დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის და უზუსტობის დადგენის სტატისტიკას აქვეყნებს
ავტორი:
2014/მაისი/20 10:30:02
FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის თუ უზუსტობების დადგენის ყოველკვირეულ სტატისტიკას აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად, ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 12-დან 19 მაისამდე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. სტატიები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების და პარლამენტის წევრების, განცხადებებს ეხებოდა.
გადამოწმებული განცხადებებიდან, ერთი სიმართლედ შეფასდა, ორი მეტწილად სიმართლედ, ერთი კი ნახევრად სიმართლედ.
ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ონოფრიშვილის განცხადებას ეხებოდა.
"საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა განაცხადა: "მშპ-ს, ანუ ეკონომიკის ზრდა მარტის თვეში 8.3%-ია. 2013 წლის ნოემბრიდან ეკონომიკური ზრდა არის სტაბილურად მაღალი, 7-8 პროცენტის ფარგლებში. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ზრდა შეასრულებს როგორც მინიმუმ იმ 5%-იან ზრდას, რაც ჩვენ ბიუჯეტში გვაქვს გათვალისწინებული. რაც შეეხება პირველი კვარტლის ეკონომიკურ ზრდას, ეს არის 7.4%. პირველ კვარტალში ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლო 6 წლის მანძილზე არ ყოფილა".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და გაარკვია, რომ 2014 წლის მარტში, წინასწარი მონაცემებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, როგორც ამას დეპუტატი მიუთითებდა, 8.3% შეადგინა. 2013 წლის ნოემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 7.8%, დეკემბერში 8.4%, 2014 წლის იანვარში 7.8%, ხოლო თებერვალში კი 5.4% იყო. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით მშპ-ს ზრდის ტემპი 7%-8%-ის ფარგლებში მერყეობდა. ზემოთ აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ განცხადების ეს ნაწილი ბოლომდე ზუსტი არ არის თუმცა, თუ ამ თვეების საშუალო მაჩვენებელს გამოვიყვანთ ვნახავთ, რომ საშუალოდ ეკონომიკის ზრდა შვიდ პროცენტს აღემატებოდა. დეპუტატი ზუსტია განცხადების მეორე ნაწილში. საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.4% იყო, რაც უკანასკნელი 6 წლის მანძილზე პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მშპ-ს ზრდის მაჩვენებლებს აღემატება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ოპონენტების აზრით, 2013 წლის IV კვარტალსა და 2014 წლის I კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტემპი ე.წ. ბეიზ-ეფექტის გამოა. ეკონომიკასა და ბიზნესში ბეიზ-ეფექტი, იგივე დაბალი საწყისი მაჩვენებლის ეფექტი ისეთ სიტუაციას ეწოდება, როდესაც პატარა დაბალი საწყისი ოდენობის მაჩვენებლიდან აბსოლუტური ცვლილება მაღალ პროცენტულ ცვლილებას იწვევს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ოპონენტებს მხედველობაში აქვთ საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის დაბალი ტემპი 2012 წლის IV კვარტლიდან დაწყებული 2013 წლის III კვარტლის ჩათვლით და სწორედ მასზე დაყრდნობით ხსნიან 2013 წლის IV კვარტლისა და მიმდინარე წლის I კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს. თუმცა, დავით ონოფრიშვილის განცხადებაში გაჟღერებული მონაცემების გადამოწმებისას ფაქტ-მეტრი ე.წ. ბეიზ-ეფექტის, იგივე დაბალი საწყისი მაჩვენებლის ეფექტის, ეკონომიკის გაზრდილ აქტივობაზე შესაძლო გავლენის ანალიზში არ შევიდა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ცალსახა დასკვნის გამოტანა არ იქნებოდა უპრიანი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფაქტ-მეტრი ამ საკითხს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.
ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ დავით ონოფრიშვილის განცხადება მეტწილად სიმართლეა", - ნათქვამია კვლევაში.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა პარლამენტის კიდევ ერთი წევრის, სერგო რატიანის განცხადება გადაამოწმა. თავის გამოსვლაში დეპუტატმა ყურადღება საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორების სერტიფიცირების პროცესზე გაამახვილა. იგი მიიჩნევს, რომ დირექტორებთან დაკავშირებით კონკურსის მიმდინარეობა ტოვებს არა მარტო უსამართლობის განცდას, არამედ ის უბრალოდ ჩიხშია შესული. მისი თქმით: "საქართველოში არის 2000 სკოლაზე მეტი და შვიდი თვის კონკურსის მერე სერტიფიცირებულია მხოლოდ 900 კონკურსანტი".
"სერგო რატიანმა იქვე განმარტა, რომ კონკურსში მონაწილეობას იღებდა 3000 კონკურსანტი, რომელთაგანაც სერტიფიცირების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ მხოლოდ 1600 დარჩა. მათგან კი გასაუბრება 600 კანდიდატზე მეტმა ვერ გაიარა. გასაუბრების კრიტერიუმები საკმაოდ ბუნდოვანი იყო, გრძელდებოდა სულ რაღაც 15 წუთი და საერთოდ არ არსებობს იმის გარანტია, რომ აქ იყო დაცული ნორმები, რომლებიც ტოვებდა ობიექტურობის განცდას. შედეგად კი მივიღეთ, რომ საქართველოში 2000 სკოლიდან 1000 სკოლაში გვყავს კანდიდატები, რომლებსაც სახელმწიფომ უთხრა, რომ ისინი არ არიან კვალიფიციურები და არ შეესაბამებიან საკუთარ თანამდებობას.
საკითხის კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანება არეგულირებს. საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპს, სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის, დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას მოიცავს. ამავე ბრძანების დანართის პირველი მუხლის თანახმად, სერტიფიცირების ეტაპი ორი ნაწილისაგან, რეგისტრაცია/ტესტირებისა, (რომელიც ელექტრონულად ტარდება) და გასაუბრებისაგან შედგება, რომელიც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან იმართება. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელიც ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს. ეს კი ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს შეადგენს.
ამავე ბრძანებით განმარტებულია, რომ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიის დამტკიცებიდან 7 წლის განმავლობაში მოქმედებს. ამასთან, დირექტორის შესარჩევი კონკურსის შესაბამისად, დირექტორი 6 წლის ვადით ინიშნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, დღეისთვის საქართველოში სულ 2084 საჯარო სკოლა ფიქსირდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით საჯარო სკოლების დირექტორების ბოლო შესარჩევი კონკურსი 2013 წლის 25 ივლისს დაიწყო და 2013 წლის 26 დეკემბერს დასრულდა.
კონკურსში მონაწილეობა 3107-მა კანდიდატმა მიიღო, საიდანაც ტესტირებით დადგენილი ბარიერი 1617-მა გადალახა. მთლიანად სერტიფიცირების ეტაპი 981-მა კანდიდატმა გაიარა (მათ შორის არიან ისინიც, ვინც ტესტირება 2012 წელს გაიარა). ამ ეტაპზე, მათი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენა ჯერ არ განხორციელებულა. აღნიშნული კანდიდატების დირექტორად დანიშვნა 2014 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, მას შემდეგ რაც დირექტორების სერტიფიცირების კონკურსი ბოლომდე დასრულდება და ყველა საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატი სრულად გამოვლინდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სერტიფიცირებული დირექტორი მხოლოდ 7 სკოლაშია. ეს ის დირექტორებია, რომლებმაც 2011 წელს შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს. დანარჩენ სკოლებში ამ ეტაპზე, დირექტორები მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან.
აქვე აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტოს ინფორმაციით სერტიფიცირებულ და არასერტიფიცირებულ დირექტორს (მოვალეობის შემსრულებელს) შორის ამ მომენტისთვის ანაზღაურების თვალსაზრისით განსხვავება არ ფიქსირდება. თუმცა, ამჟამად უცნობია იქნება თუ არა ამ კუთხით რაიმე ტიპის ცვლილება საჯარო სკოლების სერტიფიცირებული დირექტორებით სრულად დაკომპლექტების შემდეგ.
როგორც კვლევამ აჩვენა საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის შედეგად, რომელიც ჯამში 5 თვეს მოიცავდა (და არა შვიდს, როგორც ეს დეპუტატმა განაცხადა), დღეისათვის საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 7 სკოლაშია შესაბამისი წესით დანიშნული დირექტორი. ეს ის დირექტორებია, რომლებმაც შესარჩევი კონკურსი 2011 წელს გაიარეს. შესაბამისად, ყველა დანარჩენ სკოლაში არიან მოვალეობის შემსრულებელი დირექტორები. 2013 წლის კონკურსის შედეგად გამოვლენილი 981 კანდიდატის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის დასამტკიცებლად წარდგენა ჯერ არ მომხდარა. საჯარო სკოლების სერტიფიცირებული დირექტორებით სრულად დაკომპლექტებას განათლების სამინისტრო წლის ბოლოსთვის გეგმავს. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ იმ კანდიდატებმა, ვინც სერტიფიცერების კონკურსი წარმატებით გაიარა, ამ ეტაპზე არ იციან დარჩებიან თუ არა იმ სკოლებში დირექტორებად, სადაც ისინი დღეს მოღვაწეობენ და რა კრიტერიუმით მოხდება აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.
მიუხედავად დეპუტატის განცხადებაში გაჟღერებული უზუსტობებისა, ის მთლიანობაში მაინც სწორად ასახავს საქართველოს საჯარო სკოლებში დირექტორებით დაკომპლექტების საკითხის ირგვლივ არსებულ სიტუაციას.
ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით სერგო რატიანის განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა.
გასულ კვირას ფაქტ-მეტრმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიც გადაამოწმა. ერთერთი ასეთი განცხადება გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნოდა. მისი თქმით, "2013 წელს ვიზიტორების რიცხვის 22%-იანი ზრდა იყო. 5.4 მილიონი ვიზიტორი ეწვია საქართველოს და ამ მონაცემით ჩვენ ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში".
საკითხის შესწავლისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაცია გაანალიზდა, რომლის მიხედვითაც 2013 წელს საქართველოს 5 365 356 ვიზიტორი ეწვია, 2012 წელს კი მათი რაოდენობა 4 428 221 იყო. 2013 წელს ვიზიტორთა რიცხვი 937 135-ით, ანუ 21.2%-ით გაიზარდა. საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების 88% მეზობელი სახელმწიფოებიდან (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) არის, ხოლო 12% კი - მსოფლიოს სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს თურქეთიდან სტუმრობდა, რაც ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობის 28%-ია. რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა კი წინა, 2012 წლის მონაცემებთან შედარებით 49%-ით არის გაზრდილი და საერთო რაოდენობის 14%-ს შეადგენს.
იმის გასარკვევად, თუ რა ადგილი უჭირავს საქართველოს ვიზიტორების ზრდის მიხედვით ევროპაში, ფაქტ–მეტრმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2013 წლის ანგარიში (World Tourism Barometer, January 2014) მოიძია. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ვიზიტორების ზრდის 21.2%-იანი მაჩვენებლით საქართველოს ევროპაში ყველაზე მაღალი შედეგი აქვს, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი 0.7%-ით მხოლოდ ყაზახეთს ჩამოუვარდება.
აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ფაქტ-მეტრმა დაასკვნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის გაბცხადება სიმართლეა.
ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული კიდევ ერთი განცხადება განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, ქეთევან ნატრიაშვილს ეკუთვნოდა. გასულ თვეში, პარლამენტი ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდა. განათლების სამინისტროს ინიციატივით სკოლაში მოსწავლის მიღებისათვის ასაკის მინიმალურ ბარიერად 6 წელი განისაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, ქეთევან ნატრიაშვილმა განაცხადა: "საერთაშორისო რეკომენდაციები, ტენდენციები, ადგილობრივი ექსპერტების და სპეციალისტების რეკომენდაციებიც არის ის, რომ ბავშვი უკვე უნდა იყოს 6 წლის (ან მეტის), როდესაც ის სასწავლო პროცესს იწყებს". მისივე თქმით, ამ ასაკში ბავშვისთვის 2-3 თვესაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და თუკი სასწავლო პროცესის დაწყების წინ ბავშვი 6 წლიან ბარიერს არ დააკმაყოფილებს, მას მოუწევს მომავალ წელს დარეგისტრირდეს და შევიდეს სკოლაში.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული რეკომენდაციებით დაინტერესდა და მათი შესწავლა გადაწყვიტა. იმის დასაზუსტებლად, თუ რომელ ექსპერტებსა და რეკომენდაციებს გულისხმობდა ქეთევან ნატრიაშვილი განცხადებისას, ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური წერილით მივმართეთ და შესაბამისი ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შემდეგ კვლევებში გამოთქმული რჩევები და რეკომენდაციები გაითვალისწინა: 1) 5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა, 2) სასკოლო მზაობის შეფასება (ანგარიში).
ფაქტ-მეტრის სამინისტროს მიერ მითითებული ორივე კვლევა გააანალიზა. აქედან ერთში (5 წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების კვლევა) აღნიშნულია, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწსებულებებში შესაბამისი გარემოს არარსებობის გამო ამ ეტაპზე 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღება რეკომენდებული არ არის. მეორე კვლევაში კი (სასკოლო მზაობის შეფასება – UNICEF) აქცენტი მხოლოდ იმაზეა გაკეთებული, რომ კარგი იქნება, თუკი სასკოლო პროგრამებში 5 წლიანთა შესაძლებლობების გათვალისწინებაც მოხდება და მათი სწავლების სპეციფიკასთან დაკავშირებით პედაგოგებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები შემუშავდება. იმის პირდაპირი ხაზგასმა, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს 6 წლის (ან მეტის) განათლების სამინისტროს მიერ დასახელებულ არცერთ კვლევაში არ გვხვდება. შესაბამისად, ქეთევან ნატრიაშვილის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეფასდა", -აღნიშნულია კვლევაში.
FactCheck.ge "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებზე პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. ფაქტ-მეტრის მიერ ფაქტის სიზუსტის შეფასების გრადაციებია: სიმართლე, მეტწილად სიმართლე, ნახევრად სიმართლე, მეტწილად მცდარი, მცდარი, ტყუილი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 949
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია