დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - სისტემა უნდა იყოს მოქნილი და პრობლემები არ უნდა შეუქმნას სასამართლოს
ავტორი:
2014/მაისი/03 13:00:02
უმრავლესობის წარმომადგენელ თინა ხიდაშელს სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტებიდან იუსტიციის სამინისტროს პროექტი უფრო მოსწონს, ვიდრე უზენაესი სასამართლოსი. თუმცა, მისი თქმით, გამართული არც ერთი პროექტი არ არის. ამის შესახებ თინა ხიდაშელმა იუსტიციის სახლში საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
"სასამართლო ხელისუფლების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები, რომელსაც სხდომაზე განიხილავენ, შავ მასალას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი პროექტი არ დარჩება საბოლოო ჯამში სრულად გათვალისწინებული და იქნება მცირე ნაწილები წარმოდგენილი. შევეცდებით, რომ ყველაზე უფრო შეჯერებული, ყველაზე უფრო სწორი და გამართული სისტემა იყოს. რაც ყველაზე მთავარია. სისტემა უნდა იყოს მოქნილი და პრობლემები არ უნდა შეუქმნას სასამართლოს. მგონია, რომ იდეალური ვარიანტი არ არსებობს, იმედი მაქვს, ამის პრეტენზია არავის აქვს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მის პროექტს იუსტიციის სამინისტრო არ იწონებს.
"პროექტში წარმოდგენილი მოსაზრებები, ეს არის კუბლაშვილის პოზიცია. იუსტიცის მინისტრს აქვს სხვა პოზიცია. მე, პირადად, იუსტიციის მინისტრის პოზიცია უფრო მომწონს, მაგრამ არც ერთი არ არის ის ვერსია, რომელზეც საბოლოო ჯამში ვიტყოდი, რომ გამართულია. ამიტომ შეიქმნა კომისია, რომ აღნიშნულის შესახებ ისაუბროს, რადგან ეს მარტივი თემა არ არის, ჩვენი, უმრავლესობის ამოცანაა, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ და იმედი მაქვს, მივაღწევთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა, რომელიც იუსტიცის სახლში საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ესწრება.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე სასამართლო ხელისუფლების შესახებ სხვადასხვა უწყებებს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ, რაზეც დღეს იმსჯელებენ. ბარამიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს პროექტში იმ ნაწილს, სადაც საუბარია მოსამართლეთა გათავისუფლების მიზეზებზე, არ ეთანხმება.
იუსტიციის სახლში საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, მისი პროექტი სასამართლო ხელისუფლების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას ითვალისწინებს.
"ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტში გაცილებით მეტი გარანტიებია წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის, ერთ-ერთი ის არის, რომ დაუშვებელია ახალი კანონის მიღებით თავმჯდომარეების, მოადგილეების, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის შემცირება", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ერთხელ უკვე განხორციელდა, რაც სწორი არ იყო.
"ეს რომ დავიცვათ და მომავალში აღარ მოხდეს მსგავსი რამ, ეს ცვლილება უნდა იყოს საკონსტიტუციო დონეზე გარანიტირებული", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. მან პროექტის კიდევ ერთ პრინციპზე ისაუბრა.
"ასევე წარმოდგენილი პრინციპი მაქვს, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურებს პარლამენტში. ჩვენს პროექტში ასევე არის სხვა რამდენიმე დამატებითი გარანტია სასამართლო დამოუკიდებლობისათვის, რაც ჯერჯერობით საკონსტიტუციო დონეზე არ არის გარანტირებული", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ იუსტიციის სამინისტრო ეწინააღმდეგება ბევრ იმ სიახლეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პროექტშია წარმოდგენილი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია