დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისს არარეზიდენტი ელჩები და მათი მეუღლეები ეწვევიან
ავტორი:
2014/მაისი/20 13:00:02
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 23-26 მაისს, თბილისს და სამცხე-ჯავახეთს არარეზიდენტი ელჩები და მათი მეუღლეები ეწვევიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 23 მაისს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ინდუსტრიული განვითარებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შესახებ კონფერენციას დაესწრებიან. კონფერენციაზე მინისტრები და სახელმწიფო სააგენტოების ხელმძღვანელები პრეზენტაციებს მოაწყობენ. ამის შემდეგ სტუმრები დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას და სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმს მოინახულებენ. საღამოს სტუმრები გიორგი ბალანჩინის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრებიან.
24 მაისს, ასკაციანი დელეგაცია ბორჯომში გაემგზავრება. ელჩები და მათი მეუღლეები ლიკანს და მიხეილ რომანოვის სასახლეს ესტუმრებიან. ამის შემდეგ სტუმრები ახალციხეში რაბათის ციხესა და მუზეუმს დაათვალიერებენ. ისინი ასევე, ეწვევიან ვარძიას და ფოკის დედათა მონასტერს.
26 მაისს, სტუმრები თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრებიან.
დიპლომატებისათვის საინფორმაციო-შემეცნებითი ტურის ორგანიზება მიზნად ისახავს მათთვის საქართველოს რეგიონების უკეთ გაცნობას. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის მხარის შესაძლებლობების წარმოჩენას, რაც საშუალებას მისცემს დიპლომატებს მეტი ინფორმაცია მიიღონ რეგიონის კულტურული მახასიათებლების, მისი ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოტენციალის შესახებ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია