დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა კაციტაძე - პრემიების გაცემა საკრებულოს ოთხწლიანი მუშაობის შეფასების თუ წახალისების მომენტი იყო
ავტორი:
2014/ივნისი/19 15:00:02
მე რომ ვთქვა, რომ ანგელოზი ვარ და სხვები ეშმაკები არიან, ეს არ მჩვევია და ამას არც არასოდეს არ ვიტყვი, - ასეთი კომენტარი გააკეთა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თბილისის საკრებულოში თანამდებობების პირებისთვის მაღალი პრემიების გაცემის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ხელშეწყობის კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.
მისივე თქმით, იგი არ დასწრებია საკრებულოს ბიუროს იმ სხდომას, რომელმაც 17 ივნისს, 300%-იანი პრემიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კაციტაძე აცხადებს, რომ იგი იმ დროს რეგიონში იმყოფებოდა.
როგორც მამუკა კაციტაძისთვის არის ცნობილი, პრემიების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში დატვირთული სამუშაო რეჟიმისა და საკრებულოს ოთხწლიანი მუშაობის ერთგვარი შეჯამების მოტივით მიიღეს.
"მოგეხსენებათ, როდესაც დეკემბერში ბიუჯეტის პროექტი ჩავარდა და 3 თვის განმავლობაში თბილისს ბიუჯეტი არ ქონდა, მოხდა სერიოზული ცვლილების შეტანა ბიუჯეტში. ყველა პროექტი, რომელსაც ადრე აკეთებდა მერია, ახლა ამას იხილავს საკრებულო და მას ან დადებით ან უარყოფით პასუხს აძლევს. საკრებულოს ბიუროს უწევდა აღმასრულებელ სტრუქტურასავით მუშაობა. დღესაც უწევს და მომავალ საკრებულოსაც მოუწევს, თუ ბიუჯეტის დამტკიცების გადაწყვეტილებაში ეს წესი არ შეიცვალა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს იყო ამ გადაწყვეტილების მიღების არგუმენტი ბიუროზე და მეორე მხრივ, საკრებულომ დაამთავრა მუშაობა და ოთხწლიანი მუშაობის შეფასების თუ წახალისების მომენტი იყო. დანარჩენი დეტალები ჩემთვის უცნობია", _ დასძინა კაციტაძემ.
მისივე განმარტებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, პრემიების გაცემა დარღვევებით არ მომხდარა, თუმცა კაციტაძე კანონის გარდა მორალურ მხარეზეც საუბრობს.
"არსებობს მორალური მომენტები და სხვა რაღაცეები, რომელთა გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება. გადაწყვეტილების მიმღებს უნდა ჰკითხოთ, არის თუ არა მორალურად გამართლებული და არა მას, ვინც არ იღებდა ამ სიტუაციაში მონაწილეობას. მე რომ ვთქვა, რომ ანგელოზი ვარ და სხვები ეშმაკები არიან, ეს არ მჩვევია და არც არასოდეს არ ვიტყვი. მაგრამ მე ვამბობ იმას, რაც იყო ფაქტი", - დასძინა კაციტაძემ.
კაციტაძისთვის პრემიის ოდენობა უცნობია, თუმცა აცხადებს, რომ ძნელი დასადგენი არ არის.
თბილისის საკრებულომ ჟურნალისტებს საკრებულოს იმ წევრების სია გადასცა, რომლებზეც ივნისში პრემია გაიცა.
ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე დიდი ოდენობის პრემია - 8496 ლარის ოდენობით საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა აიღო.
შიხიაშვილის შემდეგ ყველაზე დიდი ოდენობით პრემია - 7080 ლარის ოდენობით მის პირველ მოადგილეზე გიორგი მუსხელიშვილზე გაიცა.
საკრებულოს დანარჩენი წევრების მიერ ჩარიცხული პრემიები კი ასეთია: გიორგი ტყემალაძე 6840, ჯაბა სამუშია 6840, მიხეილ ქავთარაძე 6240, გიორგი ნემსაძე 6240, ზაალ სამადაშვილი 6240, გიორგი ქველაძე 6240, გელა ომანიძე 6240, ნინო თევდორაძე 6240, ზაურ დოლიძე 6240, კახა გურული 6240, ზურაბ გაჩეჩილაძე 6240, ირაკლი დვალი 6240, კახა კუკავა 6240, ნათელა მაჭავარიანი 6240, დავიტ წერეთელი 6240, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი 6240, დავით ჯინჭარაძე 6240, კახაბერ ფირუაშვილი 6240, მაკა გვარამია 6240, მამუკა კაციტაძე 6240, თამაზ შოშიაშვილი 6240, ლაშა იმედაშვილი 6240, თეიმურაზ გრიგალაშვილი 6240, მამუკა ახვლედიანი 6240, კონსტანტინე იონათამიშვილი 6240, ზაზა გაბუნია 6240, მერაბ რაფავა 6240, გიორგი ჩაჩანიძე ასევე 6240 ლარი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 880
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია