დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე - რაც არ უნდა აგრესიული იყოს რუსეთი, ეს ჩვენს გადაწყვეტილებას ვერ შეასუსტებს
ავტორი:
2014/აპრილი/11 17:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე გერმანიაში "Hertie School of Governance"-ში სიტყვით გამოვიდა.
"რაც არ უნდა აგრესიული იყოს რუსეთი, ეს ჩვენს გადაწყვეტილებას ვერ შეასუსტებს. მსგავსი საფრთხე ჩვენ ვერ გადაგვახვევინებს დემოკრატიული კონსოლიდაციის და ევროპული ინტეგრაციის გზიდან. ჩვენ ვუპასუხებთ დემოკრატიული პროგრესისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი კიდევ უფრო ძლიერი მისწრაფებით; ჩვენს თანამოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ვანახებთ, რომ ცხოვრება თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში უკეთესი არჩევანია, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის პირობებში ცხოვრება", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობილ საერთაშორისო ინსტიტუტსა და კვლევით ცენტრში, სტუდენტებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე მაია ფანჯიკიძემ მიმოიხილა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. სიტყვით გამოსვლისას მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე და საქართველოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზე.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს ძალისხმევა დემოკრატიული ტრანსფორმაციისკენ და ევროპული ინტეგრაციისკენ არის ქვეყნის გზა, რომ დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, რომლის ისტორიული ნაწილიც ის არის.
"ჩვენი ქვეყნის მიზანია არა მარტო მივიღოთ ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებისგან გარკვეული სარგებელი, არამედ ჩვენ მზად ვართ და შეგვაქვს საკუთარი წვლილი ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში", - განაცხადა მინისტრმა.
მაია ფანჯიკიძის თქმით, დღეს საერთაშორისო საზოგადოება მოწმეა იმ შემაშფოთებელი განვითარებებისა, რასაც ადგილი აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, კონკრეტულად კი, უკრაინაში. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა არსებითია საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის მმართველობის სკოლაში სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში. მათ შორის ევროკავშირის მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მოღვაწეობას, ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის ძალისხმევას ომით გაყოფილ საზოგადოებაში ნდობის აღდგენის საკითხებში.
Hertie School of Governance გერმანიაში ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტი და კვლევითი ცენტრია. სასწავლებელში რეგულარულად მართავენ შეხვედრებს ცნობილი პოლიტიკოსები, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 905
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია