დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ყველა თაობა საქართველოსთვის" "სააკაშვილის რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების ფეხქვეშგათელილ უფლებათა აღდგენას" ითხოვს
ავტორი:
2014/აპრილი/01 22:00:12
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" სოლიდარობას უცხადებს ყოფილი პოლიტპატიმრების აქციას და მათთან ერთად კატეგორიულად მოითხოვს "სააკაშვილის რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების ფეხქვეშგათელილ უფლებათა აღდგენას".
"ამ მოთხოვნის უპირველესი ადრესატია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი, ქ-ნი თეა წულუკიანი, რომელსაც, სამწუხაროდ, დღემდე არა აქვს პასუხი და საზოგადოებისათვის კვლავ უცნობია, თუ როდის, რა სამართლებრივი მექანიზმებისა და პროცედურების გამოყენებით მოხდება თუნდაც ყოფილი პოლიტპატიმრების რეაბილიტაცია, სააკაშვილის ჯიბის სასამართლოს მიერ ათასობით უკანონოდ მსჯავრდებული მოქალაქის უფლებების აღდგენა, ასევე უამრავი მოქალაქისათვის სააკაშვილის ბანდის მიერ უკანონოდ წართმეული და ნაძარცვი ქონების დაბრუნება და ყოველივე ამის ჩამდენი დამნაშავეებისათვის საკადრისი პასუხის მოთხოვნა.
განსაკუთრებული გულისტკივილით გვსურს აღვნიშნოთ, რომ საზოგადოება ვერ გარკვეულა იუსტიციის მინისტრის უცნაურ მეტამორფოზაში. მიუხედავად უზარმაზარი მოლოდინებისა, რაც ქალბატონ თეას წინასაარჩევნო დაპირებებმა, მისმა შემართებულმა მოქალაქეობრივმა პოზიციამ განაპირობა, მისი გამინისტრების შედეგად საზოგადოებამ რეალურად ვერაფერი მიიღო. ყველას გვახსოვს გულანთებული თეა წულუკიანი, როცა 1-ელი ოტომბრის არჩევნებში ხალხის გასამარჯვებლად მისი ბაგეებით თვით სამართალი ამეტყველდა და მით უფრო გულსატკენია ქალბატონ თეას დღევანდელი გულგრილობა საკუთარი თანამოქალაქეებისა და უპირველესი თანამებრძოლების - ყოფილი პოლიტპატიმრების ბედის მიმართ. მართლაც სავალალოა, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის - შიმშილობისათვის მიემართათ, რათა ქალბატონი თეასთვის შეეხსენებინათ მისი უპირველესი მოვალეობა - ზრუნვა ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დასაცავად. სამწუხაროდ, ყოფილი პოლიტპატიმრების შიმშილობა დღესაც გრძელდება, მაგრამ იუსტიციის მინისტრი კვლავ დუმს. ძალიან მძიმეა, მაგრამ ნათელია, რომ მას არა აქვს პასუხი და ვერაფრით ანუგეშებს უფლებაშელახულ საკუთარ თანამოქალაქეებსა და ყოფილ თანამებრძოლებს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მათივე შეფასებით, გარდა სამართლიანობის აღდგენის პროცესის უპერსპექტივოდ შეფერხებისა, იუსტიციის სამინისტროს და პირადად თეა წულუკიანს, როგორც საქართველოს მთავრობის უმთავრეს იურიდიულ მრჩეველს, პასუხი მოეთხოვება იმ შეუსრულებელ დაპირებებზეც, რაც მართლმსაჯულებისა და პროკურატურის ჩავარდნილ რეფორმას, მმართველობის სისტემასა და საჯარო სამსახურის სფეროებში დაპირებული ცვლილებების განუხორციელებლობას უკავშირდება.
"სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ აშკარაა საკანონმდებლო რეგრესი როგორც მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, ასევე საჯარო სამსახურის პატრიმონიალური პრინციპებისგან გათავისუფლების თვალსაზრისითაც. 2014 წლის 5 თებერვალს პარლამენტმა მთავრობის ინიციატივით მიიღო "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" და თანმდევ კანონთა პაკეტი. ვის ვის და ქალბატონ თეას, რომელიც პროფესიით მუნიციპალური სამართლის უმაღლსი ევროპული რანგის სპეციალისტია, კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ შეუძლებელია მუნიციპალური სამართლის კოდიფიცირება, მაგრამ ამის მიუხედავად, მან მწვანე შუქი აუნთო ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ისეთი ორგანული კანონის მიღებას, რომელსაც შეცდომით ჰქვია "კოდექსი" და შუსაბამო სათაურს ვინღა ჩივის, სავსეა კურიოზული სამართლებრივი ნორმებით; ცხადია, ქალბატონ თეას მაღალ კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, ამიტომ ეს ფაქტიც, როცა იუსტიციის სამინისტრო არაკვალიფიციურ კანონპროექტს გაატარებს, სწორედაც მინისტრის გულგრილობაზე და საკუთარი მოვალეობების მიმართ არასათანადო, უპრინციპო დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
ყველას კარგად გვახსოვს ქალბატონ თეას წინასაარჩევნო ომახიანი დაპირებები საჯარო სამსახურის დაუყოვნებლივი დეპოლიტიზაციის შესახებ, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ?! სრულიად საპირისპირო რამ: მართლაც სავალალოა, როცა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-11 მუხლში შეტანილი ცვლილებებით მაღალი რანგის მუნიციპალური მოხელეების მიმართ აღარ ვრცელდება მათი სამსახურში მიღება-გათავისუფლების, კარიერის გავლის, ანგარიშვალდებულებისა და საქმიანობის შეფასების კანონით დადგენილი წესები. ეს მოხელეები (მერებისა და გამგებლის მოადგილეები, ადგილობრივი სამსახურების ხელმძღვანელები) არა კანონისა და ხალხის, არამედ მხოლოდ მათი პოლიტიკური პატრონისა და "ნაჩალნიკის" - მერისა თუ გამგებლის წინაშე ხდებიან ანგარიშვალდებულნი. რა არის ეს თუა არა მუნიციპალური სამსახურის კიდევ უფრო მეტად პოლიტიზება და პირადი ერთგულების პატრიმონიალურ პრინციპებზე მისი დაფუძნების მცდელობა?!
აბსოლიტურად გაუგებარია, თუ რამ განაპირობა ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების მიმართ იუსტიციის მინისტრის დამოკიდებულებების ასეთი რდიკალური ცვლილებები.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამის მიზეზი მოპოვებული ძალაუფლების განმტკიცება და მისი შენარჩუნებისათვის ზრუნვაა. თუ ეს ასეა და ქალბატონი თეა ვეღარ უმკლავდება სურვილს და მასზე გაბატონდა ძალაუფლების ნება, რისი ნიშნებიც აშკარად სახეზეა, ჩვენ, როგორც მისი ყოფილი თანამებრძოლები, კვლავაც მისი გულშემატკივრები და მეგობრები, ვურჩევდით - დაუყოვნებლივ, სანამ გვიან არ არის, დატოვოს თანამდებობა!", - ნათქვამია "ყველა თაობა საქართველოსთვის" განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია