დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
Factcheck.ge პოლიტიკოსების განცხადებებში დაფიქსირებული უზუსტობების მიმოხილვას აქვეყნებს
ავტორი:
2014/ივნისი/10 11:00:02
Factcheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის თუ უზუსტობების დადგენის ყოველკვირეულ სტატისტიკას აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გადამოწმებული განცხადებებიდან სამი ნახევრად სიმართლედ შეფასდა, ერთი მცდარად, ერთი განცხადება კი ტყუილი აღმოჩნდა.
"ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხებოდა. ეს ფაქტი ფაქტ-მეტრმა, თავისი ახალი პროექტის – "შეამოწმე შენი ფაქტის" ფარგლებში, მკითხველის თხოვნით გადაამოწმა. 2013 წლის 14 მარტს ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "რატომღაც ბენდუქიძეს 1 ლარად აქვს ნაჩუქარი [აგრარული უნივერსიტეტის] 200 მილიონიანი ქონება".
ფაქტ-მეტრის მიერ ამ საკითხის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2011 წლის 21 მარტის N136 დადგენილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირად – საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტად რეორგანიზაცია განხორციელდა. აღნიშნული უნივერსიტეტის დამფუძნებლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და "აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი" გახდნენ. მოგვიანებით, 2011 წლის 30 მარტს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელთა კრების N1 ოქმის თანახმად, აგრარული უნივერსიტეტის ერთადერთ დამფუძნებლად "აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი" განისაზღვრა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წლის 31 იანვარს "აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდი" დაფუძნდა, რომელსაც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა. ფონდის შექმნის მიზანი საქართველოში აგრარული განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა და განვითარება იყო. აღნიშნული ფონდის დამფუძნებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – "ცოდნის ფონდი".
"ცოდნის ფონდი" 2007 წლის 4 ივნისს დარეგისტრირდა, რომლის საქმიანობის სფეროს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი დამფუძნებელი კახა ბენდუქიძეა.
2012 წლის 24 თებერვალს, საქართველოს აგრარურმა უნივერსიტეტმა შპს "აგრომეტი" სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინა. სწორედ შპს "აგრომეტის" საკუთრებაში იყო ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის მე-12 კმ-ზე მდებარე 599 438 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებით. აღნიშნული ქონება აგრარულმა უნივერსიტეტმა 4 150 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამასთან, მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1 000 000 აშშ დოლარი გადარიცხა. ანუ, ჯამში საპრივატიზაციო თანხამ 5 150 000 აშშ დოლარი შეადგინა.
აგრარულ უნივერსიტეტს ასევე დაეკისრა საინვესტიციო ვალდებულება 8 000 000 ლარის ოდენობით. შპს "გრანთ თორნთონის", შპს "EY Georgia" და შპს "ფინანსური მართვის ჯგუფის" მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნების თანახმად, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულებით დადგენილი ვადებში შეასრულა.
ასევე, აგრარული უნივერსიტეტი, როგორც მყიდველი ვალდებული იყო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 96 თვის განმავლობაში, თბილისში დავით აღმაშენებლის მე-12 კმ.-ზე არსებული სასწავლო ინფრასტრუქტურა მხოლოდ სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულებით გამოეყენებინა. აგრარულმა უნივერსიტეტმა ეს ვალდებულებაც შეასრულა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ აგრომეტის ღირებულება "200 მილიონი" იყო. პროკურატურის ინფორმაციით, აგრომეტის საბალანსო ღირებულება 65 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეულ მლნ ლარზე მეტი იყო. ამას არ ადასტურებს აგრარული უნივერსიტეტის მფლობელი და რექტორი. ფაქტ-მეტრს ამჟამად "აგრომეტის" საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნია. შესაბამისად, ამ ეტაპზე ფაქტ-მეტრი ვერ გამორიცხავს, რომ "აგრომეტის" საბაზრო ღირებულება შეიძლება იმაზე მეტი ყოფილიყო, ვიდრე აგრარულ უნივერსიტეტმა გადაიხადა მის შეძენაში. თუმცა, ერთი რამ ცალსახაა – აგრარულმა უნივერსიტეტმა აღნიშნული ქონების შეძენაში 1 ლარზე გაცილებით მეტი გადაიხადა. მან "აგრომეტი" 5 150 000 აშშ დოლარად და 8 000 000 ლარის საინვესტიციო ვალდებულებით შეიძინა.
შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის განცხადება მცდარია", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
ამასთან, გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა მოქმედი პრემიერ–მინისტრის განცხადებებიც გადაამოწმა.
"მისი ერთ–ერთი განცხადება შს სამინისტროს გამჭვირვალობას ეხებოდა. 2014 წლის 4 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა. პრესკონფერენციაზე "ტაბულას" ჟურნალისტმა კრიმინალის სტატისტიკასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2013 წლის მარტის შემდეგ დეტალური სტატისტიკა აღარ ქვეყნდება და პრემიერს სთხოვა აღნიშნული მხედველობაში მიეღო. საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "სამინისტრო არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღია. დაინტერესდით, გამოითხოვეთ სტატისტიკა… ჩემი მინისტრობის დროს სტატისტიკას ყოველთვე ვაქვეყნებდი. ეს იყო ჩვენი კეთილი ნება, ამის ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს".
ფაქტ-მეტრი კრიმინალის თემაზე ადრეც მუშაობდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის შესახებ საჯარო ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით სამჯერ მიმართა. ჩვენს მიერ ორჯერ მიღებული ინფორმაცია იყო არასრული, ხოლო ერთ განცხადებაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ფაქტ-მეტრის გარდა დეტალური სტატისტიკის მიღება ვერ მოახერხა სააგენტო "ნეტგაზეთმა", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" და "ჯამპსტარტ ჯორჯიამ".
აქვე აღსანიშნავია, რომ კრიმინალის სტატისტიკა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ყოველთვიურად არ ქვეყნდებოდა, ხოლო, 2014 წლის იანვრიდან სამინისტროს ვებგვერდზე ის საერთოდ არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, პრემიერ–მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროში მსგავსი ინფორმაცია ადვილად არის ხელმისაწვდომი, სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას, მთავრობის
#219 დადგენილების თანახმად, ინფორმაციის საიტზე განთავსების ვალდებულება ნამდვილად არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და დამკვიდრებული პრაქტიკა. კეთილ ნებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მოგვიანებით, თავად პრემიერმაც დააკორექტირა. ამასთანავე, საქართველოს "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" თანახმად, სამინისტრო ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, თუ პირი მას განცხადებით მიმართავს. ზემოთ განხილული ინფორმაციიდან გამომდინარე ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ პრემიერის ეს განცხადება ტყუილია. ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი განცხადება ანაკლიაში, გასულ წლებში ჩატარებულ სამუშაოებს ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ანაკლიის ნაპირსამაგრი სამუშაოები მანამდე არ იყო დაგეგმილი. როგორც ყოველთვის, უკუღმა აკეთებდა ყველაფერს წინა ხელისუფლება. აქ უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურა, სასტუმროები. ზუსტი გათვლები არის საჭირო იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ სამუშაოები".
ფაქტ-მეტრის მიერ განცხადების სიზუსტის გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2013 წლამდე ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები არ განხორციელებულა. 2013 წლის 12 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ამჟამად ანაკლიის ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობიის I ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები 2,3 კმ მანძილზე უკვე განხორციელდა. ის მომავალ წელს უნდა დასრულდეს. ფაქტ-მეტრი ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესახებ სამეცნიერო-კვლევითი ფირმის "გამას" საზღვაო ჯგუფის ხელმძღვანელს, ექსპერტ ირაკლი პაპაშვილს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს "გამას" მიერ მომზადებული ლაზიკის პორტის პროექტიც ითვალისწინებდა. თუმცა, ეს სამუშაოები პორტის მშენებლობასთან იყო შეხამებული. ნაპირისა და ნაგებობების დაცვა ზღვის ტალღებისგან განხორციელებული სამუშაოების შედეგად გამოწვეული ცვლილებების შემდეგ ხდება საჭირო და სწორედ ამას გულისხმობდა აღნიშნული პროექტი. ექსპერტი სკეპტიკურადაა განწყობილი მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, ამ სამუშაოების შედეგად იმ კონკრეტულ ადგილზე, რომელსაც თავის დროზე "გამას" მიერ მომზადებული წინადადება ითვალისწინებდა, პორტი ვეღარ აშენდება. ამავე მოსაზრებას იზიარებს შპს "მშენპროექტის" დირექტორი სპარტაკ ერაგია, რომელსაც ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთრი პროექტი აქვს მომზადებული.
იმის გათვალისწინებით, რომ ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები გასულ წლებში დაგეგმილი ან განხორციელებული არ ყოფილა, მაგრამ ის მიმდებარე ტერიტორიაზე პორტის მშენებლობის აუცილებელი თანმდევი ღონისძიება იქნებოდა, ასევე ექსპერტებისგან ამჟამად მიმდინარე სამუშაოების შედეგებისადმი სკეპტიკური შეხედულების გამო, ფაქტ-მეტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეაფასა", - განმარტავენ ორგანიზაციაში.
მათივე განმარტებით, ფაქტ–მეტრმა პრემიერ–მინისტრის კიდევ ერთი განცხადება გადაამოწმა, სადაც ის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შესახებ საუბრობდა.
"2014 წლის 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, მან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანებულების კონტრასიგნაციის ნაცვლად განაცხადა: "არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება, არავითარი დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია ჩვენ იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოსილება არ მჭირდება. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელი მე მოვაწერო".
ფაქტ–მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და გაარკვია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და "საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობას აქვს უპირატესი უფლებამოსილება, აწარმოოს საგარეო პოლიტიკა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს "წარმომადგენელი" საერთაშორისო ასპარეზზე. მართალია, "საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" კანონის მე-13 მუხლი მიუთითებს პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებაზე, თუმცა კონსტიტუციის ტექსტიდან არ ჩანს, რა ტიპის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით აქვს პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლებამოსილება. კანონისა და კონსტიტუციის ინტერპრეტაციიდან ნათელია, რომ ხელშეკრულებისთვის ხელმოწერა მიეკუთვნება საზიარო კომპეტენციას და მის ლეგიტიმურობას საფრთხე არ ექმნება არც პრეზიდენტის და არც პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში. პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აქვს უფლებამოსილება ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, თუმცა მას ასევე აქვს პრეზიდენტთან თანამშრომლობის ვალდებულებაც. გამომდინარე იქიდან, რომ ასოცირების ხელშეკრულება თავისი შინაარსით მიეკუთვნება პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის ფუნქციას, პოლიტიკური პროცესებიდან მისი იზოლაცია დაუშვებელია. ამ გარემოებების გამო, ფაქტ–მეტრმა პრემიერის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეაფასა", - აღნიშნულია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებაც გადაამოწმა.
"2014 წლის 4 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ," საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ, რომელიც პარლამენტმა 29 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა. ახალი კანონის პირველ მოსმენაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: "ეს [კანონპროექტი] გულისხმობს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ანგარიში, ყველა ბიზნეს ორგანიზაციის ანგარიში, გაკონტროლდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ეს გულისხმობს, რომ მათ არ დასჭირდებათ არც სასამართლო გადაწყვეტილება და არც რაიმე შეთანხმება სხვა უწყებასთან იმისთვის, რომ გააკონტროლონ ვინ ვის რა თანხა გადაურიცხა. მათ არ სჭირდებათ სასამართლო გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ პირდაპირი წვდომა ქონდეთ კომერციულ საიდუმლოსთან".
ამ ფაქტის გადამოწმებისას ფაქტ–მეტრმა გაარკვია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის მიხედვით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური საკუთარ იურიდიულ სტატუსს არ იცვლის და ის ისევ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სტატუსს ინარჩუნებს, მაგრამ მასზე სახელმწიფო კონტროლს საქართველო მთავრობა განახორციელებს და მონიტორინგის სამსახური უშუალოდ მის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. სწორედ ამან გააჩინა კითხვები და გარკვეული შეშფოთება საბანაკო-საფინანსო და ბიზნეს სექტორში, მომავალში სამსახურის საქმიანობაში მთავრობის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.
გიორგი ვაშაძე თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავდა, რომ ახალი რეგულაციის შემოღების შემდეგ, მონიტორინგის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განახორციელებს გარკვეულ საბანკო ინფორმაციაზე წვდომას. უნდა აღინიშნოს, რომ განცხადების ამ ნაწილის კონტექსტი არაზუსტია, რადგან ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ეს შესაძლებლობა ადრეც გააჩნდა და ამ მხრივ სიახლე არ შემოდის. სამსახურს როგორც ძველი, ისე ახალი რეგულაციებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია მოითხოვოს მონიტორინგის განმახორციელებელი პირისგან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად. ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება ნახევრად სიმართლეა. Factcheck.ge "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი", - აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია