დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თედო ჯაფარიძე - რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია ნიადაგს ამზადებს უფრო მეტი მსგავსი ქმედებისთვის
ავტორი:
2014/აპრილი/09 23:00:02
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პასტორ ნიმოლერის გამონათქვამი, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მიუსადაგა.
როგორც თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, თაობისთვის, რომელიც ცივი ომის დასასრულის და მოგვიანებით ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების არა მხოლოდ მოწმე, არამედ უშუალო მონაწილეც გახლდათ, ყირიმში განვითარებული მოვლენები ეგზისტენციალური თვითშეცნობის მომენტი აღმოჩნდა. მისივე თქმით, რუსული ნაციონალიზმი ამ კონტექსტში ყოველთვის არსებობდა.
"საბჭოთა კავშირი აშენებული იყო იმპერიულ მოდელზე. მას შემდეგ, რაც სტალინიზმის იდეოლოგიური და სამხედრო ძალაუფლების ძირგამომთხრელი კრიტიკა დაიწყო, ნაციონალიზმის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა. ნაციონალიზმი, მათ შორის რუსული ნაციონალიზმი, ყოველთვის არსებობდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საბჭოთა კავშირი იყო იმპერია, და მისმა დაშლამ მთელი რიგი სეპარატისტული და გეოპოლიტიკური ომები გამოიწვია, რომლებიც ხშირად გარეშე ძალების ხელშეწყობით ხორციელდებოდა საკუთარი ინტერესებისთვის და არა მათი ინტერესების გასატარებლად, ვისაც მხარდაჭერას უცხადებდნენ. უფრო მეტიც, ნაციონალიზმი საერთაშორისო სისტემის ფუნდამენტური ნაწილია. ამით აიხსნება, თუ რატომ არის მსოფლიო მოწყობილი კონკრეტული მიმართულებით და, ამასთან, ეს არის ცნება, რომელიც ყოველთვის გამოიყენება მოსახლეობის მობილიზებისთვის, მათი, როგორც "ხალხის" ერთიანი ძალით მოქმედებისთვის. რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ოკუპაცია და ანექსია, რისთვისაც ლეღვის ფოთლად იქნა გამოყენებული რეფერენდუმი, სამწუხაროდ, ნიადაგს ამზადებს უფრო მეტი მსგავსი ქმედებისთვის", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მოსკოვი ახლა უკვე რევიზიონისტულია, უფრო მეტიც - რევანშისტული, რაც იმას ემსახურება, რომ დაბრუნდეს არა 1991 წლის, უფრო მეტიც 1945 წელს არსებული პოლიტიკური წყობა. დეპუტატის შეფასებით, ამგვარი ქმედებების შედეგად რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ეთნიკურად რუსი ეროვნების ადამიანები თავს გრძნობენ ერთდროულად საფრთხის ქვეშ და ასევე დაცულადაც. საბოლო ჯამში კი ეს ცვლის ვითარებას გლობალურად, ევროპასა და აზიაში.
"ცდება, ვისაც სჯერა, რომ არსებული კრიზისი "შეეხება მხოლოდ ყირიმს, რომელიც ისედაც რუსეთის იყო". მაგრამ ასე არ არის: ჩემი აზრით სასწორზე უფრო მეტი რამ დგას. პირველ რიგში მოსკოვის ახირება, რომ გადაიხედოს საზღვრები მხოლოდ ნაციონალურ ნიადაგზე, მსოფლიოს აბრუნებს 1918 წელში, "ვერსალის ფორმატში" და გზას უხსნის სხვადასხვა აგრესიული ქმედებების გამოვლინებას. მეორე, მოსკოვი იყენებს რევერსულ ქმედებას, რაც ემყარება ნაციონალიზმის დაქვეითებას და ხელშეწყობას მისი ხელახალი გაღვივებისთვის. და მესამე, გავრცელდა სახიფათო ცნება, რომ ეთნიკურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეობა, რაც თავის მხრივ ძირს უთხრის გაეროს საფუძვლებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე შეფასებით, თუ რომელიმე ამ შეხედულებათაგან დამკვიდრდება ან ლეგიტიმურობას შეიძენს მოლაპარაკებების გზით, მაშინ ჩვენ აღმოვჩნდებით ისტორიულად ყველაზე საინტერესო და ყველაზე საშიშ დროში, არა ახალი ცივი ომის, არამედ ბევრად უფრო დამღუპველ პერიოდში, ჰობსისეულ მსოფლიოში - "ყველა ყველას წინააღმდეგ".
"კვლავ და კვლავ, მე ვიმეორებ შეკითხვას: ქალბატონებო და ბატონებო, ამ დღეებში: სხვა კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ჩვენ ადეკვატურად ვიმოქმედოთ? რატომ ვამბობ ამას - ყოველ ჩვენგანს კარგად უნდა ახსოვდეს და მეტიც, უნდა იმეორებდეს პასტორ ნიმოლერის მწარე გამონათქვამს, რომელიც შეიძლება მივუსადაგოთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს: თავდაპირველად ეს მოხდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და მე ხმა არ ამოვიღე, რადგან ქართველი არ ვიყავი... შემდეგ ყირიმის ანექსია მოხდა და არც მაშინ ამოვიღე ხმა, რადგან უკრაინელი არ ვიყავი, მერე კი როდესაც ჩვენთანაც მოვიდნენ, აღარავინ დარჩა ხმის ამომღები... ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ქალბატონებო და ბატონებო!", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია