დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას მსოფლიო თანამეგობრობა შეცდომაში შეჰყავს
ავტორი:
2014/ივნისი/07 16:00:02
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მსოფლიო თანამეგობრობა შეცდომაში შეჰყავს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი გაერო-ში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მისი შეფასებით, ეს განცხადება არის ფაქტების არასწორად წარმოჩენის მცდელობა.
"მე მხედველობაში მაქვს მათი განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რეზოლუცია არ იმსახურებს მსოფლიო თანამეგობრობის და გაერო-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას. ამ დროს ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. კერძოდ, ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით ამ რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობას და ვამცირებთ მოწინააღმდეგეთა რიცხვს, როგორც ეს წელს მოხდა. 7 ქვეყნით გაიზარდა მხარდამჭერთა რიცხვი და 69 ქვეყანა შეადგინა. ალბათ, სწორედ ეს პოზიტიური, დადებითი დინამიკა აღელვებს რუსეთის ფედერაციას. ეს არის აბსოლუტურად ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა მას არ აქვს. ეს რეზოლუცია ხაზს უსვამს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში და ჰქონდეთ უფლება მათ ქონებაზე", -განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია, თითქოს საქართველოს არ სურს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დალაგება.
"ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამთ და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენს აფხაზ და ოსე ძმებთან. აქეთკენ არის მიმართული ჩვენი ყველა მცდელობა. ჩვენ ვიცავთ ყველა საერთაშორისო ნაკისრ ვალდებულებებს, რასაც სამწუხაროდ, ადგილი არ აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მე მხედველობაში მაქვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება", -განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ქართული მხარე რუსეთს მოუწოდებს, გადადგან ძალიან სერიოზული ნაბიჯები ამ რეგიონების დეოკუპაციასთან მიმართებაში და მაშინ კონფლიქტის დარეგულირება შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე 5 ივნისს მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება "აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილტა სტატუსის შესახებ" და აცხადებს, რომ საქართველო კვლავაც არ არის მზად, კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს მეზობლებთან.
"როგორც ცნობილია, ასეთი პროექტი ყოველწლიურად იდება საქართველოს მხარის მიერ და ყოველ ჯერზე, როგორც არ უნდა იცვლებოდეს კენჭისყრის რიცხობრივი მაჩვენებელი – საერთაშორისო საზოგადოების წევრების უმეტესობა მხარს არ უჭერს ამ რეზოლუციას. ეს კანონზომიერია – ამ აშკარად პოლიტიკური დოკუმენტის მიზნებს ხომ საერთო არაფერი აქვთ ადამიანის უფლებებზე ზრუნვასთან, რომლებიც თავად საქართველოს მიერ გაჩაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ. თბილისი განაგრძობს მცდელობას, "შეათრიოს" დევნილების თემა გაეროს გენერალური ასამბლეის მოედანზე (სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსური მხარეების დასწრების გარეშე ამ პრობლემის განხილვა შეუძლებელია) ბლოკავენ ერთადერთ ადეკვატურ – ჟენევის ფორმატში განხილვას. თუმცა, ეს ქართულ მხარეს უხერხულ მდგომარეობაში არ აყენებს. მათთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ფორმალურად წარმოადგინონ თავისი რეალობისგან შორს მყოფი თეზისები, თითქოსდა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკები საქართველოს ეკუთვნის. ასეთი მიდგომა, სამწუხაროდ, ადასტურებს, რომ თბილისი კვლავაც არ არის მზად კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს მეზობლებთან რეგიონში ვითარების გრძელვადიანი დარეგულირების შესახებ, მათ შორის დევნილთა პრობლემებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზე", – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 921
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია