დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კანდელაკი - მთავრობა შევარდნაძის პერიოდის პოლიციის რესტავრაციით არის დაკავრებული
ავტორი:
2014/მაისი/30 20:30:02
მთავრობა შევარდნაძის პერიოდის პოლიციის რესტავრაციით არის დაკავრებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მთავრობის მიერ სტატისტიკით მანიპულირების მიუხედავად, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ადგილი აქვს კრიმინალის სერიოზულ ზრდას.
"ყოველდღიურად ვიგებთ ძარცვის, ყაჩაღობებისა თუ მკვლელობების შესახებ. ამ პრობლემასთან ბრძოლის ნაცვლად, დღევანდელი მთავრობა დაკავებულია შევარდნაძის პერიოდის პოლიციის რესტავრაციით, როცა კრიმინალი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა", - აღნიშნა კანდელაკმა.
მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გადაჭრით გმობს ბათუმში, პოლიციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შევარდნაძის პერიოდის ოდიოზური შსს-ს თანამდებობის პირთა დასწრებას და მათ დაჯილდოებას.
"განსაკუთრებით შემაშფოთებელია ღონისძიებაზე შევარდნაძის პერიოდის თბილისის შსს სამმართველოს "ლეგენდარული" უფროსის სოსო ალავიძის, სახელმწიფო ავტოინსპექციის მაღალჩინოსან თამაზ თამაზაშვილის, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პოლიციის ოდიოზური უფროსის გუჯა ჯამბურიას და ვაკე-საბურთალოს პოლიციის არანაკლებად ოდიოზური უფროსის მერაბ ბაღათურიას დასწრება. საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს სოსო ალავიძის დაჯილდოება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, რადგან სწორედ მისი მოღვაწეობის პირობებში პოლიციაში ყვაოდა კორუფცია, მექრთამეობა, სამართალდამცავი სისტემა ფაქტობრივად შეზრდილი იყო ორგანიზებულ დანაშაულებრივ სამყაროსთან. თამაზ თამაზაშვილის თანამდებობაზე მუშაობის დროს კი არნახულ მასშტაბს მიაღწია ადამიანთა პანკისის ხეობაში გატაცებამ გამოსასყიდის მიღების მიზნით და ნარკოდანაშაულმა", - აღნიშნა დეპუტატმა.
კანდელაკის შეფასებით, ამ პიროვნებების პოლიციის დღეზე გამოჩენა შეურაცხყოფს პატრიოტულად განწყობილი, კეთილსინდისიერი პოლიციელების ღირსებასა და მუნდირს, ისევე, როგორც დანაშაულთან ბრძოლისას დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.
მისი თქმით, ასევე გაუგებარია პოლიციის დღის 6 მაისიდან - აჭარის დედა სამშობლოსთან დაბრუნების თარიღიდან, დღევანდელ დღეს გადმოტანა.
"შევარდნაძის პერიოდის არაერთი ჩინოსნის მასობრივი დაბრუნება როგორც შინაგან საქმეთა, ასევე სხვა სამინისტროებსა და სტრუქტურებში, კრიმინალის არნახული ზრდა და ანტიეროვნული ძალების გააქტიურება ცხადჰყოფს, რომ სახეზე გვაქვს შევარდნაძის პერიოდის რესტავრაციის ნათლად გამოხატული პროცესი. მთლიანად ქვეყნის შეურაცხყოფაა, როცა პარლამენტის ფაქტიური თავმჯდომარე და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი ინსტრუქტური გია ვოლსკი სამოქალაქო ომის ერთ-ერთი ინიციატორს, 1990-იანი წლების სისხლისღვრის ერთ-ერთ მთავარ ავტორის თენგიზ კიტოვანს ხოტბას ასხამს. სიმბოლურია, რომ თენგიზ კიტოვანი დღეს ე.წ. "სამართლიანობის აღდგენის" ერთ-ერთ მთავარ მედროშედ გვევლინება, მაშინ, როცა საქართველოს 1990-იანი წლების ჭაობიდან გამოყვანის და სახელმწიფოებრიობის საფუძვლების ჩაყრის ავტორები დღეს შეთითხნილი ბრალდებებით ციხეში სხედან", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
ბათუმში დღეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 987
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია