დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან ბეჟაშვილი - ბლოკის შექმნა საკრებულოებში დამატებითი ფრაქციის შექმნას და მეტი დაფინანსების მიღებას უკავშირდება
ავტორი:
2014/მაისი/06 12:30:02
შოთა მალაშხიას "ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიასთან" დაბლოკება "ნაციონალური მოძრაობისთვის" საკრებულოებში დამატებითი ფრაქციის შექმნის , ცესკო-ში კიდევ ერთი წევრის ყოლისა და დაფინანსების გაზრდის შანსია.
"ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დაუდასტურა, რომ მალაშხიას პარტიასთან ბლოკის შექმნის გადაწყვეტილება საარჩევნო ტექნოლოგიის ნაწილია.
პარლამენტის მიერ მიღებული ახალი, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მიხედვით, ერთ პარტიას საკრებულოში მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნის უფლება აქვს, ანუ თუკი პარტიას საკრებულოში რამდენიმე ფრაქციის შექმნისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობა ეყოლება, დამატებითი ფრაქციის ფორმირებას მაინც ვერ მოახერხებს. ბლოკის შემთხვევაში კი, "ნაციონალურ მოძრაობას" "ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის" დახმარებით ორი ფრაქციის ფორმირების შესაძლებლობა ექნება.
დაბლოკების შედეგად იმატებს მისი საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდის შანსებიც. ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი დაფინანსებას პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით იღებს. სადღეისოდ "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მიღებულ დაფინანსებას იყენებს. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კი, შესაბამისი, 3%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, დაფინანსების მიმღები შოთა მალაშხიას პარტიაც ხდება, რომელიც დაფინანსების სახით ბლოკის ნახევარს მიიღებს.
რაც შეეხება ცესკო-ში დამატებითი წევრის შეყვანის საკითხს, საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, სწორედ დაფინანსების ოდენობის მიხედვით წყდება, თუ რომელი პარტია მოიპოვებს ცესკოში წევრის დანიშვის უფლებას. ამ შემთხვევაში, თუ მალაშხიას პარტია ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე იმ ოდენობის დაფინანსებას მიიღებს, რაც ცესკოში წევრის მყოლ სხვა პარტიის დაფინანსებაზე მეტი იქნება, საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრს ის შეიყვანს, სხვა კი – დაკარგავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სადღეისოდ ცესკოში პარტიის მიერ დანიშნული წევრები ჰყავს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და კოალიცია "ქართულო ოცნებაში" შემავალ პარტიებს.
ბლოკის შექმნა დამატებით უფასო საეთერო დროის მოპოვებაზეც არის გათვლილი.
"საარჩევნო ბლოკის შექმნა არის საარჩევნო ტექნოლოგიის თემა. დაბლოკება უკავშირდება თვითმმართველობის ორგანოებში დამატებითი ფრაქციის შექმნას. ეს არის ახალი ადამიანების მოზიდვის საშუალება. იმავდროულად, არის მეტი დაფინანსების მიღების ალბათობაც, რაც ოპოზიციაში მყოფი პარტიისთვის დამატებითი რესურსია და ამ რესურსზე უარი ნამდვილად არ უნდა ითქვას. ბევრი საკითხია, რამაც ძლიერი ოპოზიციური პარტიის მომავალზე დადებითაც შეიძლება იმოქმედოს. ამ დაბლოკებას აქვს თავისი მიზნებიც და ამოცანებიც. გარდა ფინანსურ-მატერიალური მხარისა და ფრაქციების შექმნისა, ეს იმას ნიშნავს, რომ ცესკოში დამატებითი წევრის შეყვანის საშუალება შეიძლება მოგვეცეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ბეჟაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია