დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როლანდ ახალაიას საკითხზე პარლამენტი ორშაბათამდე არ იმსჯელებს
ავტორი:
2014/მარტი/14 21:30:07
მთავარ პროკურატურაში დეპუტატ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების საკითხზე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარესთან, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.
წინასწარი ანალიზის შედეგად გადაწყდა, რომ ორშაბათამდე მთავარი პროკურატურის მიმართვას მსვლელობა არ მიეცემა. ამ თემაზე განმარტებები დღეს ჟურნალისტებისთვის დავით უსუფაშვილმა გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებთან.
"წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ 2004 წლამდე საქართველოს კონსტიტუციაში ეწერა, რომ პარლამენტის წინასწარი თანხმობა იყო საჭირო პარლამენტის წევრის დაკავებისთვის, დაპატიმრებისთვის, მისი პირადი და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისთვის. ასევე, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისთვის. 2004 წლის გაზაფხულზე კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, და კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა პარლამენტის წინასწარი ნებართვის საჭიროება დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. დარჩა თანხმობის საჭიროება ჩხრეკისა და დაკავებისთვის. ეს იყო მაშინდელი პარლამენტისა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების ნაბიჯი იქითკენ, რომ პარლამენტის წევრები ყოფილიყვნენ ზედმეტად ჩუმნი და სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის პარლამენტის ნებართვა საჭირო არ ყოფილიყო. შემდგომ ეს საკითხი სათანადოდ არ აისახა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ამოღებული იქნა პროკურორის ვალდებულება, პარლამენტში გამოეგზავნა მსგავსი წერილი. წინასწარი მონაცემებით, 2010 წელს, საპროცესო კოდექსში უკან დაბრუნდა ნორმა, რომ პარლამენტმა გასცეს ნებართვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე. ხოლო კონსტიტუციაში რჩება ის ცვლილებები, რაც 2004 წელს მიიღეს. შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტი, პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონი და ასევე კონსტიტუცია არ ითვალისწინებს არანაირ ვალდებულებას, თუ როგორ უნდა განვიხილოთ აღნიშნული საკითხი. ამიტომ იურისტთა ჯგუფი და შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები, იმუშავებენ საკითხზე და ორშაბათს საზოგადოებას ვამცნობთ, რა გზას დავადგებით, რომ არ დაირღვეს კონსტიტუცია, არ შეჩერდეს მართლმსაჯულება და არ დაირღვეს არავის უფლება, ვისაც ეს უფლება კონსტიტუციით აქვს გარანტირებული", განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია