დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2014/ივნისი/06 16:30:02
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მარნეულში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
როგორც უსუფაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მარნეულის საოლქო საარჩევო კომისიაში გუშინ განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ის მიმართავს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაარკვიონ და გადაწყვიტონ ყველა სადავო საკითხი, რათა კანდიდატებსაც და ამომრჩევლებსაც მიეცეთ კონსტიტუციით დაცული პოლიტიკური უფლებებით შეუზღუდავად სარგებლობის საშუალება.
"დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავებიც და საარჩევნო ადმინისტრაციაც იმოქმედებენ კანონის სრული დაცვით და ერთი და იგივე მაღალი სტანდარტით განსჯიან საკითხებს, მიუხედავად ამა თუ იმ პირის პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობისა.
ამასთანავე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მიერ ატეხილი აჟიოტაჟი მაიძულებს გავაკეთო ზოგიერთი განმარტება. 2014 წლის 12 მაისს მე ნამდვილად შევხვდი ქალბატონ ხათუნა გოგორიშვილს. საუბარი შეეხებოდა საკითხებს, მათ შორის, საარჩევნო თემატიკას, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების გამო. ამგვარ და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო საკითხებზე მე რეგულარული კომუნიკაცია მაქვს საპარლამენტო უმცირესობასთან, მიუხედავად ჩვენი პოზიციების თანხვედრის ხარისხისა. ესაა ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სამსახურებრივი მოვალეობა. აღნიშნულ შეხვედრაზე ქალბატონი გოგორიშვილი წარმოადგენდა იმჟამად უცხოეთში მყოფ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, ბატონ დავით ბაქრაძეს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ შეხვედრაზე არ ყოფილა ნახსენები არც ერთი გვარი და სახელი, არ განხილულა არც ერთი კანდიდატის საარჩევნო რეიტინგი თუ წარმატების ალბათობა და არ ყოფილა არც "დამითმე-დაგითმობ" და რაც "თუ არა და მაშინ" საუბარი.
საუბარი შეეხებოდა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანო შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მოდელებს და არა ვინმეს პერსონალურად. შეხვედრამ ჩაირა საქმიან, მშვიდ ვითარებაში. მე მოვისმინე რამოდენიმე საყურადღებო და მგრძნობიარე ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის წლებში ამავე მიმართულებით განვითარებულ მოვლენებზე და პროცესებზე. ჩვენ შევთანხმდით ამ მიმართულებით შემდგომი კონსულტაციების აუცილებლობაზე. შევთანხმდით იმაზეც, თუ რაზე ვერ შევთანხმდით. ეს საკითხებიც, რაზეც შეთანხმება სხვადასხვა გარემოებათა გამო შეუძლებლად ჩავთვალეთ, შეეხებოდა მოდელებს და არა ვინმეს პიროვნულად.
მიუხედავად ყოვლად უღირსი სპეკულაციებისა, მე არ და ვერ ვისაუბრებ ამაზე უფრო დეტალურად ვერც ამ შეხვედრის და ვერც ათობით სხვა შეხვედრის თაობაზე, სადაც ”ნაცმოძრაობის” თუ სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან უამრავი მგრძნობიარე სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საკითხი განხილულა. არც სხვას ვუსურვებ ისეთ პიროვნულ თუ პოლიტიკურ აგონიაში აღმოჩენას, რომ ელემენტარული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ადამიანური ღირსება და კეთილგონიერება დაკარგოს.
აქვე ვაცხადებ, რომ ამ თემაზე არ ვაპირებ ვინმესთან შემდგომ დებატებს. ერთადერთი, თუ რამე არსობრივი ან ეთიკური შეკითხვა აქვს ამ შეხვედრის თაობაზე, მზად ვარ ვუპასუხო ბატონ დავით ბაქრაძეს, რომლის წარმომადგენლადაც მესტუმრა ქალბატონი გოგორიშვილი", -ნათქვამია განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 841
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია