დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - 2008 წლის ომი არის გაკვეთილი, რომ ერთი ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტში ვერაფერს გახდება
ავტორი:
2014/მარტი/22 18:00:02
ევროკავშირი თავისუფალ ქვეყნებს აერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "მარშალის ფონდის" ბრიუსელის საერთაშორისო ფორუმის სესიებში მონაწილეობის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პრესკონფერენცია პარტია "უდარ"-ის თავმჯდომარე ვიტალი კლიჩკომ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი დეშიცამ და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა გამართეს.
"დღეს მაქვს საშუალება, სოლიდარობის გამოხატვის ნაცვლად, მივულოცო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, რომლის შემდეგაც ევროპისკენ სვლა შეუქცევადი გახდება. დღეს ბევრი გამამხნევებელი სიტყვა მოვისმინეთ, რომ დემოკრატიული სამყარო მზადაა უპასუხოს რუსეთის ქმედებებს, რაც სამწუხაროდ, არ მომხდარა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა. ვიტალი კლიჩკოს განცხადების პასუხად, სადაც მან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესახებ ისაუბრა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა, რომელიც მარტოა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის დროს, არც ისე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
"2008 წლის აგვისტოს ომი, სამწუხაროდ, არის გაკვეთილი, რომ ერთი ქვეყანა მარტო ვერაფერს გახდება სამხედრო კონფლიქტში რუსეთთან. მეორე მხრივ, უნდა გამოირიცხოს ბირთვული ომი. არ ვფიქრობ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დემოკრატიულ სამყაროს სხვა ბერკეტები აღარ დარჩა. ჩვენ, პოლიტიკოსები, სწორედ იმისთვის, ვართ, რომ ომი ავირიდოთ თავიდან", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსული სამხედრო ინტერვენციის პირობებში, უკრაინას მეგობარი ქვეყნების დახმარება განსაკუთრებულად ესაჭიროება.
უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსული სამხედრო ნაწილების განლაგებასა და ყირიმის ანექსიაზე ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი განცხადებით, რუსული ანექსიის მიზეზი ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერა არ გამხდარა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა გაგრძელდება.
"ნათელია, რომ ხანდახან არ არის საკმარისი მხოლოდ არჩევანის პატივისცემა, ხანდახან არჩევანის დაცვაა საჭირო. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ, იქნება სირთულეებიც, მაგრამ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ", - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.
განცხადება გააკეთა პრესკონფერენციის მოდერატორმა, არიზონას მაკკეინის სახელობის საერთაშორისო ლიდერობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ უოლკერმაც.
"კრიზისი გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს მიაქვს ყირიმი, შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი წაიღებს უკრაინის სხვა ტერიტორიულ ნაწილებსაც ან შეეცდება, იხილოს დნესტრისპირეთი, სამხრეთ ოსეთი ან აფხაზეთი თავის შემადგენლობაში. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და ეფექტურად, რათა შევაჩეროთ ამ ტიპის რუსული აქტივობა", - განაცხადა კურტ უოლკერმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 943
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია