დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გმობს
ავტორი:
2014/მარტი/11 17:00:02
"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა" უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული ევროპული სახელმწიფოს - უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ აგრესიას.
"რუსეთის ხელისუფლება უკრაინის შიდა საქმეებში ჯერ კიდევ კიევსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მიმდინარე სახალხო პროტესტის დროს ჩაერია. რუსული ძალოვანი სტრუქტურები, მრჩევლები და კონსულტანტები, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები, უშუალოდ მონაწილეობდნენ ანტისაპროტესტო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
რუსეთის ფედერაციამ არ სცნო უკრაინის ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობა და აამუშავა პროპაგანდისტული მანქანა, რომელმაც ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში რუსული ეთნიკური სეპარატიზმი გააღვივა. რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა სეპარატისტულად განწყობილმა ძალებმა ამ რეგიონებში სახელმწიფო დანიშნულების დაწესებულებები დაიკავეს. ყირიმში ახლად არჩეულმა უმაღლესმა საბჭომ და მისმა ახალმა ლიდერმა, უკრაინის სახელმწიფოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით დაიმორჩილა იქ არსებული ძალოვანი სტრუქტურები, გამოაცხადა სრული სუვერენიტეტი და დანიშნა რეფერენდუმი ყირიმის უკრაინის შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე. პარალელურად, მიუხედავად "ძალადობისა და ტირანიის" ფაქტების არარსებობისა, რუსული სამხედრო ქვედანყოფების ხელშეწყობითა და მონაწილეობით, სახელმწიფო და სამხედრო დანიშნულების ობიექტების კონტროლი ყირიმში ჯერ კიდევ 21 თებერვლიდან ხორციელდებოდა რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 2014 წლი 1 მარტს დართო ნება რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად "შეზღუდული კონტინგენტის" შეყვანაზე. სათათბიროს ეს დადგენილება რუსეთის არმიას სუვერენული უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების წარმოების უფლებას ანიჭებს. პასუხად, უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა საბრძოლო მზადყოფნა და საყოველთაო მობილიზაცია. შექმნილი ვითარება ძალზე წააგავს 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში რუსეთის მზადებას, რასაც საქართველოს მიმართ აგრესია და მისი ტერიტორიების ოკუპირება მოჰყვა. თავისი ქმედებით, რუსეთის ფედერაცია არა მარტო არღვევს უკრაინის სუვერენულ უფლებებსა და მის მიერვე აღიარებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ის, ასევე, საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობას და სტაბილურობას, ზღუდავს ადამიანის უფლებებებს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მოვუწოდებთ: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებას ხმა აღიმაღლონ და სასტიკად დაგმონ რუსეთის ფედერაციის ქმედება;
რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასა და კეთილი ნების ადამიანებს სამოქალაქოპროტესტის გამოხატვით არ დაუშვან და წინ აღუდგნენ მათი ხელისუფლების თავაშვებულ პოლიტიკას, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს თვით რუსეთსაც; საქართველოს ხელისუფლებას აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხსა და მის ხელისუფლებას დახმარება ყველა შესაძლო საშუალებით, პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ჩათვლით. ასევე, მოვუწოდებთ მას დააფიქსიროს ევროკავშირთან ერთიანი პოზიცია და იმოქმედოს სრულ თანხვედრაში და კოორდინაციაში ევროატლანტიკური თანამეგობრობის პარტნიორ სახელმწიფოებთან; საერთაშორისო თანამეგობრობას გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა, რათა შეაჩეროს სუვერენულ უკრაინაში რუსეთის მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ინტერვენციისა და მისი შემდგომი ოკუპაციის, ასევე, მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ანექსიის მცდელობა, გამოიყენოს ადეკვატური სანქციები რუსეთის ხელისუფლების მიმართ;
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შეუჩეროს რუსეთს ხმის უფლება ევროპის საბჭოში და განიხილოს ორგანიზაციიდან მისი გარიცხვის საკითხი; ევროკავშირსა და ნატო-ს შეაჩერონ რუსეთთან ყველა სახის თანამშრომლობის ფორმატი - რუსეთი-ნატოს კომისიისა და ევროკავშირი-რუსეთის თანამშრომლობის საბჭოს ჩათვლით; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს განავრცონ "მაგნიცკის სია" რუსეთის სათათბიროს იმ პირებზე, რომლებმაც კენჭი უყარეს უკრაინაში რუსული ჯარების შეყვანის დადგენილებას; აღნიშნული ასევე, გავრცელდეს რუსეთის მთავრობის იმ მოხელეებზე, რომლებმაც ყალბ არგუმენტებზე დაყრდნობით შეიმუშავეს და სათათბიროს წარუდგინეს ეს დადგენილება.
"დიდი შვიდეულის" წევრ ქვეყნებს უარი უთხრან რუსეთს დიდი რვიანის სამიტის სოჭში ჩატარებაზე და შეაჩერონ ივნისში დაგეგმილი შეხვედრისათვის მზადება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს განიხილონ რუსეთისთვის ამ დროისთვის მოქმედი და დაგეგმილი პროგრამების შეჩერება უკრაინის ხელისუფლებას გააგრძელოს უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული გზა ევროკავშირისკენ, დააჩქაროს ქვეყნის სტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი სამთავრობო სტრუქტურების ფორმირება. უზრუნველყოს გაზაფხულზე დანიშნული არჩევნების გამჭვირვალე და მაღალი სტანდარტით ჩატარება", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას მხარდაჭერას 61 ორგანიზაცია უცხადებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია