დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თინა ხიდაშელი - აფხაზების ინტერესებში არ შედის მორიგი სასაკლაოს მოწყობა და იმედი მაქვს, ამას თავიდან ავიცილებთ
ავტორი:
2014/ივნისი/02 17:00:02
ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე მხარის პოზიცია დავიკავოთ აფხაზეთში, – ამის შესახებ დეპუტატმა თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა არ დაუშვას ჰუმანიტარული კრიზისი.
"რა თქმა უნდა, შეუძლებელია, როდესაც შენს ტერიტორიას არ აკონტროლებ, შენი ხელისუფლება არ ვრცელდება ქვეყნის რაღაც ნაწილზე, იქ იცოდე ყველა ადამიანი რას ფიქრობს. ამაზე თუ გვაკრიტიკებენ, ეს ნამდვილად ასეა. მეორე მხრივ, მე გამიკვირდებოდა, სხვაგვარად რომ იყოს. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არაფორმალური კონტაქტები მაინც შენარჩუნებული იყოს და სწორედ ამიტომ მეტ-ნაკლებად ფლობს სიტუაციას, დასტური რამდენიმეა - ერთი ის, რომ არავითარი ძალადობრივი გაგრძელებები ამ კონფლიქტს არ ჰქონია, ადამიანები არ დაღუპულან და ამაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და მოქმედებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც შეეხება რეაგირებას, ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე მხარის პოზიცია დავიკავოთ აფხაზეთში, რომელიმე მხარე გავაძლიეროთ და რომელიმე დავასუსტოთ. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც აფხაზეთში დღეს იწოდება ხელისუფლებად და ან არჩევნების შემდეგ იქნება ხელისუფლება, ჩვენთვის თანაბრად არალეგიტიმურია და მხარის დაჭერას არ ვაპირებთ და ესეც არის მიზეზი, რომ ადამიანური მსხვერპლის და ახალი დევნილების გარეშე ჩაიარა ამ პროცესმა", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერს აკეთებს და აღნიშნულ თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრი პოზიციას საერთაშორისო ასპარზზე მკვეთრად აფიქსირებს. ამასთან, ხიდაშელი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტშიც განსაკუთრებული გავლენა არ ექნება.
"მე დარწმუნებული ვარ, იმის მიუხედავად ვინ დაირქმევს ხვალ აფხაზეთში პრეზიდენტის სახელს, საქართველოსთვის ამას რაიმე განსაკუთრებული უარყოფითი გავლენა არ ექნება და ვითარება იქნება სტატუს-კვო მდგომარეობაში, როგორც აქამდე იყო, ეს ცუდია მაგრამ სტატუს-კვოა. გაცილებით უარესი შეიძლება ყოფილიყო. ასოცირების ხელშეკრულების თვალსაზრისით, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, ვერანაირ შემაფერხებელ გარემოებას, შეუძლებელია ამან გამოიწვიოს რაიმე ტიპის ჰუმანიტარული კრიზისი საქართველოში. ის, რომ აფხაზეთზე ჩვენი ძალაუფლება და ხელისუფლება არ ვრცელდება, ეს ისედაც ფაქტობრივი მდგომარეობაა. მთავარი ამოცანა ჩვენთვის არის, რომ ყველანაირად თავიდან აიცილოს და არ დაუშვას რაიმე ტიპის ახალი ჰუმანიტარული კრიზისი. ის, რომ 27 ივნისამდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდებოდა, მგონი ამაზე არც არავინ ფიქრობდა ამის ოცნება არავის ქონდა. არავის ინტერესებში, პირველ რიგში აფხაზების ინტერესებში არ შედის მორიგი სასაკლაოს მოწყობა და იმედი მაქვს, ამას თავიდან ავიცილებთ ყველანი ერთად", - განაცხადა ხიდაშელმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია