტერესებს, რატომ არკვევდნენ "ნაციონალი" დეპუტატები მარნეულისა და გარდაბნის საკითხებს აზერბაიჯანში
ავტორი:
2014/ივნისი/20 18:00:02
კოალიცია "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" შეკითხვით მიმართავს, რატომ და ვისთან არკვევდნენ მათი წევრი დეპუტატები მარნეულისა და გარდაბნის საკითხებს აზერბაიჯანში.
კოალიცია ბაქოს აეროპორტში ოპოზიციონერ დეპუტატებთან – ზურაბ ჯაფარიძესა და ირმა ნადირაშვილთან დაკავშირებით მომხდარ შემთხვევას განცხადებით ეხმაურება.
"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ გუშინდელი პროვოკაციული ინციდენტის შემდეგ, მასში მონაწილე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ნაცვლად იმისა, რომ აეხსნათ მოსახლეობისთვის, თუ რატომ და როგორ აღმოჩნდნენ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შემლახველ უხერხულ სიტუაციაში, მათთვის ჩვეული სიცრუის ტირაჟირებით შეეცადნენ მომხდარის გადაფარვას. ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში მარნეულსა და გარდაბანში განვითარებული მოვლენების განსახილველად იყო ჩასული. ეს განცხადება ძალიან საყურადღებოა. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, მოვითხოვოთ პასუხი კითხვაზე - რატომ და ვისთან არკვევდნენ ჩვენი პარლამენტის დეპუტატები მარნეულისა და გარდაბნის საკითხებს აზერბაიჯანში, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი არა მხოლოდ მეზობელი, არამედ მთავარი სტრატეგიული პარტნიორიცაა", – აცხადებენ კოალიციაში.
"ქართული ოცნების" განმარტებით, ვერ დაუშვებენ, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ჩრდილი მიაყენოს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აზერბაიჯანის მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოში მცხოვრები ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეების არჩევანს, ამიტომ ვერ დავუშვებთ, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ჩრდილი მიაყენოს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს.
ჩვენ არაერთგზის განვმარტეთ და კიდევ ვიმეორებთ, რომ შესაძლო ეთნიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, "ქართულმა ოცნებამ" მოხსნა თავისი კანდიდატურა მარნეულში. ჩვენი წარმომადგენლის გამარჯვება კი იმის დემონსტრირებაა, რომ ამ რეგიონში არანაირი ეთნიკური დაპირისპირება არ არსებობს, ხალხი ერთმანეთს ენდობა და არჩევანს ღირსეული კანდიდატის სასარგებლოდ აკეთებს. მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პირადი ინტერესების მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელი ძალაა", - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".
აღნიშნულ კონტექსტში კოალიცია მოუწოდებს "ნაციონალურ მოძრაობას", "მეტი ყურადღებით მოეკიდოს ქვეყნისთვის მეტად საფრთხილო საკითხებით მანიპულირებას და გადავიდნენ ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის რეჟიმში, რისი ყველა პირობაც ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილე ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს შეუქმნა".



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 848
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია