დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკა მელია დავით ნარმანიას ტელედებატებში იწვევს
ავტორი:
2014/მაისი/08 20:00:02
თბილისის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია დავით ნარმანიას ტელედებატებში იწვევს. როგორც მელიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ღირსეულ კამათში წარუდგენს თბილისელებს მის გეგმებს.
"მინდა ტელედებატებში გამოვიწვიო ჩემი კონკურენტები, განსაკუთრებით კი მთავრობის კანდიდატი ნარმანია. დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ ღირსეულ და კორექტულ კამათში წარმოვუდგინოთ თბილისელებს ჩვენი გეგმები და სწორედ ასე მივცეთ თბილისელებს გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალება. თბილისი ამას იმსახურებს", - აღნიშნა მელიამ.
გარდა ამისა, მელიამ მის საარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის უფასო იქნება; 20-თეთრამდე შემცირდება სხვა მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. მელიას განცხადებით, ასევე მოხდება საშემოსავლო გადასახადების შემცირება და კომუნალური გადასახადები.
"პირველ რიგში მოხდება გადასახადების შემცირება, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას გაფართოვდეს და მეტი ადამიანი დაასაქმოს. მოხდება საწვავზე და გაზზე აქციზური გადასახადების გაუქმება. ბიზნესთან დაკავშირებული დარღვევების და გადაცდენის ამნისტია მოხდება. გარდა ბიზნესის ხელშეწყობისა, თავად სახელმწიფოც ქმნის სამუშაო ადგილებს. ვგულისხმობ რეალურ სამუშაო ადგილებს, რომელსაც სახელმწიფო ქმნის დიდი პროექტების განხორციელებით. მოხდება შეჩერებული პროექტების განახლება, ისეთი პროექტების, როგორიც არის თბილისიდან რკინიგზის გადატანა, გზების მშენებლობის მეორე ტალღა და ა.შ.", - აღნიშნა მელიამ.
მისივე თქმით, თბილისს "არავინ უნდა დაუსვას" ქალაქის მერი. "ვერც ერთი ავტორიტეტი ვერასოდეს გადაწყვეტს ვინ იქნება დედაქალაქის მმართველი. ვერავინ ვერავის დანიშნავს პირადი ერთგულებისა და მორჩილების მიზნით. არჩევანი ჩვენზეა, ხალხზე და მე მჯერა გამარჯვების, როგორც არასდროს. ბოლო წლებში თბილისში ბევრი რამ გაკეთდა, ქალაქი უფრო კეთილმოწყობილი გახდა, მაგრამ ახლაც ბევრ პრობლემასთან უწევთ თბილისელებს გამკლავება. მათი უმთავრესი პრობლემა სამუშაო ადგილებია. ახალი სამუშაო ადგილები კი არ იქმნება, არამედ, მთავრობის უნიათობის გამო არსებულიც კი იკარგება. ეკონომიკა შეჩერებულია, ხალხს დიდ პრობლემას უქმნის განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, გაზრდილი კრიმინალი. მთავრობა უნიათო და არაკომპეტენტურია და დაპირებებს ვერ ასრულებს. თბილისი უნდა ავამუშაოთ, სამუშაო ადგილები შევქმნათ და ამისთვის გვაქვს კონკრეტული გეგმა", - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია