დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - დარიალის ხეობაში მთის მოწყვეტის მასშტაბი 2007 წელს ჩამოწოლილ მეწყერზე მეტია
ავტორი:
2014/მაისი/17 17:30:02
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში მთის მოწყვეტის მასშტაბი 2007 წელს ჩამოწოლილ მეწყერზე მეტია.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხეობის აღდგენას სერიოზული დრო და რესურსი დასჭირდება.
"მე ვიმყოფები იმ ადგილას, სადაც მყინვარი ჩამოიშალა. აქ 2007 წელსაც იგივე მოხდა, მაგრამ მისი მოწყვეტის მასშტაბი, რამდენადაც ვხედავ, უფრო დიდია, რის შედეგადაც არის დაგუბება, თუმცა ის ნელ-ნელა იკლებს. ვფიქრობ, რომ ძალიან მძიმეა იმ ხალხის ბედი, რომელიც ამ კატასტროფაში მოჰყვა. ბუნებრივია, ესაა ტრაგედია. ასევე სერიოზული პრობლემა აქვს გზასაც, გასაწმენდი და აღსადგენია. სერიოზული დრო და რესურსებია საჭირო. მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით არის სალიკვიდაციო პროცესი", - განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა "ინტერპრესნიუსს".
რაც შეეხება გარემოს დამცველთა მოსაზრებას, რომ სტიქიის მიზეზი შესაძლოა, "დარიალჰესის" მშენებლობა გამხდარიყო, პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნულ საკითხში ექსპერტი არ არის, თუმცა როგორც ხეობის კარგად მცოდნემ იცის, რომ დევდორაკზე მეწყერის ჩამოწოლა ხშირად ხდება.
"მე არ ვარ ჰიდროლოგი და ამ თემის ექსპერტი. შესაბამისად, ვერანაირად ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ის, რომ დევდორაკი პერიოდულად წყდებოდა ხოლმე, შემიძლია დაგიდასტუროთ როგორც ადამიანმა, ვინც კარგად იცნობს ამ ადგილს და აქაურობას. ზოგადად, დევდორაკი უფრო სწრაფად ლღვება, ეს, ბუნებრივია, არის ეკოლოგიური პრობლემა, მაგრამ არა - ჰესებით გამოწვეული. ეს ხდება გლობალური დათბობის, ასევე დაბინძურების გამო – როგორც ცნობილია, დაბინძურებული მყინვარი უფრო სწრაფად დნება და ეს მთელს მსოფლიოში ასეა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, მეწყერმა 5-მდე მანქანა მოიყოლა, რის შესაბამისადაც, დაკარგულად ითვლება სულ მცირე ხუთი ადამიანი.
"სანამ ადამიანი ნაპოვნი არ არის, მასზე არ შეიძლება ვთქვათ, რომ ისაა გარდაცვლილი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ მოვიხსენიოთ გარდაცვლილად. ისინი არიან დაკარგულები და ჩვენ ბოლომდე უნდა გვქონდეს მათი პოვნის იმედი. მე რამდენადაც მითხრეს, მეწყერმა 4 თუ 5 მანქანა მოიყოლა, შესბაამისად მინიმუმ 4-5 მძღოლი ითვლება დაკარგულად, თუ არ ვილაპარაკებთ მგზავრებზე, რომლებიც შესაძლოა, მათ ჰყოლოდათ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.


PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 976
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია