დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"სი-არ-არ-სი საქართველო" ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს
ავტორი:
2014/მაისი/10 17:30:02
კომპანია "სი-არ-არ-სი საქართველო" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , თოქ-შოუ "რეაქციაში" პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ " სი-არ-არ-სი საქართველო" "ყოველთვის იყო ასოცირებული "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" და რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ ორგანიზაციის "მენეჯმენტში ჩართული წლების მანძილზე და კოორდინაციას უწევდნენ NDI-ის კვლევებს".
"ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს.
"სი-არ-არ-სი საქართველო" არასოდეს ყოფილა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებული. ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა 2003 წელს ევრაზიის ფონდის მიერ მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. რაც შეეხება პრემიერ–მინისტრის მიერ ხსენებულ ლევან თარხნიშვილს, იგი "სი-არ-არ-სი საქართველოს" დირექტორად მუშაობდა 2007 წლამდე, რისი გადამოწმებაც მარტივად არის შესაძლებელი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. NDI-მ ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა 2008 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან დღემდე "სი-არ-არ-სი საქართველოს" არც ერთი ხელმძღვანელი და თანამშრომელი არასოდეს ყოფილა დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.
"სი-არ-არ-სი საქართველო" არის დამოუკიდებელი არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ.
"სი-არ-არ-სი საქართველო" სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება სამხრეთ კავკასიაში", -ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "რეაქციის" ეთერში გუშინ განაცხადა, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული ორგანიზაციები ასრულებენ.
"NDI-ის კვლევებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მე მოვისმინე არაერთი კომენტარი. ის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი უტოლდება დათო ბაქრაძის რეიტინგს, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ვკითხოთ, ქუჩაში გავაჩეროთ ათი ადამიანი, მე და თქვენ გავაკეთოთ პატარა ექსპერიმენტი და დავრწმუნებით, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი. მე, რა თქმა უნდა, მინდა დავაფიქსირო ჩემი ღრმა პატივისცემა ამ ინსტიტუტისადმი. რაც შეეხება ბრალდებებს, რომელიც ჩვენ გვესმის NDI-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელზე, მე არ მინდა, ამ დისკუსიაში ჩავერთო, უბრალოდ მსურს, ჩემი აზრი დავაფიქსირო, რომელიც არის დაფუძნებული შემდეგ ინფორმაციაზე: სამწუხაროდ, NDI ყოველთვის იყენებდა ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომელიც ე.წ. საველე სამუშაოებს ახორციელებდა და სამწუხაროდ, ეს ორგანიზაციები ყოველთვის იყვნენ ასოცირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან". მაგალითს გეტყვით, რომ ბატონი თარხნიშვილი, რომელიც ბრალდებულია მთელი საქართველოს მოსახლეობის მხრიდან არჩევნების გაყალბებაში და მისი მეუღლე, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინათინ ბოკუჩავა იყვნენ ჩართულები ამ ორგანიზაციის მენეჯმენტში წლების განმავლობაში და უწევდნენ კოორდინაციას NDI-ს კვლევებს. მე მაქვს შეკითხვა – ჩვენ თუ ვენდობით ლევან თარხნიშვილის მიერ კონტროლირებად ორგანიზაციას და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად ორგანიზაციას და მის მიერ შესრულებულ სამუშაობს, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, არ ენდობა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის და დავით ბაქრაძის რეიტინგი ერთნაირია. "ეს არის ძალიან დიდი გამოაშკარავება და საკუთარი თავის გაყიდვა. ხალხი არის ბრძენი და ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის. მე პირადად საპრეტენზიო არაფერი მაქვს NDI-სადმი, მაგრამ სერიოზული ეჭვები გამოითქვა იმ ორგანიზაციის მისამართით, რომელიც საველე სამუშაოებს ასრულებს", - დასძინა ღარიბაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 885
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია