დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2014/ივნისი/19 16:30:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, მიმდინარე წლის 15 ივნისს მარნეულში განვითარებულ მოვლენებს არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან და მით უფრო - გამჭვირვალე და დემოკრატიურ არჩევნებთან. "ნაციონალების" განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"ცესკო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ასახული ციფრები არანაირად არ გამოხატავს მარნეულის ამომრჩევლის ნებას, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების - პოლიციისა და სუსი-ს, ასევე ადგილობრივი ავტორიტეტების ნება-სურვილი.
გუშინ მარნეულის საოლქო კომისიაში გამართულმა ე.წ. საჩივრების განხილვის სხდომამ, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. საოლქო კომისიას არ აინტერესებს უბნის შედეგების გადამოწმება (რომ არაფერი ვთქვათ გაბათილებაზე), იმ შემთხვევებში, როდესაც ყუთიდან 84 ბიულეტენით მეტია ამოსული (მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი) და არც იმ შემთხვევაში, როდესაც არჩევნებში მონაწილე 663 ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობა თითქოს არ მიიღო (თან წაიღო ბიულეტენი). ისინი ყველაფერი ამის გამართლებას ცდილობენ სრულიად გაუგებარი და უკანონო ე.წ. ახსნა-განმარტებებით, რომლებიც არჩევნების დღიდან 2 დღის შემდეგაა შედგენილი.
ყველაზე სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედების ინსტრუქციას ისინი იღებენ ცესკო-დან. იმის ნაცვლად, რომ ცესკო ცდილობდეს სათანადოდ მოხდეს ყველა საჩივრის განხილვა, ისინი პირიქით, სტიმულირებას აკეთებენ ყველა საჩივარი განუხილველი დარჩეს და იმის მიუხედავად გადათვლის ან გაბათილების მოთხოვნა პოლიტიკური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან მოდის, საოლქო კომისია კენჭისყრით უარს აცხადებს. მხოლოდ გუშინ მარნეულის საოლქო კომისიამ 43 განკარგულება მიიღო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ. ანალოგიური მდგომარეობაა ყველა სხვა საოლქო კომისიაში, რაც გვაფიქრებინებს, რომ სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს არა რეალური შედეგები მიაწოდოს საზოგადოებას, არამედ რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროს საარჩევნო პროცედურები.
გვინდა განვაცხადოთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას და დაიცავს თითოეულ ხმას, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატებმა და საარჩევნო ბლოკმა მიიღო", - აღნიშნულია საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია