დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტის საგამოძიებო კომისია - ტელეკომპანია "ალანია" დაფუძნების დღიდან სახელმწიფო სახსრებით ფინანსდებოდა
ავტორი:
2014/მარტი/13 15:00:02
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნით, ტელეკომპანია "ალანია" წლების განმავლობაში, ხელისუფლების ნებითა და ხელშეწყობით , ყველა წესის დარღვევით მაუწყებლობდა. კომისიის შეფასებით, "ალანიას" შემთხვევა "სრულიად განსხვავებული და უნიკალურია".
"ტელეკომპანია "ალანიას" მიმართ მარეგულირებელი კომისიის თითოეული წევრი წლების განმავლობაში მშვიდად უყურებდა მაუწყებლობას, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობისათვის, თუმცა სამართლებრივ გარემოში არ არსებობდა. მარეგულირებელმა კომისიამ ვერ მოგვაწოდა ვერც ერთი ოქმი, სხდომის ჩანაწერი, მიმოწერა ან რაიმე სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სულ მცირედ ინტერესს მაინც კომისიის წევრების მხრიდან იმის გასარკვევად, თუ რა წარმონაქმნი იყო ტელევიზია, რომელიც ყოველი ჩვენგანის ოჯახში მაუწყებლობდა? რომელი სიხშირით სარგებლობდა? და როგორ მოხდა, რომ მარეგულირებელი კომისიისათვის გვერდის ავლით შესაძლებელი გახდა მსგავსი საქმიანობა?" – ვკითხულობთ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
ტელეკომპანია "ალანია" სიხშირული სპექტრით 2005 წლიდან მაუწყებლობდა.
"აღნიშნული დასტურდება 2007 წელს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლითაც, სადაც აცხადებს, რომ ის არის "ალანიას" აქტიური მაყურებელი, მიუხედავად იმისა, რომ საზღვრისპირა რეგიონში ცდილობენ მისი სიგნალის დახშობას". "ალანიას" მიერ მაუწყებლობის განხორციელების ფაქტი დასტურდება ასევე "საქართველოს ტელერადიოცენტრის" ოფიციალური პასუხით, წერილში ვკითხულობთ: - "2007 წლის ივლისში, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი ქიტოშვილის ზეპირი განკარგულების საფუძველზე, "ალანიას" სატელევიზიო გადამცემი სისტემები და რადიო-სარელეო სისტემები თბილისის გარდა, განთავსდა აგრეთვე სხვადასხვა რეგიონში მდებარე სატელევიზიო ანძებზე, კერძოდ, გორის სატელევიზიო ანძაზე (სატელევიზიო გადამცემი და რადიო-სარელეო სისტემა), ბეკამში (რადიო-სარელეო სისტემა), ბორჯომის სატელევიზიო ანძაზე (რადიო-სარელეო სისტემა), ასპინძის სატელვიზიო ანძაზე (სატელევიზიო გადამცემი და რადიო-სარელეო სისტემა). ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ გორში მონტაჟი განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, რომლებიც ასევე კონტროლს უწევდნენ მათ შეუფერხებელ მუშაობას. ჩვენი მოთხოვნის მოუხედავად, რომ ოფიციალური სახე მისცემოდა მათი აპარატურის განთავსებას, 2010 წლამდე სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ თბილისში მაუწყებლობა მიმდინარეობდა 35-ე სიხშირულ არხზე". თავისთავად საინტერესო გარემოებაა, რომ 2007 წელს რამდენიმე ჟურნალისტი აწარმოებდა ოფიციალურ მიმოწერას მარეგულირებელი კომისიის მაშინდელ თავმჯდომარესთან გიორგი არველაძესთან, რომელიც ოფიციალურ მიმოწერაში ასეთი ტელეკომპანიის არსებობის ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამის შესახებ კომისია ინფორმაციას არ ფლობდა. იგივეს აცხადებდა მარეგულირებელი კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი საჯარო გამოსვლებში. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების მხრიდან, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო ოფიციალური შეტყობინება უკანონო მაუწყებლობის ფაქტის შესახებ, შემდეგ მომზადდა საგამოძიებო ფილმიც, უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან კანონის დარღვევაზე არავითარი რეაგირება არ მომხდარა" – ნათქვამია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
საბოლოო ჯამში, ტელეკომპანიას ლიცენზია 2008 წლის 16 მაისს მიენიჭა. მიუხედავად საქმიანობის "გაოფიციალურებისა", დასკვნის თანახმად, "ალანია" 2008 წლის მაისის შემდეგაც აგრძელებდა კანონის დარღვევას და კომისიისათვის ეს კვლავაც "შეუმჩნეველი" რჩებოდა. მაგალითად, ლიცენზიის მიღებიდან ორი წლის მანძილზე ტელეანძასთან ურთიერთობას არაოფიციალურად ინარჩუნებდა, რითაც თავს არიდებდა შესაბამისი გადასახადების გადახდას.
"ნათელია, რომ ტელეკომპანია 2005 წლიდან 2008 წლის 16 მაისამდე მაუწყებლობდა და სიხშირულ რესურსს იყენებდა კანონდარღვევით, თუმცა ულიცენზიო მაუწყებლობისათვის პასუხისმგებლობის საკითხი არასოდეს დამდგარა დღის წესრიგში. დაინტერესებულმა პირმა, რომელიც წლების განმავლობაში არღვევდა კანონს, ლიცენზია მიმართვისთანავე უპრობლემოდ მიიღო. საყურადღებოა ისიც, რომ "ალანიაზე" ლიცენზიის გაცემიდან ოთხ დღეში მარეგულირებელმა კომისიამ სამაუწყებლო პრიორიტეტების არარსებობის გამო სამი წლით შეაჩერა სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემა", – აღნიშნულია დასკვნაში.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ყურადღება კომპანიის დაფინანსების საკითხმაც მიიპყრო.
"სამწუხაროდ, ინფორმაციის უდიდესი ნაწილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ, გრიფით "საიდუმლოს" წარმოადგენს და შესაბამისად, პარლამენტის ღია სხდომაზე და საჯარო დოკუმენტში მასზე საუბრის უფლება არ გვაქვს, თუმცა კომისია უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ დაფუძნების დღიდან ტელეკომპანია "ალანია" სწორედ სახელმწიფო სახსრებით ფინანსდებოდა, ვინაიდან ეს საჯარო სხდომებზე არა ერთმა მოწმემ დაადასტურა", – ნათქვამია დასკვნაში.
კომისიის ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომია ინფორმაცია, უკვე 2009 წლის შემდეგ "ალანიას" ფინანსების ერთი ნაწილის შესახებ, რომელსაც კომპანია ღია სახელმწიფო წყაროებიდან იღებდა, მაგრამ დღემდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის #749 განკარგულების თანახმად, ახალი სატელევიზიო არხის მაუწყებლობისათვის 1 000 000 ლარი გამოიყო; 2010 წლის 3 ნოემბრის #1390 განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მესამე არხის ("პირველი კავკასიური") ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით 13 300 000 ლარი გამოეყო; 2011 წლის 1 დეკემბერს #2297 განკარგულებით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მესამე სატელევიზიო არხის სამაუწყებლო და სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის 1 500 000 ლარი გამოეყო; 2012 წლისთვის კომპანიის დაფინანსების ძირითად წყაროს "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება წარმოადგენდა და შესაბამისად - მიღებული შემოსავლები. კერძოდ, 2012 წელს, უკვე ყოფილი შპს "ალანიას" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბიუჯეტიდან 14 000 000 ლარი გამოეყო. გარდა ამისა, კომპანიისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა დამატებით რამდენჯერმე განხორციელდა.
"განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს კიდევ ერთი გარემოება. მოგვიანებით, ტელეკომპანია "პიკი", ანუ ყოფილი შპს "ალანია" კიდევ ერთხელ გასხვისდა. შპს "შვიესაზე" წილების გადაფორმება 2012 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა. დეკლარაცია კი კომპანიამ მარეგულირებელ ორგანოში 20 ნოემბერს წარადგინა. 2012 წლის 4 დეკემბერს კომისიამ "ტელეკომპანია პიკი" გააფრთხილა ზემოაღნიშნული დარღვის გამო, ამასთან გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ 2012 წლის 20 დეკემბერს წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაცია არ მოიცავდა ზუსტ მონაცემებს, ასევე შეზღუდული იყო ვებ-გვერდზე შეღწევა 2012 წლის 16 ნოემბრისათვის. ამ გარიგებაში მხოლოდ ეს არ იყო საინტერესო. ტელეკომპანია "პიკის" ერთ-ერთ მფლობელს ვინმე დარიუს იურგილევიჩუსს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 3 ოქტომბერს, ყოფილმა პრემიერმა ივანე მერაბიშვილმა პრემიის სახით 5 300, ხოლო 18 ოქტომბერს 3 300 ლარი გადაურიცხა. დოკუმენტში, რომელიც მთავრობის კანცელარიიდან მივიღეთ, აღნიშნულია, რომ იურგილევიჩუსს პრემია, როგორც კანცელარიის შტატგარეშე მოსამსახურეს დაერიცხა. ბრძანებას ხელს ივანე მერაბიშვილი აწერს. პრემიის ჩარიცხვიდან რამდენიმე დღეში, სწორედ იურგილევიჩუსი ტელეკომპანია "პიკის" მფლობელი გახდა. ტელეკომპანიის 60%-იანი წილი 29 ოქტომბერს, 4 დღის შექმნილ კომპანია "შვიესას" გადაეცა", - ნათქვამია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია ისიც, რომ იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის მაისში "ალანიამ" გააოფიციალურა საკუთარი საქმიანობა და კომისიისგან ლიცენზია მიიღო, კიდევ ორი წლის მანძილზე ტელეანძასთან ურთიერთობაში არაფორმალურ მდგომარეობას ინარჩუნებდა, რითაც თავიდან აიცილა შესაბამისი გადასახადების გადახდა. ამაზე მარეგულირებელ კომისიას რეაგირება არ მოუხდენია. როგორც საგამოძიებო კომისია აცხადებს, "ვითარება სრულიად კურიოზული იყო", რადგან ჯერ ორი წლის მანძილზე უკანონოდ მაუწყებლობდა ტელევიზია, შემდეგ მიიღო ლიცენზია და კიდევ ორი წლის მანძილზე არავითარი კონტრაქტი ტელეანძასთან ან სხვა რომელიმე მსგავსი ფუნქციის მატარებელ ორგანიზაციასთან არ ჰქონია, რაც ფორმალურად იმას ადასტურებდა, რომ მაუწყებლობა ვერ უნდა განეხორციელებინა.
გარდა ამისა, 2013 წლის 18 ივლისს საგამოძიებო კომისიაში კარლო კვიტაიშვილის მიერ გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ ტელეკომპანია "ალანია" 2010-2011 წლებში რეგულირების საფასურის გადახდის დოკუმენტაციას კანონით დადგენილი წესით არ უგზავნიდა მარეგულირებელ კომისიას, თუმცა როგორც კვიტაიშვილმა კომისიას აცნობა, აღნიშნულ ფაქტს მარეგულირებელი კომისიის მხრიდან არავითარი ღონისძიებები არ მოჰყოლია.
მოპოვებული ინფორმაციების გადამოწმების მიზნით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ საჯარო სხდომაზე ყველა ის პირი მიიწვია, ვისაც "ალანიას" თაობაზე ინფორმაცია გააჩნდა.
"განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, კომუნკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარეების დიმიტრი ქიტოშვილის და გიორგი არველაძის განმარტებებს დაეთმო. ქიტოშვილი ადასტურებს, რომ მისთვის სახელმწიფოს ხელისუფლებისგან, მინისტრისგან, მინისტრის მოადგილეებისგან ცნობილი იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებდა სატელევიზიო პროექტს, რომლის დანიშნულება იყო სამხრეთ ოსეთში პროქართული ინფორმაციის გავრცელება, პროქართული პროპაგანდა. რაც შეეხება კომპანიის თბილისში მაუწყებლობას, ქიტოშვილის განმარტებით, ეს სიახლე "საქართველოს ტელერადიოცენტრის" წარმომადგენელის ბორის ადამიასაგან შეიტყო, თუმცა ქიტოშვილს რაიმე მითითება ან აკრძალვა "ალანიას" თაობაზე ადამიასთვის არ მიუცია. გიორგი არველაძის განმარტებით, "ალანია" იყო "ქრონიკული კანონდარღვევა", რომლის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა მისი მცდელობის შემდეგ მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემაზე 38-ე სიხშირეს უკავშირდებოდა, საბოლოოდ კი, სამაუწყებლო ლიცენზია 35-ე სიხშირეზე გაიცა. არველაძეს არ აქვს პასუხი, რატომ არ გამოაცხადა მარეგულირებელმა კომისიამ კონკურსი თავისუფალ სიხშირეზე. თავის მხრივ, "ალანიას" სიგნალის გავრცელების თაობაზე ბორის ადამია აცხადებს, რომ ანძის ტექნიკური სიხშირე, რომელიც "ობიექტივს" ემსახურებდა, შემდეგ "ალანიას" გადაეცა", – წერს კომისია საკუთარ დასკვნაში.
საგამოძიებო კომისიამ ასევე მოუსმინა "ალანიას" დამფუძნებელს მამუკა თათოშვილს, რომლის ინიციატივით სხდომა დაიხურა. საგამოძიებო კომისიამ ასევე მოუსმინა "ალანიას" წარმომადგენელს ალექსანდრე ფარულავას, რომელმაც როგორც დასკვნაშია აღნიშნული, იმდროინდელი ხელისუფლების "ალანიასთან" კავშირი დაადასტურა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 947
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია