საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ქართველი ჟურნალისტები უნდა გამოუშვან
ავტორი:
2014/აპრილი/16 19:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ დღის ბოლომდე, "ტვ 3"-ის დაკავებული ჟურნალისტები უნდა გამოუშვან. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ პრაღაში, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ითქვა, რომ ეს ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს. ვფიქრობ, იქნება მიღებული ზომები და ეს თემა დღის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს და მოგვარდეს. საუბრის შედეგად, რომელიც გვქონდა, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს საკითხი, ფრიად უსიამოვნო, დღესვე უნდა მოგვარდეს. ჩვენთვის მთავარია, ეს ახალგაზრდები გაათავისუფლონ. ზედმეტ ყურადღებას ნუ მივაქცევთ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, მთავარია რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ თქვენი კოლეგები", - აღნიშნა აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ აძვთან რუსი მესაზღვრეების მიერ ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტს გამოეხამურა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 15 აპრილს რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებიც მთავრობათაშორის შეთანხმების შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის დაცვას ახორციელებენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამი ქართველი ტელეჟურნალისტი დააკავეს.
"მოქმედი წესის თანახმად, დაკავებულები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გადაეცა. არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ საზღვრის დამრღვევები შეგნებულად და დემონსტრაციულად გადავიდნენ სოფელ აძვიდან, მის მიმდებარედ, სამხრეთ ოსურ დასახლებულ პუნქტში, სადაც სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გადაღება მოახდინეს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ეს უნდა შეფასდეს როგორც დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანიც პრაღაში, დღეს მიმდინარე აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ატმოსფეროს დაძაბვა იყო.
"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრაღის მორიგი შეხვედრის წინ მსგავსი სახის პროვოკაციის ორგანიზება ხდება. ყოველივე ეს ისევე, როგორც ბოლო დროს გავრცელებული ცრუ ინფორმაცია რუსეთის თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე, მოწმობს, რომ ქართულ საზოგადოებაში გრძელდება ბრძოლა იმ ძალებს შორის, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასა და მათ შორის, ვინც იზიარებს მტრობის გაღვივებისკენ მიმართულ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებულ კურსს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსმა ოკუპანტებმა ტელეკომპანია "ტვ3"-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი - სოფელ აძვში გუშინ დააკავეს. ისინი სოფელში სიუჟეტის მოსამზადებლად იყვნენ ჩასული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია