დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა
ავტორი:
2014/ივნისი/02 23:00:02
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გერმანული წარმოშობის წიგნების გერმანელი ხალხისთვის დაბრუნების გადაწყვეტილების მიღების გამო მადლობა გადაუხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ ბერლინის ბოდე-მუზეუმში გამართულ საზეიმო მიღებაზე აღინიშნა.
ბოდე-მუზეუმში გამართული კულტურული ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს სიმბოლურად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული მე-18 საუკუნის ორი გერმანული წიგნი გადასცა. გერმანიის ფედერალურმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნა, რომ გერმანული წარმოშობის წიგნების დაბრუნება პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.
"ორივე წიგნი, რომლებიც გადმომეცით, არა მხოლოდ მთელს ბიბლიოთეკას წარმოადგენს, არამედ ამაღელვებელ ისტორიას ატარებს თან. შეიძლებოდა ეს ისტორია დაგვეკარგა, მაგრამ ეს რომ ასე არ მოხდა, თქვენი დამსახურებაა, თქვენ გიმადლით და ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. საბოლოოდ თქვენ გაუხსენით ამ წიგნებს გზა გერმანიისკენ. ეს არის იმ დიდი ნდობისა და მეგობრობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს. ეს არის დღე, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში ახალ გვერდს გადაშლის; დღე, რომელიც არ მოგვითხრობს ომზე, არამედ მოგვითხრობს ნდობაზე, მეგობრობასა და მხარდაჭერაზე", - აღნიშნა ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მან მუზეუმში შეკრებილ თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და პარლამენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ-გერმანულ ურთიერთობას საგანმანათლებლო, კულტურულ, სამუზეუმო სფეროებსა და არქეოლოგიის დარგში დიდი ტრადიცია გააჩია და გამოვიდა ინიციატივით, რომ 2017 წელს სათანადოდ აღინიშნოს საქართველოში გერმანული დასახლების 200 წლის იუბილე. მისივე განცხადებით, საქართველოში გერმანული ენის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობა თბილისში გერმანულ საერთაშორისო სკოლას სიმბოლურ ფასად გადასცემს მიწის ნაკვეთს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 914
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია