დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში მიიჩნევენ, რომ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი ხარვეზებს შეიცავს
ავტორი:
2014/აპრილი/09 17:30:02
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს ხარვეზებს , როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოების უსაფრთხოების კუთხით, - ასეთია შეფასება, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ფარგლებში შექმნილ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს აქვს.
სამუშაო ჯგუფი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, ელექტრონულ კომუნიკაციებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა, ლევან ღირსიაშვილმა განუცხადა, "მათი მიზანია, საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული იყოს იმ ხალხის მოსაზრებები, პოზიციები, რომელთა უშუალო კომპეტენციას განეკუთვნება სახელმწიფო, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები".
"უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრების აზრით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, იგივე საიდუმლო მონაცემების დაცვასთან, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საზოგადოების უსაფრთხოების მხრივ. ასევე შეიცავს ხარვეზებს დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულის აღკვეთის კუთხით. უკანონო მოსმენების პრობლემის აღკვეთა, რასაც პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, ისე უნდა მოხდეს, რომ არ დაზარალდეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ანუ ეს დაბალანესული უნდა იყოს. ამ საკითხზე სტრატეგია უნდა შემუშავდეს. მივიჩნევთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. საკანონმდბელო ცვლილებების გარდა, სტრატეგიაში გაიწერება სხვადასხვა ღონისიძიებები და სამოქმედო გეგმები", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ღირსიაშვილმა.
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოპოვება მკაცრად რეგლამენტირებული ხდება, პარლამენტს გასული წლის გაზაფხულზე წარედგინა, საკომიტეტო განხილვების პროცესი კი, მხოლოდ გასულ კვირას დაიწყო. ამის მიზეზი, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით მთავრობის უარყოფითი პოზიცია და შესაბამისი დასკვნა გახდა. საკანონმდებლო პაკეტის დახვეწის საქმეში მოგვიანებით უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვნენ.
ლევან ღირსიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა, რომ არსებობს მთავრობის სქელტანიანი დასკვნა და ამ დოკუმენტს ახლა სამუშაო ჯგუფი ეცნობა.
"როგორც მე ვიცი, დასკვნა საერთო ჯამში უარყოფითია", – აღნიშნა ღირსიაშვილმა.
საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონიდან "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" გადადის ისეთი სახის ღონისძიებები, რომლებიც მხოლოდ მოსამართლის განჩინებით ხორციელდება. ასეთი ღონისძიებებია: სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ინფორმაცის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლი; ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება; ელექტრული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.
კანონპროექტი აყალიბებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პრინციპებს, რომლებიც, ავტორთა განმარტებით, სრულად შეესაბამება და ასახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ აღიარებულ სტანდარტებს.
პროექტის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებებით დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება შეუძლებელია ან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გარეშე არსებითად გართულდება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ფარგლები და მის შედეგად მოპოვებული მონაცემები უნდა იყოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის პროპორციული.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფის სახელით შევიდა, ხოლო ინიცრებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ეთანხმება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია