დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მინისტრები ვანო მაჭავარიანის განცხადებას ჭორაობად და სპეკულაციად მიიჩნევენ
ავტორი:
2014/ივნისი/19 12:30:03
პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ვანო მაჭავარიანის განცხადებები დღეს მთავრობის წევრებმა შეაფასეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მაჭავარიანის სატელევიზიო ინტერვიუს ჭორაობა უწოდა და ამ მოტივაციით დეტალური კომენტარის გაკეთებისაგან ჟურნალისტებს უარი განუცხადა.
"მე ვანო მაჭავარიანისაგან განსხვავებით ასეთ საკითხებზე არ ვჭორაობ, ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ, არც ერთ საკითხზე, რომელიც შესაბამის ინტერვიუში გაჟღერდა, კომენტარს არ ვაკეთებ იმიტომ, რომ ეს არის ჭორაობა", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის ძალიან ნორმალური, სამუშაო ურთიერთობა და ამ მიმართულებით ვერავითარ პრობლემას ხედავს. ბრალდებები, რომელიც გუშინ ინტერვიუში გამოითქვა კვირიკაშვილმა სპეკულაციად შეაფასა.
"მაგალითად, გუშინ გაიმართა საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა და რამდენიმე მინისტრი, რომელთა კოლეგაც სომხეთიდან ჩამობრძანდა, ამ შეხვედრას ვესწრებოდით. აქედან გამომდინარე, მინდა უარვყო ის, რომ თითქოს არ გვაქვს თანამშრომლობა პრეზიდენტთან. არსებობს ჩვეულებრივი თანამშრომლობა. მოღალატე მინისტრებს მე არ ვიცნობ და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ სიმართლის ერთი პროცენტი იყოს ამაში. ურთიერთობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის ნორმალური და სამუშაო. რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მინისტრების ურთიერთობას, პირადად მე შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩემთვის პატივსაცემი ადამიანია და თუ რჩევას ვკითხავ, ამაში ვერავითარ დასაძრახს ვერ ვხედავ. პირიქით, მადლობელი ვიქნები თუ ის რჩევით დახმარებას გამიწევს", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა.
ღარიბაშვილის ადგილზე მე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.
მისივე განმარტებით, "4-5 მოღალატე მინისტრის თემა" "ჰაერიდან მოტანილი არ არის".
"მე ვფიქრობ, რომ კოალიციას და მთავრობას აქვს ბევრი თემა გადასაწყვეტი, მათ შორის მათი ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან - მუდმივი კონსულტაციების რეჟიმი იქნება თუ არა გაგრძელებული და იქნება თუ არა კოალიცია იმ შინაარსით როგორიც დღეს არის, რადგან, შემიძლია გითხრათ, რომ 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჯერ კიდევ ცოცხალია. ვფიქრობ, ღარიბაშვილს, ალბათ უნდა მინისტრების შეცვლა. მეც მის ადგილზე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა. მერწმუნეთ, ძალიან ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ მსმენია, თავად "ქართული ოცნებიდან" ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, რომელიც ჩემს ირგვლივ შექმნილ ფონს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. შემიძლია გითხრათ, რომ 4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან არ არის, არ ვიცი პრემიერ-მინისტრის თავში რა ხდება, მაგრამ, ის რომ მთავრობა არ არის ეფექტური, ესეც ფაქტია", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია