დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
New Eastern Europe საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე წერს
ავტორი:
2014/აპრილი/05 14:00:02
"საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები", - ამ სათაურით აქვეყნებს New Eastern Europe ტონის რინას სტატიას. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს , ყირიმის კრიზისის გათვალისწინებით, ნატო-მ 2014 წლის სექტემბრისთვის საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების განხილვა დაიწყო.
"ერთი მხრივ, ეს მეტწილად ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ გაფართოების გაგრძელება იქნება, რომლის კულმინაცია ალიანსში ალბანეთისა და ხორვატიის გაწევრიანება იყო, ასევე ნატო-ში ბოსნია და ჰერცოგოვინას მიწვევა. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გაფართოებისგან განსხვავებით, ნატო-ს გაფართოება სამხრეთ კავკასიაში, რეგიონთან, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, დენთის კასრია, კიდევ ერთხელ მიიყვანს ალიანსს პირდაპირ რუსეთის საზღვრებთან. თუ ნატო მეგობრობის ხელს გაუწვდის საქართველოს, ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს, ალიანსი უკეთესად უნდა მოემზადოს ზურგი გაუმაგროს თავის ინიციატივებს ქმედებებით, რომელიც შესაძლოა რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციას მოიაზრებდეს", - აღნიშნავს ტონი რინა.
ამასთან, სტატიის ავტორი წერს, რომ 2012 წელს, ჩიკაგოში ნატო-ს სამიტამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, 2013 წლის დეკემბერში კი, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პოზიცია საქართველოს მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს მიუახლოვდა, თუმცა ჯერაც ბევრია გასაკეთებელი.
როგორც ტონი რინა აღნიშნავს, 2008 წელს გერმანიამ და საფრანგეთმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ავტორის თქმით, როგორც ჩანს, საფრანგეთი ჯერჯერობით კვლავ არ უჭერს მხარს საქართველოს წევრობას ალიანსში, გერმანია კი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი და შიშობს, რომ საქართველოს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაითრევს.
"ბევრი ადანაშაულებს რუსეთს ექსპანსიური აგრესიის გამო, ნაწილობრივ ნატო-ს გაფართოების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსმა დადო პირობა, რომ ცივი ომის დასრულებისთანავე მისი გაფართოება არ გავრცელდებოდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ეს პირობა დაარღვია. თუმცა, ეჭვს არ იწვევს, რომ ნატო-ში გაწევრიანებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა დაცულია რუსეთის აგრესიისგან", - წერს ტონი რინა.
ამასთან, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს ალიანსში წევრობას ფართო მხარდაჭერა აქვს, თუმცა რა თქმა უნდა, რუსეთი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ავტორი ასევე ციტირებს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ნიკოლაი ბორდიუჟას კომენტარს, რომელმაც განაცხადა, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება არ გაზრდის რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და ნატო-ს მექანიკური გაფართოება არ წარმოადგენს ერთადერთ აუცილებელ გზას.
"გარდა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობებისა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება სხვა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ, იგეგმება რუსეთიდან აფხაზეთის გავლით სომხეთსა და შემდეგ ირანში მიმავალი სარკინიგზო ხაზის აშენება. ეს იდეა, როგორც რუსეთის, ისე სომხეთის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს ორივე ქვეყნისთვის სპარსეთის ყურეში გასვლის საშუალებას და შესაბამისად, გაზრდის მათ სავაჭრო შესაძლებლობებს. ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და მის მიმართ ორ მტრულად განწყობილ ქვეყანას – აზერბაიჯანსა და თურქეთს ესაზღვრება. ამ გეგმის განხორციელება კიდევ უფრო გააძლიერებს რუსეთის მარწუხებს აფხაზეთზე და დააბრკოლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი არ დაუშვებს, რომ მის ახალ წევრს ჯერ კიდევ მოუგვარებელი ტერიტორიული დავა ჰქონდეს", - წერს ტონი რინა.
ამასთან, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს გეოგრაფიული ლოკაცია იმასაც ნიშნავს, რომ თუ ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანდება, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (CSTO) წევრ ქვეყნებს – სომხეთსა და რუსეთს შორის მოექცევა, ხოლო გეოგრაფიული ბალანსის აღდგენის თვალსაზრისით, ის ნატო-ს წევრი თურქეთისა და ნეიტრალური, მაგრამ ზოგადად პროდასავლური აზერბაიჯანის იმედადღა დარჩება.
"თუ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ნატო უშუალოდ რუსეთის ან ჩშთO-ის სხვა წევრ ქვეყნებს ესაზღვრება. საქართველოს ალიანსში გაწევრიანება იქნება პირველი შემთხვევა, როცა რუსეთს სამხრეთ ნაწილში უშუალოდ ნატო ესაზღვრება. ასე რომ, რუსეთმა შესაძლოა სამხრედო ძალა გამოიყენოს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მსგავსად, რათა აღკვეთოს საქართველოს ალიანსში წევრობა. თუ ნატო მართლაც ერთგულია საქართველოს წევრობის მიმართ, მან პოლიტიკური ნება უნდა გამოხატოს, რათა მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას ძალის გამოყენებით. თუ რუსეთი საქართველოს ალიანსში გაწევრიანებამდე დაესხმება თავს, მაშინ ნატო-მ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ არ ღირს რუსეთის გაღიზიანება რუსეთის სამხრეთით პოზიციების გამაგრებით. თუ ნატო აპირებს საქართველოს მიღებას, ალიანსმა უნდა გამოთქვას იმის დამტკიცების სურვილი, რომ დაიცავს თავისი წევრების გეოგრაფიულ მთლიანობას. ნატო-ს მიერ საქართველოსთვის ხელის გაწვდენას აზრი არ ექნება, თუ კრიტიკულ სიტუაციაში, სურვილი არ ექნება, დაიცვას ქვეყანა იმ საფრთხისგან ან ვითარებისგან, რომელიც პირველ რიგში იყო გაწევრიანების მიზეზი", - წერს ტონი რინა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია